♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 27)
3:21 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 27)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


და სწორედ ამიტომ მარიამ კითხვის დასმა გაბედა. ახლა იგი უკვე ყველას ყველაფერს ეკითხებოდა. თავიდან მხატვარმა დუმილი ამჯობინა, სიტყვას ბანზე უგდებდა, მაგრამ ქალმა მშვენივრად იცოდა, როგორ უნდა გაეტანა თავისი მამაკაცთან და მიაღწია კიდეც საწადელს. კაცმა უამბო, რომ ოცდაცხრა წლისამ უკვე ორჯერ მოასწრო ქორწინება (განა რეკორდი არ არის?!), რომ ბევრს მოგზაურობდა, იცნობს მეფეებსა და კინოვარსკვლავებს, რომ დაიბადა ჟენევაში, ცხოვრობდა მადრიდში, ამსტერდამში, ნიუ-იორკში და ტარბში, საფრანგეთის სამხრეთის პატარა ქალაქში, რომელიც არც ერთ გზამკვლევში არ არის აღნიშნული, მაგრამ ძალიან უყვარს, რადგანაც მთების ძირში მდებარეობს და საოცრად გულითადი ხალხით არის დასახლებული. მისი ნიჭი ოცი წლის ასაკში გამომჟღავნდა. ერთი მსხვილი კოლექციონერი, როგორც ახლა ამბობენ, „არტ-დილერი", მის მშობლიურ ქალაქში აღმოჩნდა და სადილად შემთხვევით შეუვლია იაპონურ რესტორანში, სადაც სწორედ ამ ჰარტის ნამუშევრები იყო გამოფენილი. მას მერე მან დიდი ფული იშოვა, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე იყო და შეეძლო ის ეკეთებინა, რაც უნდოდა. წასულიყო იქ, სადაც მოეპრიანებოდა, შეხვედროდა იმას, ვინც მოესურვებოდა. გამოცდილი ჰქონდა ყველა სიამე, საკუთარ თავს უარს არაფერზე არ ეუბნებოდა და მიუხედავად სახელისა, ფულისა, ქალებისა და მოგზაურობისა, მაინც ვერ იპოვა ბედნიერება. მხოლოდ ერთადერთი რამ ახარებდა ამ ცხოვრებაში — სამუშაო.
— ქალებმა ტანჯვა მოგაყენეს? — დაინტერესდა მარია და მაშინვე მიხვდა, რომ სრულიად იდიოტური შეკითხვა დასვა, რომელიც ალბათ ამოკითხული ჰქონდა ცნობარში „ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს ქალმა, რათა მამაკაცის გული დაიპყროს".
— არასოდეს. ორივე ცოლთან ძალიან ბედნიერი ვიყავი. ისინი მე მღალატობდნენ, მე — იმათ, როგორც ნორმალურ ცოლქმრობაშია მიღებული. მერე კი ცოტა ხანი გამოხდა და სექსი უკვე აღარ მაინტერესებდა. მე ისევ მიყვარდა, ზოგჯერ ცხოვრების თანამგზავრი მაკლდა, მაგრამ სექსი... ერთი მითხარი, სექსზე რატომ დავიწყეთ ლაპარაკი?
— იმიტომ, რომ მე, როგორც მოგეხსენება, მეძავი ვარ.
— ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერია. მერე რა, რომ მხატვარი ვარ და საკმაოდ ადრე მივაღწიე წარმატებას, — ეს იშვიათად ხდება, — თანაც ფერწერაში, რაც კიდევ უფრო იშვიათია. შემიძლია ვხატო, როგორც მომეპრიანება და ჩემი ტილოები ძვირად გავყიდო, დაე, იხმაურონ კრიტიკოსებმა — ისინი ხომ დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ მათ ესმით, რა არის ხელოვნება. ხალხს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი და რაც უფრო დიდხანს ვდუმვარ, მით უფრო ჭკვიანი ვჩანვარ.
