♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 17)
3:09 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 17)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


— მაინცდამაინც ეს ადგილი რატომ აირჩიე?
მარიას შეეძლო, ისევ წიგნის ისტორია მოემიზეზებინა, მაგრამ ქურთები და ხუან მირო გაახსენდა და სიმართლის თქმა ამჯობინა:
— სახელის გამო. არ ვიცი, საიდან დავიწყო, ისიც არ ვიცი, საერთოდ, ღირს კი დაწყება?
გოგონა აშკარად გაოგნებული დარჩა ასეთი პირდაპირი და გულღია პასუხით. რაღაც ვისკის მსგავსი მოსვა, მუსიკას მიაყურადა და თქვა, რომ ძალიან ენატრება მშობლიური მხარე და რომ დღეს სამუშაო ბევრი არ ექნებოდათ, რადგან ჟენევის მახლობლად მიმდინარე საერთაშორისო კონგრესი დამთავრდა. მაგრამ მიხვდა, რომ მარია წასვლას არ აპირებდა და უთხრა:
— ყველაფერი ძალიან მარტივადაა, მხოლოდ სამი წესი უნდა გახსოვდეს. პირველი: არ შეიყვარო კლიენტი და ის, ვინც აქ მუშაობს. მეორე: არ დაიჯერო დაპირებები, ფული წინასწარ მოითხოვე. მესამე: არავითარი ნარკოტიკები, — ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინა, — და ახლავე დაიწყე. თუ დღეს ისე წახვალ, რომ არავის გამოიჭერ, ხვალ, ალბათ, აღარც დაბრუნდები.
მარია მხოლოდ და მხოლოდ მოკლე განმარტებას ელოდა იმის შესახებ, გამოდგებოდა თუ არა დროებითი სამუშაოსათვის, მაგრამ უმალ იგრძნო სევდისა და სასოწარკვეთის მოახლოება, რაც განუყრელად თან სდევს დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
— კარგი, დღესვე დავიწყებ.
არ გამოუტყდა, რომ გუშინ დაიწყო. გოგონა მივიდა ბარის მეპატრონესთან, რომელსაც მილანს ეძახდა. ამ უკანასკნელმა მარია მოიხმო:
— ტანსაცმლის ქვეშ რა გაცვია?
არავის არასდროს არ უკითხავს მისთვის ასეთი რამ, არც საყვარელს, არც არაბს, არც მეგობარ გოგონებს. ცოტა არ იყოს, უცნაურია. ეტყობა, ამ დაწესებულებაში ასეა მიღებული, პირდაპირ საქმეზე გადადიან.
— ცისფერი ტრუსები, — უპასუხა მან და გამომწვევად დაამატა, — ლიფს არ ვატარებ, — მაგრამ მოწონება ვერ დაიმსახურა.
— ხვალ შავ საცვლებს ჩაიცვამ და ქამარს წინდებით. ასეა საჭირო, რაც მეტი გაქვს გასახდელი, მით უკეთესია.
„კოპაკაბანა" რაღაც თავშესაფარი არ გეგონოს, ეს რიგიანი დაწესებულებაა. აქ მომსვლელი კაცები დარწმუნებული არიან, რომ შეხვდებიან მარტოხელა, თავისუფალ ქალს. თუ ვინმე მიუჯდება მის მაგიდას და გზად მას სხვა ქალი არ ჩაიგდებს ხელში (რადგან არსებობს ასეთი ცნებაც — „განსაკუთრებული კლიენტი"), მაშინ ის აუცილებლად იკითხავს:
„ნებას მომცემთ, დაგპატიჟოთ?"
ამაზე მარიას შეუძლია, დაეთანხმოს ან უარი თქვას. მას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს თავისთვის პარტნიორი, მაგრამ ღამეში ერთ „არა"-ზე მეტის თქმა მიზანშეწონილი არ არის. დასტურის შემთხვევაში მარია შეუკვეთავს ხილის კოქტეილს (ეს ყველაზე ძვირი რამაა მენიუში), არც ერთი წვეთი სპირტიანი სასმელი, და კიდევ, დაუშვებელია, კლიენტმა მის მაგივრად შეარჩიოს სასმელი.
