♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 30)
3:23 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 30)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



მარია მხოლოდ ახლა მიხვდა, რას ელოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში და მზად იყო, მშვიდად მიეღო ყველაფერი, რასაც ბედი არგუნებდა ან წაართმევდა.
ის ბედს არ უჩიოდა, კმაყოფილი იყო იმით, რომ ასეთი ფუფუნების უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. სულ ერთია, ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დატოვებდა ამ ქალაქს. მან იცოდა, რომ ეს სიყვარული შეუძლებელია და თუ ასეა, თუ არაფერს არ ელის და არაფრის იმედი არა აქვს, მაშინ უპრიანია, მიიღოს ყველაფერი, რაც კი მისი ცხოვრების ამ მცირე მონაკვეთზე მოხდება.
რალფმა დაპატიჟა. მარიამ ხილის კოქტეილი შეუკვეთა. ბარის მეპატრონე თან ჭიქებს რეცხავდა და თან გაოგნებული უთვალთვალებდა მარიას — რატომ შეცვალა მან გადაწყვეტილება? მილანი იმედოვნებდა, რომ საქმე კოქტეილით არ შემოიფარგლებოდა და შვებით ამოისუნთქა, როცა კლიენტმა ქალი საცეკვაოდ გაიწვია. რიტუალი დაცულია, სანერვიულო არაფერია.
მარიამ წელზე პარტნიორის ხელი იგრძნო, სულ ახლოს გრძნობდა მის სახესაც და მადლობა ღმერთს, მუსიკა ისე ხმამაღლა გრიალებდა, რომ საუბარს შეუძლებელს ხდიდა. ხილის კოქტეილი ის სასმელი არ არის, რომელიც ადამიანს ათამამებს და ის რამდენიმე ფრაზა, ერთმანეთში რომ გადაცვალეს, წმინდა ფორმალური ხასიათისა იყო. ახლა კი რა? ოტელი? ლოგინი? წესით, სირთულეები არ უნდა წარმოიქმნას, რახან მხატვარს სექსი არ აინტერესებს. მარიას მხოლოდ თავისი პროფესიონალური მოვალეობების შესრულება მოუწევს და მეტი არაფერი. ეს კი ყოველგვარ გზნებას ჩანასახშივე მოსპობს — აბა, რაღას იტანჯებოდა და განიცდიდა პირველი შეხვედრის შემდეგ?!
ამ საღამოს ის მოსიყვარულე დედა იქნება, რალფ ჰარტი კი — უამრავ სასოწარკვეთილთაგან ერთ-ერთი. თუ მარია თავის როლს ღირსეულად შეასრულებს და თუ არ ასცდება „კოპაკაბანაში" მოსვლის დღიდან არჩეულ გზას, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ცუდია, რომ ეს ადამიანი ასე ახლოა: ის გრძნობს მის შეხებას და ეს მოსწონს; გრძნობს მისი ოდეკოლონის არომატს და ესეც მოსწონს. მარია თურმე ელოდა მას — აი, ეს კი სულაც არ მოსწონს.
ორმოცდახუთმა წუთმა განვლო. ყველა წესი დაცული იყო და მხატვარმა მილანს მიმართა:
— მთელი ღამით მიმყავს. სამმაგს ვიხდი.
მეპატრონემ მხრები აიჩეჩა. ისევ გაუელვა აზრმა, რომ ბრაზილიელი გოგონა კაკანათში გაება. მარია გაოცდა, არ ეგონა, რომ რალფ ჰარტს ასე კარგად ეცოდინებოდა აქაური წესები.
— ჩემთან წავალთ.
რას იზამ, ალბათ ასე ჯობია და თუმცა ეს მილანის დარიგებებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია. ჯერ ერთი, გაიგებს ცოლიანია თუ არა, მეორეც — ნახავს, თუ როგორ ცხოვრობენ სახელგანთქმული მხატვრები. მერე კი ამის შესახებ პატარა ბრაზილიური ქალაქის გაზეთში დაწერს. დაე, ყველამ გაიგოს, რომ მარია ევროპის ელიტარულ წრეებში ტრიალებდა.
„რა სულელური საბაბია".
