მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 12)
3:04 PM პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 12) |
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
პირველად მეზობლებს დაურეკა და სთხოვა, მშობლებისათვის გადაეცათ, რომ ყველაფერი საუცხოოდაა, რომ ის ბედნიერია, რომ წინ ბრწყინვალე მომავალი ელის და ნურაფერზე ინაღვლებენ. შემდეგ ისღა დარჩენოდა, დაეცალა როჟეს მიერ მისთვის ნაქირავები ნომერი და არაბთან წასულიყო, რომ საუკუნო სიყვარული შეეფიცა, მიეღო მისი სარწმუნოება და ცოლად გაჰყოლოდა, თუნდაც ამისთვის თავსაბურავის ტარება დასჭირვებოდა. მერე რა მოხდა, ყველასათვის ცნობილია, რომ არაბები ძალიან მდიდრები არიან და ეს სავსებით საკმარისია. მაგრამ არაბი ამ დროისათვის უკვე ძალიან ANშორს იყო, — ალბათ სადმე ჩრდილოეთ არაბეთში, მარიასათვის სულ უცნობ ქვეყანაში, ასე რომ, მან მადლობა შესწირა ღვთისმშობელს იმისათვის, რომ არ მოუწია თავისი რწმენის უარყოფა. ახლა ის ფრანგულად რიგიანად ლაპარაკობდა. შეეძლო თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა, ჰქონდა ბარათიც, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ის არის „სამბას შემსრულებელი", საცხოვრებელი მოწმობაც, — ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, — და ისიც კარგად ახსოვდა, რომ უკიდურეს შემთხვევაში, მას რჩებოდა ფართლეულის მაღაზიის მეპატრონე. მარიამ გადაწყვიტა, ის ეკეთებინა, რაც, მისი აზრით, ყველაზე მეტად ეხერხებოდა — თავისი სილამაზით ეშოვა ფული. ჯერ კიდევ ბრაზილიაში წაიკითხა წიგნი ერთ მწყემსზე, სახელად სანტიაგოზე, რომელმაც თავისი განძის ძიებაში უამრავი წინააღმდეგობა გადალახა, ამასთან, ეს წინააღმდეგობები მხოლოდ ეხმარებოდა საწადელის მიღწევაში. ეს ხომ მასზეა დაწერილი! და მარიამ დაიჯერა, სამუშაო იმიტომ დაკარგა, რომ ეპოვა თავისი ჭეშმარიტი დანიშნულება — გამხდარიყო ფოტომოდელი და მანეკენი. იქირავა იაფფასიანი ბინა (რომელშიც ტელევიზორიც კი არ იყო — საჭიროა მომჭირნეობა, ჯერ ხომ ფულს ნიჩბით არა ხვეტს) და მეორე დღესვე სააგენტოებს ჩამოუარა. ყველგან პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოების დატოვებას სთხოვდნენ. მარია მიხვდა, რომ ეს ხარჯები კი არა, უფრო კაპიტალდაბანდებაა, რომელსაც ამონაგები ექნება, ოცნების განხორციელება კი ძვირი ღირს, ამიტომ ფულის დიდი ნაწილი შესანიშნავ ფოტოგრაფს მოახმარა, რომელიც ცოტას ლაპარაკობდა და ბევრს იღებდა. მას სტუდიაში უშველებელი კარადა ედგა. მარია მრავალფეროვან, დახვეწილ და საკმაოდ ექსტრავაგანტულ ტანსაცმელში პოზიორობდა. ბიკინიშიც კი, რომლის დანახვაზე მაილსონი, მისი ერთადერთი ნაცნობი რიოში — იმპრესარიო, თარჯიმანი და მცველი, აუცილებლად იამაყებდა. ბევრი ფოტო დააბეჭდინა და შინ გასაგზავნ წერილს დაურთო, რომელშიც იტყობინებოდა, რა კარგად ცხოვრობს შვეიცარიაში. დაე, იფიქრონ, რომ გამდიდრდა, ყველას გულის გასახეთქად დიდებული გარდერობი შეიძინა. ის მალე სახელს გაუთქვამს თავის წყნარ ქალაქს. თუ ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით მოხდება (მან უკვე ბევრი წიგნი წაიკითხა „პოზიტიურ აზროვნებაზე" და ერთი წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი თავის გამარჯვებაში), სამშობლოში