♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 2)
2:48 PM
პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 2)


* * *
გავიდა სამი წელი. მარია სწავლობდა მათემატიკასა და გეოგრაფიას, უყურებდა სერიალებს, სკოლაში პირველად გადაფურცლა უხამსი ჟურნალები და გაიჩინა დღიური, სადაც წერდა თავის ერთფეროვან ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდოდა ეხილა თოვლი და ოკეანე, ჩალმიანი ადამიანები, ძვირფასეულობებით მორთული ელეგანტური ქალბატონები — მოკლედ, ყველაფერი, რასაც ტელევიზორში უჩვენებდნენ და რასაც გაკვეთილებზე ჰყვებოდნენ. მაგრამ, რადგან მხოლოდ ოცნებით ვერაფერს გახდები, მით უფრო, როცა დედა მკერავი გყავს, მამა კი ფარდულში მოვაჭრე, მარია მიხვდა, რომ ყველაფერს ყურადღებით უნდა დაჰკვირვებოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა. ბეჯითად შეუდგა სწავლას და ამავე დროს იმ ადამიანის ძებნას, ვინც მის ოცნებებს გაიზიარებდა. და როდესაც თხუთმეტი წლის გახდა, ერთი ბიჭი შეუყვარდა, რომელიც წმინდა კვირას, ჯვრით მსვლელობისას გაიცნო.
არა, მან აღარ დაუშვა უწინდელი შეცდომა, — ამ ბიჭს არათუ გამოელაპარაკა, დაუმეგობრდა კიდეც. ისინი ერთად დადიოდნენ კინოში და სხვადასხვა ზეიმზე. მარიამ რაღაც მსგავსებაც შენიშნა თავის პირველ გრძნობასთან: სიყვარულს უფრო მძაფრად სატრფოსთან ყოფნის დროს კი არ განიცდიდა, არამედ მაშინ, როცა ის მისგან შორს იყო. სწორედ მაშინ ენატრებოდა, დაწვრილებით იხსენებდა ერთად გატარებულ ყოველ წამს და ცდილობდა გაეგო, ყველაფერი თუ გააკეთა, ყველაფერი თუ თქვა ისე, როგორც საჭირო იყო. მოსწონდა საკუთარი თავის გამოცდილ გოგოდ წარმოდგენა, რომელმაც ერთხელ უკვე ხელიდან გაუშვა შეყვარებული, ვერ მოუფრთხილდა გატაცებას, გაიგო, რა მტანჯველია ადამიანის დაკარგვა, და ახლა გადაუწყვეტია, მთელი ძალით იბრძოლოს საყვარელი არსებისათვის, იმისათვის, რომ ცოლად გაჰყვეს მას, შვილები გააჩინოს და იცხოვროს ზღვის პირას მდებარე სახლში. დედასაც გაანდო თავისი აზრები, მაგრამ მან მხოლოდ ეს უთხრა:
— ჯერ ადრეა შენთვის, შვილო.
— კი მაგრამ, თქვენ ხომ თექვსმეტი წლისა გაჰყევით მამას.
დედამ აღარ აუხსნა, რომ მოულოდნელი ფეხმძიმობის გამო იჩქარა დაქორწინება. მხოლოდ შემოიფარგლა ფრაზით — „მაშინ სხვა დრო იყო", — და ამით ეს თემა ამოიწურა.
მეორე დღეს კი მარია და მისი შეყვარებული ახლომახლო მინდვრებში სეირნობდნენ. ამჯერად ცოტას ლაპარაკობდნენ. მარიამ ჰკითხა, ხომ არ უნდოდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. პასუხის ნაცვლად ბიჭი მოეხვია და აკოცა.
პირველი კოცნა! როგორ ოცნებობდა ამაზე! გარემოც სრულიად შესაფერისი იყო — თავს ყანჩები დასტრიალებდნენ, მზე ჩადიოდა, სადღაც შორს მუსიკა ისმოდა და უღიმღამო პეიზაჟი აღსავსე იყო ბობოქარი სილამაზით. მარიამ თავი ჯერ ისე მოაჩვენა, თითქოს ხელის კვრას აპირებდა, მაგრამ მომდევნო წამს თვითონვე მოეხვია და — რამდენჯერ უნახავს ეს კინოში, ტელევიზორში, ჟურნალებში — ტუჩებში ძალუმად ჩაეკონა. თან იდუმალ რიტმს აყოლილი თავს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ხრიდა. ზოგჯერ ბიჭის ენა მის კბილებს ეხებოდა და ეს შეუცნობელ, სასიამოვნო განცდებს ანიჭებდა.
მაგრამ უცებ ბიჭი გაჩერდა.
— შენ რა, არ გინდა?
რა უნდა ეპასუხა? არ უნდოდა? რა თქმა უნდა, უნდოდა და მერე როგორ! მაგრამ ქალი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს, თანაც თავის მომავალ ქმართან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მუდამ იფიქრებს, რომ უბრძოლველად ჩაიგდო ხელში და ყველაფერზე იოლად თანხმდება, ამიტომ მარიამ დუმილი არჩია.