ნახევარი საათის შემდეგ ჟენევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ კოლინიში ჩავიდნენ. ეკლესია, საფუნთუშე, მუნიციპალიტეტი — ყველაფერი წესისამებრ და ორსართულიანი სახლი, ნაცვლად ბინისა. პირველი შეფასება: მას, ალბათ, მართლაც ოხრად აქვს ფული. მეორე შეფასება: ცოლიანი რომ იყოს, ქალის სახლში მიყვანას ვერ გაბედავდა, უცხო თვალისა მოერიდებოდა.
დასკვნა: მდიდარია და უცოლო.
შევიდნენ ჰოლში, საიდანაც კიბე ადიოდა მეორე სართულზე, მაგრამ ზევით არ ასულან: რალფი სახლის უკანა ნაწილისაკენ გაეშურა. იქ ბაღში გამავალი ორი ოთახი იყო. ერთში — სასადილო მაგიდა, სურათებით დაფარული კედლები, მეორეში კი — დივანი, სავარძლები, წიგნის თაროები, ნამწვებით სავსე საფერფლეები, დიდი ხნის გაურეცხავი ჭიქები.
— შემიძლია, ყავა მოვადუღო.
მარიამ თავი გააქნია. არა, არ შეგიძლია. განსაკუთრებული მოპყრობაც არ შეგიძლია. მე ვიბრძვი საკუთარ დემონებთან, ისინი მგონი მჯობნიან. იმას ვაკეთებ, რაც ჩემს თავს მკაცრად ავუკრძალე. მაგრამ არაფერია, არაფერი... დღეს შევასრულებ მეძავის ან მეგობრის, ან სულაც მოსიყვარულე დედის როლს. თუმცა, გულის სიღრმეში შვილად ვგრძნობ თავს, რომელსაც ალერსი სჭირდება. აი მერე, როცა ყველაფერი დამთავრდება, ყავაც შეიძლება.
— იქ, ბაღის სიღრმეში, ჩემი სტუდიაა, ჩემი სული. აქ კი, ამ წიგნებსა და სურათებს შორის, ჩემი ტვინია. აქ ვფიქრობ.
მარიას თავისი ჟენევის ბინა მოაგონდა. იქ ფანჯრები ბაღს არ გადაჰყურებს. იქ არ არის წიგნები, ბიბლიოთეკიდან გამოტანილს თუ არ ჩავთვლით: რა საჭიროა ფულის ხარჯვა იმაში, რაც შეიძლება მუქთად მიიღო? სურათებიც არ არის. კედელს შანხაის აკრობატების ცირკის პლაკატი ამშვენებს, რომელთა წარმოდგენის ნახვასაც მარია მუდამ ნატრობდა.
რალფმა ვისკი შესთავაზა.
— არა, გმადლობთ.
მან თავისთვის დაისხა და ყინულისა და სოდიანი წყლის გარეშე სულმოუთქმელად დალია. მერე რაღაც საინტერესოზე ალაპარაკდა და რაც უფრო საინტერესო იყო მისი მონათხრობი, მით უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ახლა, როდესაც ისინი პირისპირ დარჩნენ, მხატვარს ეშინოდა იმის, რაც უნდა მომხდარიყო. მდგომარეობის ბატონ-პატრონი ისევ მარია გახდა.
რალფმა ისევ შეავსო თავისი ჭიქა და ისე, სხვათა შორის თქვა:
— შენ მე მჭირდები.
და დადუმდა. დიდხანს დუმდა. არა, მარიაც არ ამოიღებს ხმას. ვნახოთ, რა მოხდება.
— შენ მე მჭირდები, მარია. შენგან შუქი მოდის. დაე, გეგონოს, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ შენი შეცდენა, ტკბილი სიტყვებით მოხიბვლა მინდა. არ მკითხო: „რატომ მაინცდამაინც მე? რა ნახე ჩემში განსაკუთრებული?" დიახ, არაფერი, არაფერი ისეთი, რისი ახსნაც შემიძლია, თუნდაც საკუთარი თავისათვის. მაგრამ სწორედ ამაშია ცხოვრების საიდუმლო, შენ გარდა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია.
— ამის კითხვას სულაც არ ვაპირებ, — იცრუა მარიამ.