შემდეგ მარიამ საცეკვაოდ უნდა მიიწვიოს. მუდმივი კლიენტების უმრავლესობას ყველა იცნობს (მუდმივებიც ამიტომ ჰქვიათ) და თუ „განსაკუთრებულ კლიენტებს" არ ჩავთვლით (უფრო დაწვრილებით მილანს მათზე აღარ უსაუბრია), ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. პოლიცია და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვიურად სისხლის ანალიზის აღებას მოითხოვს, რომ გოგონებმა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არ გაავრცელონ. პრეზერვატივი აუცილებელია, თუმცა იმის შემოწმებას არავინ დაიწყებს, სრულდება თუ არა ეს წესი. არავითარი სკანდალები — მილანი ცოლ-შვილის პატრონია და უფრთხილდება თავის პატიოსან სახელსა და დაწესებულების რეპუტაციას.
ის წვრილმანების ახსნას განაგრძობდა: ცეკვის შემდეგ მარია კლიენტთან ერთად მაგიდას უბრუნდება, კლიენტი კი ანაზდად ოტელში წასვლას შესთავაზებს. ჩვეული ტაქსა სამას ორმოცდაათი ფრანკია, აქედან ორმოცდაათს მილანი იღებს, ასე ვთქვათ, მომსახურებისათვის (ეს იურიდიული ფანდი საშუალებას იძლევა, თავი აარიდო კანონთან უსიამოვნებებს, დადანაშაულებას უკანონო მეწარმეობასა და გამდიდრების მიზნით გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციაში).
— მე ამ... ამაში ათასი გადამიხადეს, — სცადა შეკამათება მარიამ.
მეპატრონე წამოდგა, ამით აგრძნობინა, რომ ლაპარაკი დამთავრებულია, მაგრამ ბრაზილიელმა გოგონამ შეაჩერა:
— ის ხომ ხუმრობს.
მერე მარიას მოუბრუნდა და პორტუგალიურად მკაფიოდ და დამარცვლით უთხრა:
— ეს ყველაზე ძვირი დაწესებულებაა მთელ ჟენევაში. აღარასოდეს წამოგცდეს ასეთი სისულელე. მან იცის ბაზრის ფასები, იცის, რომ არავინ იღებს ერთ სეანსში ათას ფრანკს, შეიძლება მხოლოდ „განსაკუთრებული კლიენტისაგან" და ისიც — თუ გაგიმართლებს და თუ ისწავლი საქმის ნიუანსებს.
მილანის მზერა (მოგვიანებით მარიამ შეიტყო, რომ ის წარმოშობით იუგოსლავიიდანაა, მაგრამ უკვე ოცი წელია აქ ცხოვრობს) ეჭვის ნატამალსაც აღარ ტოვებდა:
— ტაქსა — სამას ორმოცდაათი ფრანკი.
— გასაგებია, — წაილუღლუღა შეურაცხყოფილმა მარიამ.
ჯერ კითხულობს, საცვალი რა ფერის აცვია და მხოლოდ შემდეგ განსაზღვრავს მისი სხეულის ღირებულებას.
მაგრამ ფიქრის დრო აღარ იყო, მეპატრონე ინსტრუქციების მიცემას აგრძელებდა: კლიენტთან არც სახლში და არც ხუთვარსკვლავიან ოტელში არ წახვალ. თუ კლიენტს წასაყვანი არსად არ აქვს, მან თვითონ უნდა წაიყვანოს ოტელში, რომელიც აქედან ხუთი კვარტალის იქითაა, თან აუცილებლად ტაქსით, რათა გოგონებმა ბერნის ქუჩაზე არ იტრიალონ. აქ მარიამ მოისაზრა, საქმე ის კი არ არის, რომ ქუჩაში არ იტრიალონ, არამედ ის, რომ სხვა დაწესებულებებმა არ გადაიბირონ, სადაც უფრო მეტს გადაუხდიან. თუმცა, წინა დისკუსიის მწარე გამოცდილებამ აიძულა, გაჩუმებულიყო.
— კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამუშაოზე არც ერთი წვეთი სპირტიანი სასმელი! ვითომ ამერიკელი პოლიციელი ხარ, ალბათ გინახავს კინოში. კარგი, ჯერჯერობით კმარა, ჩემი წასვლის დროა, ახლა კლიენტურა დაიწყებს მოსვლას.
— მადლობა გადაუხადე, — ისევ პორტუგალიურად უთხრა გოგონამ.
მარიამ თქვა „გმადლობთ". მილანმა გაიღიმა, მაგრამ მისი რეკომენდაციების ნუსხა ჯერ არ ამოწურულიყო:
— ჰო, სულ დამავიწყდა! სასმელის შეთავაზებიდან ორმოცდახუთ წუთზე მეტი არ უნდა გავიდეს. ვინაიდან აქ, შვეიცარიაში, ყველგან საათებია, იუგოსლავიელები და ბრაზილიელებიც კი პუნქტუალურები ხდებიან. და დაიმახსოვრე: დრო ფულია, მე კი ოჯახი მყავს სარჩენი.
— დავიმახსოვრე.
მილანმა გაუწოდა ჭიქა გაზიანი მინერალური წყლითა და ლიმონით, რაც სავსებით შეიძლებოდა ჯინ-ტონიკად მიგეღოთ, და მოცდა უბრძანა.
ბარი ნელ-ნელა მომსვლელებით შეივსო. კაცები თითო-თითოდ სხდებოდნენ, თან იქაურობას ათვალიერებდნენ და უმალ ვინმე „ადგილობრივი" ჩნდებოდა, თითქოს ძველ ნაცნობებს ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ერთად სურდათ საღამოს გატარება და მხიარულება. ყოველთვის, როცა მომსვლელი პოულობდა თავის მეწყვილეს, მარია შვებით ამოისუნთქავდა ხოლმე, თუმცა უკვე შეეჩვია გარემოს. იქნებ იმიტომ, რომ ეს იყო შვეიცარია, იქნებ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, მარია მოიპოვებს მძაფრ განცდებს, ფულს, ქმარს — ყველაფერს, რაზეც ოცნებობდა, ან იქნებ იმიტომაც (მარია მხოლოდ ახლა მიხვდა ამას), რომ მრავალი კვირის მანძილზე პირველად გამოვიდა სახლიდან შებინდებისას, მოხვდა იქ, სადაც უკრავდა მუსიკა და ხანდახან პორტუგალიური ლაპარაკი ისმოდა. იგი ხილის კოქტეილს წრუპავდა და მხიარულად მასლაათობდა სხვა გოგონებთან.
არც ერთი მათგანი არ ყოფილა მის მიმართ კეთილგანწყობილი, არავის უსურვებია მისთვის წარმატება ახალ ასპარეზზე. ეს გასაგებიცაა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მათი კონკურენტი, მეტოქე იყო, ისინი ხომ ერთსა და იმავე ნადავლზე ნადირობდნენ. მაგრამ ეს მას სულაც არ ადარდებდა, პირიქით, აგულიანებდა და სიამაყით ავსებდა — მარია მათ ტოლს არ უდებდა. ნებისმიერ წუთს შეეძლო ამდგარიყო, კარი გაეღო, წამოსულიყო და აღარასოდეს დაბრუნებულიყო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა, რომ მას ეყო გამბედაობა, მოსულიყო აქ, ესაუბრა ისეთ საკითხზე, რომელზეც ადრე გაფიქრებასაც ვერ ბედავდა.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1019 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 1:27 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024