მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 13)
3:04 PM პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 13) |
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
სიტყვებით გადმოცემა იმ აზრებისა, რომელიც ბრძნულად ეჩვენებოდა, მარიას შეეძლო. აი, საკუთარ რჩევათა გათვალისწინება კი მაინცდამაინც არ გამოსდიოდა: სულ უფრო ხშირად იყო დათრგუნვილი, ტელეფონი კი ისევ დუმდა. გულის გადასაყოლებლად, დროის მოსაკლავად და, აგრეთვე, ენის გასატეხად, ჟურნალების შეძენას მიჰყო ხელი, სადაც სახელოვან მსახიობებზე იბეჭდებოდა სტატიები. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა და ამიტომ უახლოეს ბიბლიოთეკაში ჩაეწერა. იქ უთხრეს, რომ ჟურნალებს შინ არ ატანენ, სამაგიეროდ, შესთავაზეს რამდენიმე წიგნი, რომელიც ფრანგულის დაუფლებაში დაეხმარებოდა. — არა, წიგნების საკითხავად არა მცალია. — არა გცალიათ? რითი ხართ დაკავებული? — ბევრი საქმე მაქვს. ენას ვსწავლობ, დღიურს ვაწარმოებ და... უნდოდა ეთქვა, ტელეფონის ზარს ველოდებიო, მაგრამ დუმილი ამჯობინა. — ძვირფასო, თქვენ ისეთი ახალგაზრდა ხართ, — უთხრა ბიბლიოთეკარმა ქალმა, — წინ მთელი ცხოვრება გაქვთ. იკითხეთ. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი თქვენთვის უთქვამთ, და იკითხეთ. — უკვე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. ამ დროს მარიას გაახსენდა მაილსონის სიტყვები: „მთავარია, მუხტი". ბიბლიოთეკარი კეთილი, უწყინარი და გაჭირვებაში თანამდგომი ადამიანი ჩანდა, შეიძლება მის მეგობრადაც ქცეულიყო და მარიამ მისი მოხიბვლა გადაწყვიტა: — მაგრამ უფრო მეტის წაკითხვა მინდა, მირჩიეთ რამე, გეთაყვა. ბიბლიოთეკარმა „პატარა უფლისწული" გამოუტანა. საღამოს მარია მის ფურცვლას და ნახატების თვალიერებას შეუდგა. იქ გამოსახული იყო ქუდი, რომელიც, ავტორს თუ დავუჯერებთ, ქუდი სულაც არ იყო, არამედ მახრჩობელა გველი, რომელმაც სპილო გადაყლაპა. „ის რა, არასდროს არ ყოფილა ბავშვი? — გაიფიქრა მარიამ, — მე მგონი, ეს ქუდს უფრო ჰგავს". ტელევიზორი არ ჰქონდა და მოწყენილობის დასაძლევად პატარა უფლისწულის თავგადასავლებს მიადევნა თვალი. ყოველთვის ნაღველი იპყრობდა, როცა წიგნში სიყვარულს ახსენებდნენ. ამ თემაზე ფიქრიც კი აიკვეთა, ასეთი აზრებისაგან თავის მოკვლა უნდოდა. წიგნი მოეწონა, თუ არ ჩავთვლით ნაღვლიან-რომანტიკულ სცენებს მელაკუდასა და ვარდთან, და, რაც მთავარია, გაერთო: უამისოდ მარია ყოველ ხუთ წუთში ამოწმებდა, ხომ არ დაჯდა მობილური ტელეფონის ბატარეაო (იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ ცხოვრებაში მთავარი შანსი ასეთი უმნიშვნელო რამის გამო შეიძლება ხელიდან გაუშვა). მარიამ ბიბლიოთეკაში სიარულს მოუხშირა. ემასლაათებოდა ბიბლიოთეკარ ქალს, რომელიც მასავით ეული ჩანდა, ეკითხებოდა წიგნებსა და მათ ავტორებზე და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გადათვალა თავისი ფული და არ მიხვდა: კიდევ ორი კვირა და ბილეთის ასაღები ფულიც აღარ დარჩებოდა. მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება გაჭირვებასა და განსაცდელს იმისათვის მოგივლენს, რომ მერე უფრო აშკარად დაინახო მისი ნათელი