ჰარტი ისევ განაგრძობდა საკუთარ თავზე თხრობას: ყოველ კვირას რომელიმე ქვეყანაში იწვევენ რაღაც ღონისძიებაზე. ჰყავს აგენტი ბარსელონაში — იცი, ეს სად არის? დიახ, ესპანეთში. და სწორედ ეს აგენტი — სხვათა შორის, ქალია — დაკავებულია ყველაფრით, რაც შეეხება ჰონორარებს, მიწვევებს, გამოფენებს, ვერნისაჟებს. და არასოდეს აძალებს იმის კეთებას, რაც მას არ სურს, ვინაიდან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ბაზარზე გარკვეულ სტაბილურობას მიაღწიეს.
— აბა, რას იტყვი, საინტერესო ისტორიაა? — მისი ხმა არადამაჯერებლად ჟღერდა.
— უფრო არატიპურია. ბევრი, ძალიან ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას.
ახლა რალფმა მოისურვა, რაიმე გაეგო მარიას შესახებ.
— მე, ცოდვაში არ ჩამითვალო, სამსახოვანი ვარ. ყოველთვის იმ სახეს ვაჩენ, რომელიც ჩემს მოსაუბრეს სჭირდება: ხან მიამიტი გოგო ვარ, რომელიც აღფრთოვანებით უყურებს მამაკაცს, თითქოს შეძრულია მისი ძალაუფლებით, მისი დიდებით. ხან საბედისწერო ქალი ვარ, რომელიც თავს ესხმის მორიდებულ მამაკაცებს, თავის თავზე იღებს ინიციატივას, ისე, რომ მათ უკვე აღარაფრის გაკეთება, აღარაფერზე ზრუნვა აღარ უწევთ. ხანაც მოსიყვარულე დედა ვარ, რომელიც ზრუნავს იმათზე, ვისაც მისი რჩევა სჭირდება და მოთმინებით ისმენს ყველა ისტორიას, თუნდაც ეს სულაც არ აინტერესებდეს. ამ სამიდან რომლის გაცნობა გსურს?
— შენი.
და მარიამ ყველაფერი მოუთხრო. ეს ძალიან სჭირდებოდა მას, რადგან სამშობლოდან წამოსვლის შემდეგ პირველად გადაუშალა ვიღაცას გული. მან შენიშნა, რომ თუმცა არც ისე ჩვეულებრივ ხელობას მისდევდა, მაინც მის ცხოვრებაში ისეთი არაფერი მომხდარა, რისი გახსენებაც ღირდა, თუ არ ჩავთვლით რიოში გატარებულ კვირას და პირველ თვეს შვეიცარიაში. სახლი — სამსახური, სამსახური — სახლი... და სხვა არაფერი.
როცა თხრობა დაასრულა, ისინი ისევ კაფეში აღმოჩნდნენ, მაგრამ უკვე ქალაქის მეორე ბოლოში, წმინდა იაკობის გზიდან მოშორებით და თითოეული მათგანი იმაზე ფიქრობდა, თუ რა მოუმზადა ბედმა მის შემთხვევით თანამგზავრს.
— შენ რამე გადარდებს? — ჰკითხა მარიამ.
— ჰო. მიჭირს შენთან დამშვიდობება.
მარიაც იმავეს განიცდიდა. ეს დღეE სულ არ ჰგავდა სხვა დანარჩენ დღეებს. აფორიაქებული და შეწუხებული ჩანდა. კარი გაიღო და აღარ იცოდა, როგორ დაეკეტა.
— ნახატს როდის მაჩვენებ?
რალფმა თავისი ბარსელონური აგენტის სავიზიტო ბარათი გაუწოდა.
— ნახევარი წლის შემდეგ. თუ ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ იქნები ბრაზილიაში, ამ ნომერზე დარეკე. „ჟენევის სახეები", სადაც გამოსახული იქნებიან სახელოვანი და უცნობი ადამიანები, პირველად ბერლინის სამხატვრო გალერეაში გამოიფინება, შემდეგ — მთელ ევროპაში.
მარიამ გაიხსენა თავისი კალენდარი, გამგზავრებამდე დარჩენილი ოთხმოცდაათი დღე, და ისიც, თუ რა სახიფათოა მისთვის ნებისმიერი გრძნობა, ნებისმიერი კავშირი.
„რა არის უფრო მთავარი — იცხოვრო თუ ითვალთმაქცო, რომ ცხოვრობ? გარისკო და უთხრა, რომ დღევანდელი დღე ყველაზე მშვენიერია იმ დღეებს შორის, რაც კი ამ ქალაქში გაუტარებია? მადლობა გადაუხადო მოსმენისათვის, გულისხმიერებისათვის? თუ ისევ ძლიერი ნებისყოფის, „განსაკუთრებული შუქით" მოსილი ქალის ჯავშანში ჩაიკეტო და, უბრალოდ, წახვიდე?