ბიჭი ისევ მოეხვია, ისევ ჩაეკონა მის ტუჩებს, მაგრამ უკვე წეღანდელი მგზნებარების გარეშე და ისევ გაჩერდა ალმურმოდებული. მარია მიხვდა, რაღაც არ აეწყო, მაგრამ მოერიდა ეკითხა, სახელდობრ რა. ხელიხელჩაკიდებული უკან გამობრუნდნენ და გზად სულ სხვა თემაზე საუბრობდნენ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
საღამოს კი დიდი გაჭირვებითა და გულმოდგინებით არჩევდა დღიურში ჩასაწერ სიტყვებს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამას ოდესმე აუცილებლად წაიკითხავდნენ. ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ დღისით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა და დღიურში ჩაწერა:
როდესაც ვინმე გვიყვარს, გვეჩვენება, რომ მთელი სამყარო ჩვენკენაა. დღეს, შებინდებისას, ამაში დავრწმუნდი. მაგრამ თუ რაღაც ისე არ მოხდა, აღარაფერი გრჩება — არც ყანჩები, არც შორეული მუსიკა და არც მისი ტუჩების გემო. ასე სწრაფად სად გაქრა და გაუჩინარდა მთელი ეს სილამაზე, სულ რამდენიმე წუთის წინ ხომ ჯერ კიდევ გარს გვერტყა ყველაფერი ეს?!
ცხოვრება სწრაფია: თვალის დახამხამებაში ზეციდან პირდაპირ ქვესკნელში ვცვივდებით...
მეორე დღეს გადაწყვიტა, მეგობარ გოგონებს დალაპარაკებოდა. ხომ ყველამ დაინახა, როგორ სეირნობდა თავის შეყვარებულთან ერთად, მაგრამ შევთანხმდეთ, მხოლოდ სიყვარული, თუნდაც ძალიან დიდი, ცოტაა, ისე უნდა მოიქცე, რომ გარშემო ყველამ იცოდეს — შენ საყვარელი და სასურველი ხარ. დაქალებს სიგიჟემდე უნდოდათ გამოეკითხათ, რა და როგორ მოხდა. შთაბეჭდილებებით აფორიაქებულმა მარიამაც დაუფარავად უამბო ყველაფერი. თან დასძინა, რომ ყველაზე სასიამოვნო ის იყო, როცა ბიჭის ენა მის კბილებს ეხებოდა. ამის გაგონებაზე ერთ-ერთმა დაქალმა გადაიხარხარა.
— შენ რა, პირს არ აღებდი?
და მარიასათვის იმწამსვე ყველაფერი გასაგები გახდა — ბიჭის შეკითხვაც და მისი უეცარი წყენაც.
— რისთვის?
— სხვანაირად ენის შეყოფა შეუძლებელია.
— განსხვავება რაშია?
— არ ვიცი, როგორ აგიხსნა. უბრალოდ, როცა კოცნიან, ასე აკეთებენ.
მოგუდული ქირქილი, მოჩვენებითი თანაგრძნობა, ფარული ნიშნის მოგება გოგონებისა, რომელთაც ჯერ არავინ ჰყვარებიათ... მარიამ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და სხვებთან ერთად იცინოდა. სიცილით კი იცინოდა, მაგრამ გულში მწარედ ტიროდა და წყევლიდა კინოს, რომლის წყალობითაც ისწავლა თვალების დახუჭვა, თითების შემოჭდობა შეყვარებულის კეფაზე, თავის მიბრუნება ხან მარცხნივ, ხან — მარჯვნივ, მთავარი კი, ყველაზე მნიშვნელოვანი, იქ არ უჩვენებიათ. და მან მშვენიერი ახსნა მოიფიქრა („მე მაშინ ჯერ არ მინდოდა შენთან ნამდვილი კოცნა, რადგანაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენ ხარ ჩემი ცხოვრების მამაკაცი, ახლა კი მივხვდი...") და დაელოდა შესაფერის შემთხვევას.
სამი დღის შემდეგ კი ქალაქის კლუბში გამართულ საღამოზე თავისი შეყვარებული სწორედ იმ თავის დაქალთან დაინახა ხელჩაკიდებული, რომელმაც ეს საბედისწერო შეკითხვა დაუსვა. მარიამ ყველას ისე მოაჩვენა თავი, თითქოს მისთვის ყველაფერი ეს სულერთი იყო და გმირულად გაძლო საღამოს დასრულებამდე. მეგობრებთან კინომსახიობებსა და სხვა ცნობილ ადამიანებზე საუბრობდა და არ იმჩნევდა თანაგრძნობით აღსავსე გამოხედვებს. მხოლოდ შინ დაბრუნებულმა მისცა გრძნობებს გასაქანი — ქვეყანა დაიქცა! — ცრემლები მოერია და მთელი ღამე მწარედ ქვითინებდა. მას შემდეგ მთელი რვა თვის განმავლობაში იტანჯებოდა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იგი არ იყო გაჩენილი სიყვარულისათვის, სიყვარული კი — მისთვის. მონაზვნად აღკვეცაზეც ფიქრობდა, რომ დარჩენილი სიცოცხლე იესოს სიყვარულისათვის, ანუ იმ სიყვარულისათვის მიეძღვნა, რომელიც ტანჯვას არ მოუტანდა და გულში იარებს არ დაუტოვებდა.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1041 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 2:25 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024