მხარე, — ბოლოს და ბოლოს ტელეფონმა დარეკა. დიახ, მას შემდეგ, რაც მარიას ლექსიკონში გაჩნდა სიტყვა „ადვოკატი", გავიდა სამი თვე, რომლის განმავლობაში იგი როჟესათვის წაგლეჯილი ფულით არსებობდა. გაისმა ზარი და უცნობმა, რომელმაც სამოდელო სააგენტოს თანამშრომლად წარუდგინა თავი, სთხოვა, თუ შეიძლება, მადმუაზელ მარის დამალაპარაკოთო. „შეიძლება", — ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომუშავებული თავშეკავებით უპასუხა მარიამ, თან ცდილობდა, მღელვარებისაგან ხმაში ბზარი არ გასჩენოდა. გაირკვა, რომ ვიღაც არაბს, თავის სამშობლოში ცნობილ მოდელიორს, მისი ფოტოები მოსწონებია და დეფილეში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა. მარიას მოაგონდა ადრინდელი იმედგაცრუება, მაგრამ მოაგონდა ასევე ისიც, რომ ფული ძალიან სჭირდებოდა. შეხვედრა ფეშენებელურ რესტორანში დაინიშნა. მარიას წინაშე როჟეზე გაცილებით მიმზიდველი და ელეგანტური მამაკაცი წარდგა. — იცით, ვისი ტილოა ეს? ხუან მიროსი. იცით, ვინ არის ხუან მირო? — ჰკითხა მან. მარია გაირინდა, თითქოს ჭამით არის გართულიო, საჭმელი კი, უნდა ითქვას, ძალიან განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც ჩინურ რესტორნებში სთავაზობდნენ, გულში კი გაიფიქრა, „ბიბლიოთეკაში ამ მიროს შესახებ წიგნის აღება მომიწევს". მაგრამ არაბი არ დაეხსნა: — აგერ, იმ მაგიდასთან ფედერიკო ფელინის უყვარდა ჯდომა. გიყვართ ფედერიკო ფელინის ფილმები? „ვაღმერთებ", — უპასუხა მან. მაგრამ, როცა არაბმა ფელინის ფილმების დეტალური განხილვა დააპირა, მარიამ იგრძნო, მისი განათლების პატრონი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებდა, და პირდაპირ საქმეზე გადავიდა: — თვალთმაქცობას არ დავიწყებ, მე მხოლოდ „პეპსისა" და „კოკა-კოლას" ვარჩევ ერთმანეთისაგან. იქნებ დეფილეს შესახებ გვესაუბრა? მისმა გულახდილობამ არაბზე აშკარად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა: — ვისაუბრებთ, ოღონდ ახლა არა, ვახშმის შემდეგ, როცა თითო ჭიქა შამპანურს დავლევთ. სიჩუმე ჩამოვარდა. უსიტყვოდ უყურებდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ წარმოედგინათ, რაზე ფიქრობდა თითოეული მათგანი. — თქვენ ძალიან ლამაზი ხართ, — უთხრა არაბმა, — და თუ დამთანხმდებით ჩემს ნომერში თითო ჭიქის დალევაზე, ათას ფრანკს მიიღებთ. მარია ყველაფერს მიხვდა. ვინ არის დამნაშავე — მოდელების სააგენტო თუ თვითონ? რატომ უკეთ არ გაარკვია, რა ვახშამი იყო ეს? არა, არავინ არის დამნაშავე, არც სააგენტო, არც თვითონ, არც არაბი: უბრალოდ ყველაფერი ეს სწორედ ასეა მოწყობილი და არა სხვანაირად. ანაზდად აუტანლად მოუნდა შინ, ბრაზილიაში, დედასთან. გაახსენდა მაილსონის სიტყვები, რომ ერთ ღამეში სამას დოლარზე ნაკლებს არ იღებენ. მაშინ ეს ხუმრობად მოეჩვენა, ახლა კი ცხადად მიხვდა, მას არავინ ჰყავს, ვერავის ჰკითხავს რჩევას, აბსოლუტურად მარტოა უცხო ქალაქში და მისი შედარებით ბედნიერი ცხოვრების ოცდაორი წელი ვერაფრით დაეხმარება სწორი პასუხის პოვნაში.
|
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ |
ნანახია: 1173 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|