ბედნიერი იყო, სანამ წმინდა იაკობის გზაზე მიდიოდა, სანამ საკუთარ თავზე ყვებოდა. ჰოდა, ამას დასჯერდი, ეს ხომ ისედაც ბედის საჩუქარია.
— მე მოვალ შენთან, — თქვა რალფ ჰარტმა.
— არა ღირს. მალე ბრაზილიაში მივემგზავრები. იმაზე, რაც იყო, მე და შენ აღარაფერი გვაქვს დასამატებელი.
— მე მოვალ, როგორც კლიენტი.
— ეს ჩემთვის დამამცირებელი იქნება.
— მე მოვალ იმისათვის, რომ შენ გადამარჩინო.
ჯერ კიდევ საუბრის დასაწყისში ახსენა მხატვარმა, რომ სექსი არ აინტერესებს. მეცო, სურდა ეპასუხა მარიას, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ახსოვდა, რომ დუმილი ოქროა.
რა გულსატკენი ამბავია. ისევ მოვიდა მასთან ბიჭი, ოღონდ ამჯერად კალამს კი არა, ცოტაოდენ ურთიერთობას სთხოვდა. მარიამ თვალი გადაავლო თავის წარსულს და ცხოვრებაში პირველად არ გაკიცხა საკუთარი თავი. მარია კი არ არის დამნაშავე, არამედ ის ბიჭი, რომელიც იმდენად მორიდებული იყო, რომ პირველივე ცდის შემდეგ უკან დაიხია. მაგრამ ისინი ხომ ბავშვები იყვნენ, ბავშვები კი ყოველთვის ასე იქცევიან. ასე რომ, არავინ არ არის დამნაშავე — არც მარია და არც ის. მარიამ უზარმაზარი შვება იგრძნო და მაშინვე კარგ ხასიათზე დადგა. მას ხელიდან არ გაუშვია ცხოვრებაში პირველი შანსი. ეს ყველას ემართება, სწორედ ასე ეძებს ადამიანი თავის მეორე ნახევარს. სხვაგვარად არ ხდება.
თუმცა, ახლა ყველაფერი სწორედ რომ სხვაგვარადაა. რა მიზეზებიცა და არგუმენტებიც არ უნდა მოიყვანოს, რა დამაჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ისინი (ბრაზილიაში ვბრუნდები, კლუბში ვმუშაობ, ჩვენ ვერ მოვასწრებთ ერთმანეთის ხეირიანად გაცნობას, სექსი არ მაინტერესებს, სიყვარულის გაგონებაც არ მინდა, ფაზენდას უნდა გავუძღვე, ფერწერისა არაფერი გამეგება, ჩვენ სხვადასხვა სამყაროდან ვართ), ცხოვრება გამოწვევას სთავაზობს. ის უკვე აღარ არის ბავშვი, არჩევანი უნდა გააკეთოს და გამოწვევა მიიღოს.
მარიამ გადაწყვიტა, საერთოდ არაფერი ეთქვა. ხელი ჩამოართვა, როგორც აქ, შვეიცარიაშია მიღებული, და შინისაკენ გაემართა. თუ მხატვარი ისეთია, როგორიც სურს, რომ იყოს, მას დუმილი არ დააფრთხობს.
იმავე დღის ჩანაწერი მარიას დღიურში:

დღეს, როდესაც ტბის ნაპირას, წმინდა იაკობის ამ უცნაურ გზაზე ვსეირნობდით, ჩემმა თანამგზავრმა (ის მხატვარია, სხვა სამყაროს ნაწილი) წყალში კენჭი ისროლა. წყლის ზედაპირზე წრეები გაჩნდა, რომლებიც თანდათან ისე გაფართოვდა და გადიდდა, რომ იხვამდე მიაღწია, რომელიც იქ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა და ამ კენჭთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. და აი, იმის მაგივრად, რომ ამ იხვს საიდანღაც მოვლენილი ტალღების შეშინებოდა, მათთან თამაში დაიწყო.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1189 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 0:49 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024