— ამის ახსნა რომ მსურდეს, ვიტყოდი: ჩემ წინაშე მდგარმა ქალმა შეძლო, დაეძლია ტანჯვა, გადაედნო ის და შემოქმედებით, ნათელ რამედ ექცია. მაგრამ ამით ყველაფერს ვერ ახსნი. ხოლო მე? — განაგრძობდა რალფი, — მე დაჯილდოებული ვარ შემოქმედებითი ნიჭით, ვხატავ სურათებს, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მუზეუმები იტაცებენ. ბედის ნებიერი ვარ, არასოდეს გადამიხდია ფული ქალისათვის, ჯანმრთელი ვარ, არც თუ ისე ულამაზო, მაქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება კაცმა იოცნებოს... და აი, მე ვეუბნები კაფეში გაცნობილ ქალს, რომელთანაც სულ რამდენიმე საათი მაქვს გატარებული: „შენ მე მჭირდები". იცი, რა არის მარტოობა?
— ვიცი.
— ეს სულ სხვაა. შენ არ იცი, რა არის მარტოობა, როდესაც მთელი სამყარო შენს განკარგულებაშია, როდესაც ყოველდღე იღებ მოსაწვევს პრემიერაზე, ვერნისაჟზე, მიღებაზე, როდესაც ტელეფონი არ ჩუმდება: რეკავენ ქალები და გეუბნებიან, რომ ჭკუას კარგავენ შენს ნახატებზე და შენთან ვახშმობას ნატრობენ, და ეს ქალები ლამაზები, განათლებულები და ჭკვიანები არიან, მაგრამ რაღაც ძალა გაკავებს, ყურში ჩაგჩურჩულებს: „არ წახვიდე! კარგი არაფერი იქნება. მთელი საღამოს განმავლობაში ისევ მათზე შთაბეჭდილების მოხდენას შეეცდები, მთელ ენერგიას შეალევ საკუთარი თავისათვის იმის მტკიცებას, რომ მთელი ქვეყნის დაპყრობა შეგიძლია". მაშინ სახლში ვრჩები, მივდივარ სახელოსნოში და ვეძებ შუქს, რომელიც შენში დავინახე, მისი დანახვა კი მხოლოდ მაშინ შემიძლია, როდესაც ვმუშაობ.
— რა შემიძლია მოგცე ისეთი, რაც არა გაქვს? — ჰკითხა სხვა ქალების ხსენებით ცოტათი შემცბარმა მარიამ, მაგრამ უმალ გაახსენდა: ბოლოს და ბოლოს, რალფმა ფული გადაიხადა იმაში, რომ მარია მასთან ყოფილიყო.
მხატვარმა ვისკის მესამე პორცია გადაჰკრა. მარიამაც იგივე გაიმეორა, მხოლოდ — გონებაში. წარმოიდგინა, როგორ დაუარა ალკოჰოლის მწველმა ბურთულამ მთელ ტანში და სულს მხნეობა შემატა. იგრძნო, რომ დათვრა, თუმცა ერთი წვეთიც არ დაულევია. რალფ ჰარტის ხმა ახლა უფრო მტკიცედ ჟღერდა:
— კეთილი, მე შენი სიყვარულის ყიდვა არ შემიძლია, მაგრამ შენ ამბობდი, რომ ყველაფერი იცი სექსის შესახებ. მასწავლე სექსი ან თუნდაც რა არის ბრაზილია. მასწავლე რამე ისეთი, რომ შენ გვერდით ვიგრძნო თავი.
რა უნდა უპასუხო?
— ბრაზილიაში მხოლოდ ორი ქალაქი ვიცი — ის, რომელშიც დავიბადე და რიო. რაც შეეხება სექსს, არა მგონია, რომ შეიძლება რამე გასწავლოს კაცმა. მალე ოცდასამისა ვხდები, შენ სულ რაღაც ექვსი წლითა ხარ უფროსი, მაგრამ მილიონჯერ უფრო საინტერესოდ ცხოვრობდი, ვიდრე მე. ვიცნობ მხოლოდ იმ მამაკაცებს, რომლებიც ფულს იმაში იხდიან, რომ აკეთონ ის, რაც უნდათ მათ და არა მე.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1083 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 3:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024