♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 16)
3:07 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 16)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



იმავე საღამოს ჩანაწერი მარიას დღიურში, მინაწერით „დარწმუნებული არ ვარ":
მე მივხვდი, რატომ უხდის მამაკაცი ქალს ფულს. მას სურს ბედნიერება.
მამაკაცი არ გადაიხდის ათას ფრანკს მხოლოდ იმაში, რომ ორგაზმი განიცადოს. მას სურს, იყოს ბედნიერი. მეც მინდა ეს, ყველას უნდა, იყოს ბედნიერი და არავის არ გამოსდის. რას ვკარგავ, თუ რაღაცა დროით გავხდები... ამ სიტყვის გაფიქრებაც მზარავს, არათუ დაწერა. და მაინც... მოკლედ, რას ვკარგავ, თუ რაღაც დროით გავხდები მეძავი?
პატივი, ღირსება, საკუთარი თავის პატივისცემა... კარგად რომ დავფიქრდე, არასდროს მქონია არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. მე ვერ შევხვდი იმას, ვინც შემიყვარებდა, ყოველთვის არასწორად ვიქცეოდი და ახლა მზად ვარ, დავუშვა, რომ ჩემი ცხოვრება მე თვითონ დავღუპე".


* * *
მეორე დღეს მარიამ სააგენტოში დარეკა ფოტოსურათების ამბის გასაგებად და იმის გასარკვევად, მოსალოდნელი იყო თუ არა ახალი ჩვენება. მას წუთითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ იქ არაფერი იცოდნენ, ამიტომ დაიბარა, რომ არაბი უნდა დაჰკავშირებოდა მათ.
მერე ბიბლიოთეკაში წავიდა და მოითხოვა წიგნები სექსის შესახებ. თუ ის სერიოზულად ფიქრობს, იმუშაოს ახალ სფეროში, თუნდაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, როგორც თავის თავს დაჰპირდა, უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს და როგორ მიანიჭოს, უფრო სწორად კი — როგორ მიჰყიდოს, სხვებს ნეტარება.
რა დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა იქ უთხრეს, რომ ეს სახელმწიფო ბიბლიოთეკაა და მხოლოდ რამდენიმე სახელმძღვანელო აქვთ. მარიამ ერთ-ერთი მათგანი გადაფურცლა და მაშინვე უკან დააბრუნა. ავტორებს არაფერი გაეგებოდათ ბედნიერებაზე, ისინი მსჯელობდნენ მხოლოდ ერექციაზე, ეაკულაციაზე, სტიმულაციაზე, დაცვის საშუალებებსა და სხვა ამგვარ უგემოვნო საგნებზე. ბოლოს ყურადღება შეაჩერა „ფრიგიდულობის ფსიქოლოგიური ასპექტების" სქელტანიან ტომზე, რადგან, ცოტა არ იყოს, აფიქრებდა ის ამბავი, რომ არც ერთ კაცთან ორგაზმი არ განეცადა, მხოლოდ მეტ-ნაკლებად სასიამოვნო შეგრძნებები ჰქონდა.
მაგრამ აქ საქმისთვისაა მოსული და არა გასართობად. ბიბლიოთეკარს მადლობა გადაუხადა და მაღაზიაში წავიდა. იქ მან პირველი კაპიტალდაბანდება გააკეთა: შეიძინა სხვადასხვანაირი აღკაზმულობა, რომელიც უფრო სექსუალურად მოეჩვენა და რომელიც, მისი აზრით, კაცებში სურვილს აღძრავდა. შემდეგ წინასწარ დადგენილი მარშრუტით გაემართა ბერნის ქუჩისაკენ, რომელიც ეკლესიასთან იწყებოდა. ეკლესიის უკან იაპონური რესტორანი იყო (რა დამთხვევაა, უკვე მესამედ ვახშმობდა იაპონურ რესტორანში), რესტორნის იქით — ჩარიგებული იყო ვიტრინები იაფფასიანი საათებით. და აი, ბოლოს გამოჩნდა კაბარეები და კლუბები, რომლებზეც ამდენი რამ სმენოდა. მაგრამ ამ დროისათვის ყველა დაკეტილი იყო. მაშინ მარიამ ტბის გარშემო გაისეირნა, ყოველგვარი მორიდების გარეშე შეიძინა ხუთი პორნოგრაფიული ჟურნალი, რომლითაც აპირებდა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობას და რამდენიმე საათის შემდეგ, შებინდებისას, ისევ გამოჩნდა ბერნის ქუჩაზე. არჩევანი შეაჩერა იმ დაწესებულებაზე, რომელსაც მისი ბრაზილიური გულისათვის ასე ახლობელი სახელი — „კოპაკაბანა" ერქვა.
ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, — უმტკიცებდა საკუთარ თავს, — ცდა ბედის მონახევრეაო. შვეიცარიაში ყოფნის მანძილზე არასოდეს არ უგრძნია თავი ასე მოხერხებულად და არხეინად.
— სამუშაოს ეძებთ, — სულაც არ ჰგავდა შეკითხვას მეპატრონის ნათქვამი, რომელიც დახლთან იდგა და ჭიქებს რეცხავდა. მისი დაწესებულების მთელ ავლადიდებას წარმოადგენდა: ათიოდე მაგიდა, პატარა საცეკვაო მოედანი და რამდენიმე დივანი კედლის ჩაყოლებაზე, — ვერაფრით დაგეხმარებით. ჩვენ კანონს პატივს ვცემთ. აქ რომ მოხვდე, მუშაობის უფლება მაინც უნდა გქონდეს.
მაგრამ მარიას საბუთის დანახვისას უმალ ყურადღებიანი გახდა.
— გამოცდილება გაქვთ?
მარიამ არ იცოდა, რა ეპასუხა: ეტყვი „მაქვს", გკითხავს, ადრე სად მუშაობდიო, ეტყვი „არა" — თავიდან მოგიშორებს.
— მე წიგნს ვწერ.
ეს სიტყვები თითქოს თავისით აღმოხდაო, თითქოს ვინმემ ყურში ჩასჩურჩულაო. მარიამ შენიშნა, რომ მეპატრონემ არ დაიჯერა, მაგრამ არ შეიმჩნია.
— სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გოგონებს გაესაუბრეთ. ბრაზილიიდან, სულ ცოტა, ექვსნი მაინც იქნებიან. ის მაინც გეცოდინებათ, რა გელით.
მარიას უნდოდა ეპასუხა, რომ რჩევა არ სჭირდება და რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია, მაგრამ მეპატრონე ისე გაუჩინარდა, ჭიქა წყალიც კი არ შეუთავაზებია.
აი, გოგონებიც გამოჩნდნენ. მეპატრონემ რამდენიმე ბრაზილიელს უხმო და სთხოვა, ახალბედა საქმის კურსში ჩაეყენებინათ, მაგრამ მასთან საუბრის სურვილი არც ერთს არ გამოუთქვამს.
მარია მიხვდა, მისი სახით მათ კონკურენტი გამოუჩნდათ და ეს სულაც არ ეპიტნავებოდათ. აი, მუსიკაც დაუკრეს, აჟღერდა ბრაზილიური სიმღერები („კოპაკაბანა" ტყუილად ხომ არ ერქვა?), სულ ახალი და ახალი გოგონები შემოდიოდნენ. ზოგს აზიური იერი ჰქონდა. ზოგის დანახვისას კი იფიქრებდით, სულ ახლახან ჩამოსულან ჟენევის გარშემო მდებარე დათოვლილი მთებიდანო. ორი საათი მოლოდინში გაატარა, ბარე ხუთი სიგარეტი მოწია, წყურვილის გრძნობამაც დატანჯა. ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ შეცდომას უშვებდა. თავის თავს გამუდმებით უმეორებდა: „აქ რას ვაკეთებ?" გული მოსდიოდა მეპატრონესა და გოგონებზე, რომლებიც მის მიმართ არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ. ბოლოს ერთ-ერთი მათგანი მაინც გამოელაპარაკა.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1059 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:35 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024