♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 23)
3:15 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 23)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

„გამარჯობა, მარია, როგორა ხარ, ვერა მცნობ?" — ჰკითხავს ის. მარია კი, თითქოს ვერ გაიხსენაო, უპასუხებს: „არა, რაღაც არ მახსენდები", იტყვის, რომ მთელი წელი ევ-რო-პა-ში გაატარა (სწორედ ასე იტყვის — ნელა და დამარცვლით, რათა მისმა ყველა კოლეგამ გაიგონოს). არა, უმჯობესია ასე: „შვე-ი-ცა-რი-ა-ში" (ეს უფრო ეგზოტიკური და რომანტიკული იქნება, ვიდრე „საფრანგეთში"), სადაც, როგორც ცნობილია, მსოფლიოში საუკეთესო ბანკებია.
„მაპატიეთ, თქვენ... ვინ ბრძანდებით?" — იკითხავს თავის მხრივ მარია. ის უპასუხებს, რომ სკოლაში ერთად სწავლობდნენ. „ჰოო, — იტყვის მარია, — თითქოს რაღაც მახსენდება", — და თავს ისე მოაჩვენებს, თითქოს ამას ზრდილობის გულისთვის ამბობს. აი, ისიც, ნანატრი შურისძიების განხორციელება. მერე ის გულმოდგინედ იმუშავებს და როცა საქმე აეწყობა, ამქვეყნად ყველაზე მთავარის — ნამდვილი სიყვარულის — ძებნას შეუდგება, იმ ერთადერთი მამაკაცის ძებნას, რომელიც მას მთელი ამ ხნის განმავლობაში ელოდა და რომლის გაცნობა, უბრალოდ, ვერ მოასწრო.
მარიამ თავიდან ამოიგდო წიგნის დაწერის იდეა, რომელსაც „თერთმეტ წუთს" დაარქმევდა. ახლა მთელი ძალები მომავლის უზრუნველყოფას უნდა მოახმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამგზავრების გადადება მოუწევს, ეს კი უზარმაზარი რისკია.

იმ დღეს, სადილის შემდეგ, მარიამ თავის საუკეთესო და ერთადერთ მეგობარს — ბიბლიოთეკარს — მიაკითხა და სთხოვა წიგნები მეცხოველეობაზე და ფერმერობაზე. ის, თავის მხრივ, გამოუტყდა მარიას:
— იცით, როდესაც რამდენიმე თვის წინ ჩვენთან ეძებდით წიგნებს სექსის შესახებ, ცოტა შევშფოთდი. რამდენ ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას უჩნდება იოლად ფულის შოვნის ილუზია. მათ ავიწყდებათ, რომ როდისმე დაბერდებიან და მაშინ კი ვეღარ შეხვდებიან თავის ერთადერთ რჩეულს.
— თქვენ პროსტიტუციას გულისხმობთ?
— ეს, ვგონებ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.
— მე ხომ გითხარით, რომ ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც ხორცის ექსპორტ-იმპორტით არის დაკავებული. და მაინც, დავუშვათ და მეძავი გავმხდარიყავი, ნუთუ შედეგები ასე სერიოზული იქნებოდა? ნუთუ არ შეიძლება შეჩერება, დროულად თავის დანებება? ბოლოს და ბოლოს, ყმაწვილობისას ვის არ დაუშვია შეცდომები?
— ყველა ნარკომანი ასე ამბობს: „საჭიროა დროულად თავის დანებება", — მაგრამ ჯერ არავის გამოსვლია ეს.
— გეტყობათ, ახალგაზრდობაში ძალზე ლამაზი იყავით... თქვენ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს თავის მოქალაქეებს... მაგრამ ეს საკმარისია, რომ თავი ბედნიერად იგრძნო?
— მე ვამაყობ იმით, რომ გადავლახე ყველა წინაღობა ჩემს გზაზე, — თქვა ბიბლიოთეკარმა და ოდნავ შეყოვნდა, ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა. დიახაც, მისი ისტორია ამ გოგონასათვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.
