♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 18)
3:10 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 18)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


მე ბედისწერის მსხვერპლი არ ვარ, — იმეორებდა ყოველ წუთს, — მე რისკის არ მეშინია, არანაირი ჩარჩოებით არ ვარ შებოჭილი, მე ვატარებ ცხოვრების იმ წუთებს, რომელთაც მერე, სიბერისას, რაგინდ უცნაურიც უნდა იყოს ეს, სიხარულითა და ნათელი გრძნობით გავიხსენებ.
დარწმუნებული იყო, რომ მასთან არავინ მივიდოდა და ხვალ ყველაფერი ეს გიჟურ სიზმრად მოეჩვენებოდა, რომლის განმეორებით ხილვასაც ვეღარასდროს გაბედავდა, ვინაიდან ყოველ წუთს სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ერთ ღამეში ათასი ფრანკის შოვნა მხოლოდ ერთხელ შეიძლება და ამიტომ უმჯობესია, აიღოს ბილეთი და ბრაზილიაში დაბრუნდეს. დრო რომ მოეკლა, მარიამ იმის ანგარიში დაიწყო, რამდენს იშოვიდნენ ეს გოგონები, თუ ერთი საღამოს განმავლობაში სამჯერ გაჰყვებოდნენ კლიენტს...
გამოდის, დღეში იმდენს იღებენ, რამდენსაც მარია ფართლეულის მაღაზიის დახლთან დგომით ორი თვის განმავლობაში გამოიმუშავებდა.
მართალია, მას ერთ ღამეში ათასი გადაუხადეს, მაგრამ ტყუილად ხომ არ ამბობენ, ახალბედებს უმართლებსო. მაგრამ მაინც ჩვეულებრივი საშუალო მეძავის შემოსავალი ბევრად მეტია იმაზე, რასაც ის აიღებდა ფრანგულის გაკვეთილებში თავის ქალაქში. ამისათვის კი მხოლოდ და მხოლოდ ისაა საჭირო, რომ განსაზღვრული დროის განმავლობაში ბარში იჯდეს, იცეკვოს და ზურგზე დაწვეს. მორჩა და გათავდა. ლაპარაკიც კი არ დასჭირდება.
ფული, რა თქმა უნდა, სტიმულია, — განაგრძობდა ფიქრს მარია, — მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ერთიც ვნახოთ, ეს ხალხი — გოგონები, მათი კლიენტები, — სხვა რამ გასახარელსაც პოულობენ? ერთიც ვნახოთ, ქვეყნიერება სულაც არ არის ისეთი, სკოლაში რომ გვიყვებოდნენ? თუ პრეზერვატივებით ისარგებლებს, არავითარი საშიშროება არ იქნება. იმისი დარდიც არ ექნება, რომ თანამემამულე იცნობს. არავინ ჩამოდის ჟენევაში იმათ გარდა, ვისაც ბანკში აქვს საქმე. ამის შესახებ ერთხელ კურსებზე მოისმინა. მაგრამ ბრაზილიელთა უმრავლესობას ყველაფერზე მეტად მაღაზიები აინტერესებს, განსაკუთრებით მაიამიში ან პარიზში... სამასი ფრანკი დღეში, კვირაში ხუთი დღე...
დიდი ფულია! მაშ, რაღას აკეთებენ აქ ეს გოგონები, თუ თვეში იმდენის მოგროვება შეიძლება, რომ მშობლებს სახლს უყიდის?! იქნებ ახლახან დაიწყეს მუშაობა?
ან იქნებ... — და მარია ამის გაფიქრებამ შეაკრთო, — იქნებ იმიტომ, რომ მათ ეს მოსწონთ?
დალევა მოუნდა, წინადღით შამპანურმა ძალიან უშველა.
— ნებას მომცემთ, დაგპატიჟოთ?
მარიამ ზევით აიხედა. მის წინ იდგა ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელიღაც ავიაკომპანიის ემბლემიანი მუქი ლურჯი ქურთუკით.
დედამიწამ ბრუნვა შეანელა. მარიას მოეჩვენა, თითქოს სხეულს მოსცილდა და თავის თავს შორიდან უცქერის. სირცხვილით იწვოდა, ლოყებზე ალმური ასდიოდა. ბოლოს თავი დაუქნია, გაუღიმა და მიხვდა, რომ ამიერიდან ცხოვრება შეუქცევლად შეიცვალა.
ხილის კოქტეილი, ზოგადი საუბრები ამინდზე, საქმიანობაზე... მე მომწონს ეს მუსიკა, თუმცა „აბბა" მირჩევნია. თქვენ ბრაზილიიდან ბრძანდებით? მიამბეთ თქვენს ქვეყანაზე, კარნავალებზე. ბრაზილიელი გოგონები ყველანი ასეთი ლამაზები არიან?
უნდა გაუღიმო და მადლობა გადაუხადო კომპლიმენტისათვის. ან იქნებ ცოტათი შეცბე. კიდევ ერთი ცეკვა. დაიჭირო მილანის მზერა, რომელიც კეფას იფხანს და თან საათზე მიგანიშნებს. ტუალეტის წყლის არომატი... უცხო სუნებთან შეგუებაც მოგიწევს, ყოველ შემთხვევაში... ტუალეტის წყლის სუნთან მაინც. ისინი ნელა ცეკვავენ ერთმანეთს ჩახუტებულები. კიდევ ერთი ხილის კოქტეილი, დრო კი მიდის. ქალი საათს დახედავს. მფრინავი ეკითხება: იქნებ ვინმეს ელოდებით? — დიახ, ერთი საათის შემდეგ მეგობრებს უნდა შევხვდე. მერე ის დაპატიჟებს ოტელში. ოტელი, ლოგინი, სამას ორმოცდაათი ფრანკი, შხაპი (მფრინავმა ინტერესით შენიშნა, რომ ადრე ასეთი რამ არ გაუსინჯავს). არა, ეს მარია არ არის, ეს სხვა არსებაა მის უგრძნობ სხეულში ჩასახლებული, მექანიკურად რომ ასრულებს ამ რიტუალს. როლი შესრულებულია. მილანმა ყველაფერი გაითვალისწინა, ყველაფერზე ესაუბრა, მხოლოდ ის არ უთქვამს, როგორ უნდა დამშვიდობებოდა კლიენტს. მარია ამბობს: „გმადლობთ". მფრინავი უწინდელ სიხალისეს კარგავს, აშკარად ეტყობა, რომ ეძინება.
