♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 28)
3:21 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 28)



რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


რამდენიმე საათით ადრე კი მე შევედი კაფეში, გავიგონე, როგორ მიხმობდა ვიღაცის უცნობი ხმა და — თითქოს თვით უფალმა ღმერთმა ისროლა კენჭი. დენმა გაიარა ჩემსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც კუთხეში დაჩოქილიყო და ისე ხატავდა. მან იგრძნო კენჭით გამოწვეული რხევები. მეც ვიგრძენი ეს. ახლა რა?
მხატვარმა იცის, როგორი მოდელი სჭირდება მას. მუსიკოსმა იცის, რამდენად კარგად არის აწყობილი მისი ინსტრუმენტი. ვავსებ ამ დღიურს და ვაცნობიერებ, რომ მასში არსებობს ფრაზები, რომლებიც ჩემ მიერ კი არ არის დაწერილი, არამედ იმ ქალის მიერ, რომლისგანაც ის ყბადაღებული „შუქი" მომდინარეობს, სწორედ იმ ქალის მიერ, რომელიც მე ვარ, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ ვირწმუნე.
შეიძლება შემდგომშიც ვერ ვირწმუნო ან შეიძლება იმ ტბაში მოცურავე იხვივით გავიხარო, გავმხიარულდე იმით, რომ საიდანღაც გამომტყვრალმა კენჭმა წყლის ზედაპირის უძრაობა დაარღვია.
ამ კენჭს სახელი აქვს და ეს სახელია „ვნება", რომლის წყალობითაც შესაძლებელია იმის გადმოცემა, თუ რა მშვენიერია ელვა, ორ ადამიანს შორის გაკლაკნილი, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს როდია. საქმე იმის რწმენაა, რომ ოცნება ასრულდება და შენ რაღაც შეუცნობლისა და მოულოდნელის წინაშე აღფრთოვანდები და ყველაფერს გზნებით გააკეთებ. ვნება მუდამ რაღაცას გვანიშნებს. ამ ნიშნებს მივყავართ ცხოვრების გზაზე და ჩვენი საქმეა, შევიცნოთ ისინი.
მინდა მჯეროდეს, რომ შეყვარებული ვარ. შეყვარებული მასზე, ვისაც არ ვიცნობ, ვის მიმართაც არავითარი სამომავლო გეგმები არა მაქვს. თავშეკავებისა და სიყვარულის უარყოფის მთელმა ამ თვეებმა უკუეფექტი გამოიწვია, გულმა პირველივე შემხვედრისაკენ გამიწია, იმისკენ, ვინც ყურადღება მომაქცია, ოღონდ არა ისე, როგორც სხვები მაქცევდნენ.
კიდევ კარგი, მისი ტელეფონის ნომერი არ ჩავიწერე, არც მისი მისამართი ვიცი და ისე შემიძლია დავკარგო, რომ საკუთარი თავი შანსის დაკარგვაში არ დავადანაშაულო.
და თუ სწორედ ასე მოხდა, თუ შანსი დავკარგე, ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ბედნიერი დღე. გაიხსენე, მარია, როგორია ჩვენი სამყარო და მიხვდები: თუნდაც ერთი ბედნიერი დღეE — ეს თითქმის სასწაულია.

საღამოს, როცა მარია „კოპაკაბანაში" მივიდა, მხატვარი, ერთადერთი კლიენტი, უკვე იქ ელოდა. მილანი, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა ამ ბრაზილიელი გოგონას ცხოვრებას, მიხვდა, რომ მარიამ ბრძოლა წააგო.
— დალევ?
— მე აქ ვმუშაობ და სამუშაოს დაკარგვა არ მინდა.
— მე კი კლიენტი ვარ და გეკითხები, შეიძლება, დაგპატიჟო?
ეს ადამიანი, ასე თამამად რომ ეჭირა თავი, ასე მოხერხებულად რომ ხმარობდა ფუნჯს, უშუალო ურთიერთობა რომ ჰქონდა სახელოვან ადამიანებთან, ბარსელონაში საკუთარი აგენტი რომ ჰყავდა და, ეტყობა, დიდ ფულსაც აკეთებდა, ახლა სუსტი და სრულიად დაუცველი ეჩვენა: ის სხვა გარემოში მოხვდა, „კოპაკაბანა" სულაც არ იყო რომანტიკული ბარი წმინდა იაკობის ქუჩაზე. ხიბლი გაიფანტა.
— აბა, რას იტყვი, შეიძლება დაგპატიჟო?
— სხვა დროს, დღეს უკვე დაკავებული ვარ.
მილანი, რომელმაც ფრაზის ბოლოს მოჰკრა ყური, მიხვდა, რომ მოტყუვდა — არა, ამ გოგოს ვერ შეაცდენ სიყვარულის დაპირებებით, ის არ გაებმება დაგებულ მახეში. მიუხედავად ამისა, მთელ საღამოს იმაზე იმტვრევდა თავს, რატომ არჩია მარიამ ვიღაც ბებრუხანა, უბრალო მოანგარიშე და სადაზღვევო აგენტი.
თუმცა, ეს მისი საქმეა. საკომისიოს იხდის? იხდის. ჰოდა, თვითონ გადაწყვიტოს, ვისთან დაწვეს და ვისთან — არა.
ჩანაწერი მარიას დღიურში, ბებრუხანასთან, უბრალო მოანგარიშესთან და სადაზღვევო აგენტთან გატარებული ღამის შემდეგ:

რა უნდა ჩემგან ამ მხატვარს? განა არ იცის, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა კულტურას, სხვადასხვა სქესს ვეკუთვნით? მას, ალბათ, ჰგონია, რომ მე მეტი ვიცი ნეტარების შესახებ, ვიდრე მან, და უნდა, რამე ისწავლოს ჩემგან.
რატომ არაფერი მითხრა, გარდა ამისა: „მე კლიენტი ვარ"? განა ძნელი იყო, ეთქვა: „უშენოდ მოვიწყინე" ან „რა მშვენიერი დღე გავატარეთ ერთად". და მეც, ნამდვილი პროფესიონალი, ასეთივე ყაიდის პასუხს გავცემდი. თუმცა, ის ვალდებული იქნებოდა, მიმხვდარიყო ჩემს დაბნეულობას, მე ხომ სუსტი ქალი ვარ, აქ კი — „კოპაკაბანაში" — სულ სხვა ადამიანი ვხდები.
ის მამაკაცია, თანაც მხატვარი. ამიტომ არ შეიძლება, არ იცოდეს, რომ ყოველი ადამიანის უდიდესი მიზანი სიყვარულის შეცნობაა. სიყვარული სხვაში კი არა, ჩვენშია და ჩვენ თვითონ ვაღვიძებთ მას საკუთარ თავში. ხოლო იმისათვის, რომ სიყვარული გავაღვიძოთ, საჭიროა სწორედ ის სხვა. სამყარო აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როცა ჩვენი გრძნობების ვინმესთვის გაზიარება შეგვიძლია.
ის სექსმა დაღალა? მეც. და მიუხედავად ამისა, არც მან და არც მე არ ვიცით, რა არის ეს სინამდვილეში. სიკვდილის დროს ჩვენ ვკარგავთ იმას, რაც, შესაძლოა, ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია ამქვეყნად. და განა მე იმისთვის არა ვარ მოვლენილი, რომ ვიხსნა რალფი და მან მიხსნას მე? მაგრამ მან არჩევანი არ დამიტოვა.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 980 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 0:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024