მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 3)
2:48 PM პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 3) |
***
მასწავლებლები ჰყვებოდნენ აფრიკაში მიმავალ მისიონერებზე და მარიამ ამაში იპოვა გამოსავალი — რაღაა მისი ცხოვრება, თუ გრძნობებისათვის ადგილი აღარ დარჩა?! მონასტერში წასვლის გეგმებს აწყობდა, თან პირველი დახმარების აღმოჩენას სწავლობდა (ამბობენ, აფრიკაში ადამიანები პანტაპუნტით იხოცებიანო), განსაკუთრებულ გულმოდგინებას ღვთისმეტყველების გაკვეთილებზე იჩენდა. წარმოიდგენდა ხოლმე, მეორე მარია ტერეზასავით როგორ გადაარჩენდა ხალხს და როგორ გაიკვლევდა გზას უღრან ტყეებში, სადაც ლომები და ვეფხვები დაძრწიან. თხუთმეტი წლის ასაკში მარიამ ერთი აღმოჩენაც გააკეთა (გარდა იმისა, რომ სიყვარულს მხოლოდ ტანჯვა მოაქვს და როგორ უნდა კოცნა გაღებული პირით) — მასტურბაცია. როგორც ყოველი აღმოჩენა, ესეც თითქმის შემთხვევით მოხდა. ერთხელ, დედის მოლოდინში, ხელი ფეხებს შორის წაივლო და ამ მიდამოების ფერება დაიწყო. ამას პატარაობაშიც აკეთებდა და ეს სიამოვნებას ანიჭებდა. მაგრამ ერთხელ მამამ წაასწრო და მაგრად გატყიპა, ისე, რომ მიზეზი არ აუხსნია. მარიამ დაასკვნა, რომ საკუთარი თავის ფერება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ვერავინ გხედავს. და რადგან შუა ქუჩაში ამის კეთებას ვერ დაიწყებდა, საკუთარი ოთახი კი არ ჰქონდა, ეს აკრძალული სიამოვნება მალევე მიივიწყა. მიივიწყა სწორედ ამ დღემდე, როცა უიღბლო კოცნიდან თითქმის ნახევარი წელი იყო გასული. დედა იგვიანებდა, საქმე არაფერი ჰქონდა, მამა მეგობრებთან ერთად სადღაც წასულიყო, ტელევიზორში საინტერესოს არაფერს უჩვენებდნენ და მოწყენილობისაგან თავისი სხეულის თვალიერება და შესწავლა დაიწყო, — ხომ არ გაეზარდა სადმე ზედმეტი ბეწვი, რომ უმალვე პინცეტით ამოეძრო. თავისდა გასაკვირად, იმ ადგილის ზემოთ, რომელსაც ეროტიკულ ჟურნალებში „სოროს" ან „ღრიჭოს" უწოდებდნენ, პატარა ბორცვი შენიშნა, შეეხო მას და ვეღარ გაჩერდა: სიამოვნება სულ უფრო მატულობდა, მთელი სხეული, განსაკუთრებით კი ის ადგილი, რომელსაც თითებით ეხებოდა, დაეძაბა, თითქოს დაებურთაო. სულ უფრო და უფრო ეჩვენებოდა, რომ სამოთხეშია, ნეტარება სულ უფრო მკვეთრი და მცხუნვარე ხდებოდა. მარიას უკვე აღარაფერი ესმოდა, თვალწინ რაღაც მოყვითალო მირაჟი ალივლივდა. და აი, ის ათრთოლდა და სიცოცხლეში პირველი ორგაზმისაგან აკვნესდა. ორგაზმი!!! მოეჩვენა, რომ მაღლა ცაში აფრინდა, მერე კი ნელ-ნელა დაეშვა ძირს. მთელ ტანზე ოფლმა დაასხა და ძალის საოცარ მოზღვავებასთან ერთად უცნაური ნეტარება განიცადა, — თითქოს რაღაც განხორციელდა, შედგა, აღსრულდა. აი, ეს არის სექსი! რა სასწაულია! არავითარი უწმაწური ჟურნალები, სადაც ამდენს ქადაგებენ არამიწიერ სიამოვნებაზე. და არავითარი კაცები! მათ მხოლოდ სხეული უყვართ ქალისა, სულში კი აფურთხებენ. შესაძლებელია, მარტომაც ისიამოვნო. მარიამ მეორედაც სცადა. ამჯერად წარმოიდგინა, რომ მას განთქმული მსახიობი ეფერებოდა — ხელახლა აფრინდა სამოთხეში და მიწაზე უფრო მეტი ენერგიით დამუხტული დაეშვა. მესამე სეანსს რომ შეუდგა, დედაც დაბრუნდა. თავისი აღმოჩენა მეგობარ გოგონებს გაანდო, თუმცა დამალა, რომ ეს სულ რამდენიმე საათის წინ გააკეთა. ყველამ, ორის გამოკლებით, უსიტყვოდ გაუგო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ამაზე აშკარად ლაპარაკს ვერ ბედავდა. მარიამ თავი ლიდერად იგრძნო და ახალი თამაში — „იდუმალის გამჟღავნება" მოიფიქრა: თითოეულ მათგანს უნდა მოეყოლა მასტურბაციის საყვარელი ხერხის შესახებ. და მარიამ რამდენიმე ახალი მეთოდი გაიგო: ერთმა სიცხეში საბანქვეშ ურჩია ამის გაკეთება (მისი თქმით, ოფლი ამისათვის მისწრებაა), მეორე ბატის ბუმბულს იყენებდა იმ ადგილებში შესაღიტინებლად (რა ექვა ამ ადგილს, მან არ იცოდა), მესამემ შესთავაზა, ბიჭისათვის მიენდოთ ამის გაკეთება (მარიამ ეს სავსებით ზედმეტად მიიჩნია), მეოთხე ბიდეს აღმავალ წყლის ჭავლს ამჯობინებდა (მარიას სახლში ბიდეს შესახებ არც კი სმენოდათ, მაგრამ ის ხშირად დადიოდა სტუმრად მდიდარი მეგობრების სახლებში, ასე რომ, ადგილი ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოჩნდებოდა). ასეა თუ ისე, შეიტყო თუ არა მასტურბაციის შესახებ და გამოსცადა კიდეც ზოგიერთი იმ მეთოდთაგანი, რომლებიც მეგობარმა გოგონებმა გაანდვეს, მარიამ სამუდამოდ უარყო ფიქრი მონასტერში წასვლაზე. ეს ხომ ნეტარებას ანიჭებდა, ეკლესია კი სექსსა და ხორციელ სიამეს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს. იმავე მეგობარი გოგონებისაგან მოისმინა ყოველგვარი საშინელებანი: ონანიზმისაგან სახეზე მუწუკები ჩნდება, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო, შეიძლება დაფეხმძიმდე კიდეც. და ასეთი რისკის ფასად მარია აგრძელებდა საკუთარი თავის დასაჩუქრებას კვირაში ერთხელ მაინც, როგორც წესი, ხუთშაბათობით, როცა მამა მეგობრებთან ბანქოს სათამაშოდ მიდიოდა. ამავდროულად, სულ უფრო ნაკლებად თავდაჯერებული ხდებოდა კაცებთან და სულ უფრო მეტად ოცნებობდა მშობლიური ქალაქიდან წასვლაზე. მარიას მესამედაც შეუყვარდა, მერე მეოთხედაც, ისწავლა კოცნა. ბიჭებთან პირისპირ დარჩენისას ბევრის უფლებას აძლევდა მათაც და საკუთარ თავსაც, მაგრამ ყოველთვის, მისი რაღაც შეცდომის გამო, რომანი სწორედ იმ მომენტში წყდებოდა, როცა მარია საბოლოოდ რწმუნდებოდა, რომ ეს სწორედ ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა. დიდი დრო გავიდა, სანამ დაასკვნიდა, რომ მამაკაცებს მოაქვთ მხოლოდ ტანჯვა, წამება, გულგატეხილობა და იმის განცდა, რომ დღეები ნელა მიიზლაზნება. ერთ მშვენიერ დღეს პარკში დაინახა, როგორ ეთამაშებოდა ახალგაზრდა ქალი თავის ორი წლის ბიჭუნას და გადაწყვიტა: შეუძლია, იოცნებოს ქმარზე, შვილებსა და სახლზე ზღვის პირას, მაგრამ არაფრისდიდებით აღარავის შეიყვარებს, რადგან გატაცება მხოლოდ აფუჭებს ყველაფერს.
|
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ |
ნანახია: 1064 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|