— მე ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ვსწავლობდი ბერნის ერთ-ერთ საუკეთესო გიმნაზიაში, მერე გადავედი ჟენევაში, ვიშოვე სამსახური და ცოლად გავყევი კაცს, რომელიც შემიყვარდა. ყველაფერს ვაკეთებდი მისთვის, ის კი — ჩემთვის, მაგრამ დრო გადიოდა და მას პენსიაზე გასვლა მოუწია. და მაშინ, როცა მას მიეცა საშუალება, ყველაფერი ეკეთებინა, რაც მოეპრიანებოდა, მე შევნიშნე, რომ მას თვალები დღითიდღე უფრო ნაღვლიანი უხდებოდა. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე თავის თავზე არასოდეს უფიქრია. ჩვენ სერიოზულად არასოდეს გვიჩხუბია, წყნარად ვცხოვრობდით, ქარიშხლებისა და კატაკლიზმების გარეშე. ის არასოდეს მღალატობდა, ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდა. ჩვენ ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობდით — იმდენად ნორმალურით, რომ სამუშაოს გარეშე თავი ყველასათვის უსარგებლოდ, უმაქნისად, არარაობად იგრძნო... ერთი წლის თავზე იგი კიბოთი გარდაიცვალა.
„ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს გოგონაზე", — შეშფოთდა ბიბლიოთეკარი.
— ასეა თუ ისე, უმჯობესია, ცხოვრებამ უსიამოვნო სიურპრიზები არ შემოგთავაზოს, — დასძინა მან, — გამორიცხული არ არის, ჩემი ქმარი გაცილებით ადრე გარდაცვლილიყო, უფრო გაჯერებული ცხოვრებით რომ გვეცხოვრა.
მარია სახლიდან საადგილმამულო მეურნეობის მართვის სახელმძღვანელოს შოვნის განზრახვით გამოვიდა. თავისუფალი დრო ბევრი ჰქონდა და ამიტომ გასეირნება გადაწყვიტა. ქალაქის ზემო ნაწილში მისი ყურადღება მიიპყრო აბრამ მზის გამოსახულებითა და წარწერით „წმინდა იაკობის გზა". რა არის ეს? ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ბარი შენიშნა. მარია შევიდა ბარში და ვინაიდან ჩვეულებად ჰქონდა ცნობისმოყვარეობის უმალ დაკმაყოფილება, დახლთან მდგომ გოგონას ჰკითხა.
— წარმოდგენა არა მაქვს, — უპასუხა მან.
ეს ფეშენებელური უბანი იყო და ფინჯანი ყავა აქ სამჯერ მეტი ღირდა, მაგრამ რაკი შევიდა და თან ფულიც საკმაოდ ჰქონდა, ყავა შეუკვეთა და გზად ნაყიდი ცნობარების ფურცვლას შეუდგა. პირველი წიგნი გადაშალა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, გული ვერ დაუდო, საშინლად მოსაწყენი რამ იყო, გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ამაზე რომელიმე კლიენტთან ესაუბრა. მათ ყოველთვის იციან კაპიტალის დაბანდებისა და გაზრდის საუკეთესო ხერხები. მარია ადგა, ფული გადაიხადა, ოფიციანტს მადლობა გადაუხადა, ფეხის ქირაც ბლომად დაუტოვა (ამ მხრივ მარია ცრუმორწმუნე იყო, სჯეროდა: ვინც უხვად გასცემს, უხვადაც მიიღებს), კარისაკენ გაემართა და უცებ, ისე, რომ არც უფიქრია, რა მნიშვნელოვანი იყო ეს წამი, გაიგონა ფრაზა, რომელმაც შეცვალა მთელი მისი გეგმები, მთელი მისი მომავალი, მისი წარმოდგენა ბედნიერებაზე, მისი სული და ქალური არსი, მისი დამოკიდებულება მამაკაცისადმი, მისი ადგილი სამყაროში.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1169 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 5:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024