გული შინისაკენ მიუწევს, მაგრამ საკუთარ თავს უნდა სძლიოს, ბარში უნდა დაბრუნდეს და მილანს ორმოცდაათი ფრანკი მისცეს. და აი, ახალი კლიენტი, კიდევ ერთი ხილის კოქტეილი, შეკითხვები ბრაზილიაზე, ოტელი, შხაპი (ამჯერად კომენტარების გარეშე), ბარში დაბრუნება, საკომისიო მეპატრონეს, რომელიც ეუბნება: დღეს გეყოფა, თავისუფალი ხარ, კლიენტი ცოტაა. მარია ტაქსის არ აჩერებს, ფეხით გაივლის მთელ ბერნის ქუჩას, თან ათვალიერებს კლუბებსა და ბარებს, საათების მაღაზიების ვიტრინებს, კუთხეში მდგარ ეკლესიას (ის დაკეტილია, როგორც ყოველთვის, დაკეტილია...). არავინ შეაგებებს მზერას. ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის.
ცივ ქუჩას მიუყვება, მაგრამ ვერ გრძნობს, რომ გაითოშა. ის არ ტირის, არ ფიქრობს იმაზე, რამდენი ფული იშოვა. შოკურ მდგომარეობაშია, მგონი, ამას „ტრანსი" ჰქვია. არიან ადამიანები, რომლებიც იმისათვის გაჩნდნენ ამქვეყნად, რომ მარტოებმა იარონ ცხოვრების გზაზე. ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს ცხოვრებაა. მარიაც მათ რიცხვს ეკუთვნის.
ძლივს მოიკრებს ძალებს და მომხდარს აანალიზებს. სულ ახლახან დაიწყო და უკვე შეუძლია, თავი პროფესიონალად ჩათვალოს, თითქოს ცხოვრებაში ამის მეტი არაფერი უკეთებიაო. საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის უცნაურ მოზღვავებას გრძნობს, კმაყოფილია იმით, რომ არ გამოიქცა. ახლა უნდა მოიფიქროს, გააგრძელებს თუ არა. თუ გააგრძელებს, საუკეთესო გახდება. ის ხომ არასოდეს არაფერში ყოფილა საუკეთესო.
მაგრამ ცხოვრებამ ჩააგონა — თან რა მალე! — რომ მხოლოდ უძლიერესი გადარჩება. ძლიერი რომ გახდეს, საუკეთესო უნდა იყოს. სხვა გზა არ არის.
ერთი კვირის შემდგომი ჩანაწერი მარიას დღიურში:
მე არ ვარ სხეული, რომელშიც სულია ჩასახული, მე ვარ სული, რომლის ნაწილი ხილულია და მას სხეული ჰქვია. მთელი ეს დღეები, — თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ ყველაფერი პირიქით იქნებოდა, — სული თავის არსებობას უფრო ძლიერად ავლენდა, ვიდრე უწინ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ის არაფერს მეუბნებოდა, არ მსაყვედურობდა, არ ვებრალებოდი, მხოლოდ მითვალთვალებდა.
და მე დღეს მივხვდი, რატომ ხდება ასე: დიდი ხანია, არ მიფიქრია იმაზე, რასაც „სიყვარული" ჰქვია. მე მგონი, სიყვარული გამირბის, თითქოს გრძნობს, რომ აქ მას სიხარულით არ ხვდებიან, რომ აქ მას არ ელიან, რომ აქ მას უგულებელყოფენ. მაგრამ თუ მე სიყვარულზე არ ვიფიქრე, არარაობად ვიქცევი.
როცა მეორე დღეს „კოპაკაბანაში" დავბრუნდი, უკვე პატივისცემით მიყურებდნენ. და მე მივხვდი, რომ ბევრი გოგონა პირველსავე საღამოს ამთავრებს თავის საქმიანობას, ბევრს არ ჰყოფნის გაგრძელების ნებისყოფა. ის, ვინც დაბრუნდება, მათთვის მოკავშირეა, მეგობარი, რადგან დაამტკიცა: მას აქვს უნარი, გაიგოს ყველა სიძნელე და მიზეზი, უფრო სწორად კი იმ მიზეზის უქონლობა, რამაც ასეთი ცხოვრება აარჩევინა.
ყველა ოცნებობს, რომ აი, მოვა ვიღაც და მასში აღმოაჩენს ნამდვილ ქალს, თანამგზავრს, სატრფოს, მეგობარს, გააღვიძებს მასში სინაზესა და ვნებას. და ყველა ახალი შეხვედრის პირველსავე წუთიდანვე ხვდება, რომ ამგვარი არაფერი იქნება.
მე უნდა ვწერო სიყვარულზე. მე უნდა ვიფიქრო, ვიფიქრო, ვწერო და ვწერო სიყვარულზე — თუ არა და, სული ვერ გაუძლებს და დაძაბუნდება.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1039 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:42 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024