სასულე ორკესტრით დახვდებიან და პრეფექტს დაარწმუნებენ, რომელიმე მოედანს მისი სახელი დაარქვან. იყიდა მობილური ტელეფონი და რამდენიმე დღე სამუშაოზე მისაწვევი ზარების მოლოდინში გაატარა. სადილობდა ჩინურ (ანუ ყველაზე იაფ) რესტორნებში და დროის მოსაკლავად გიჟივით იზუთხავდა ფრანგული ზმნების უღლებას. მაგრამ დრო მაინც გულსაკლავად ნელა მიიზლაზნებოდა, ტელეფონი კი დუმდა. მისდა გასაკვირად, ტბის პირას სეირნობისას არავინ აქცევდა ყურადღებას, თუ არ ჩავთვლით ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, რომლებიც ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ისხდნენ, კერძოდ კი იმ ხიდის ქვეშ, რომელიც ძველებურ პარკს ქალაქის თანამედროვე ნაწილთან აკავშირებდა. მარიას ეჭვიც კი შეეპარა თავის სილამაზეში და ასე ეგონა მანამ, სანამ კაფეში შემთხვევით შეხვედრილმა ერთმა მისმა ყოფილმა კოლეგამ არ აუხსნა, რომ საქმე მასში კი არა, შვეიცარიელებშია, რომელთაც არავის შეწუხება არ უყვართ და უცხოელებში, რომლებიც შიშობენ, „სექსუალური ზეწოლისათვის" არ დააპატიმრონ და ამიტომაც აგრძნობინებენ ქალებს, თითქოს ისინი არავისთვის არ არიან საჭირო. ჩანაწერი მარიას დღიურში, როცა მან დაკარგა გამბედაობა სახლიდან გამოსვლისა, ცხოვრებისა და მოლოდინისა, როდის დარეკავს ეს დამუნჯებული ტელეფონი: დღეს ატრაქციონების პარკს ჩავუარე. ფულის ტყუილად ფლანგვის უფლება არ მაქვს, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ხალხს ვათვალიერებდი. დიდხანს ვიდექი „რუსულ გორაკებთან". ადამიანები ეძებენ მძაფრ განცდებს, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი ამოძრავდება, შიშისაგან გული უსკდებათ და გაჰკივიან: „გააჩერეთ". მაშ, რა უნდათ? თუ თავგადასავალი აირჩიეს, რატომ ბოლომდე არ მიჰყვებიან? ნუთუ ფიქრობენ, რომ უფრო გონივრული იქნება, გვერდი აუარონ ციცაბო აღმართებსა და დაღმართებს და აირჩიონ კარუსელი, რომელიც ერთ ადგილზე ტრიალებს? ახლა ისე ეულად ვგრძნობ თავს, რომ სიყვარულზე ფიქრიც კი არ შემიძლია, მაგრამ აუცილებელია, საკუთარი თავი დავარწმუნო, ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება, მე მოვეწყობი, ბოლოს და ბოლოს, აქ იმიტომ ვარ, რომ სწორედ ასეთი ბედი ავირჩიე. „რუსული გორაკები" — ეს ჩემი ცხოვრებაა. ცხოვრება კი ტკბილი, თვალისმომჭრელი თამაშია, პარაშუტით გადმოხტომა, რისკია. შენ ვარდები, მაგრამ ისევ ფეხზე დგები. ეს არის ის, რასაც „კანიდან გამოძრომა" ჰქვია. ეს სევდა და გულგატეხილობაა, თუ ვერ ახერხებ დასახულის შესრულებას. ძნელია, ცხოვრობდე ახლობლებისგან შორს და არ გქონდეს იმ ენაზე საუბრის საშუალება, რომლითაც შეგიძლია გრძნობებისა და შეგრძნებების ყველაზე ნატიფად გადმოცემა, მაგრამ დღეიდან, როგორც კი სევდა შემომაწვება, ამ ატრაქციონების პარკს გავიხსენებ. საინტერესოა, რა გრძნობა დამეუფლებოდა, რომ უცაბედად „რუსულ გორაკებზე" გამღვიძებოდა? უპირველეს ყოვლისა, ალბათ ის, რომ რაღაც მახეში გავები, რომ მეშინია, რომ მაზიდებს, რომ აქედან გაქცევა მინდა. თუმცა, თუ ვირწმუნებ, რომ სწორედ რელსებია ჩემი ბედისწერა, რონოდას კი ღმერთი მართავს, მაშინ კოშმარი აღფრთოვანებად გადაიქცევა. „რუსული გორაკები" საიმედოდ და სათუთად მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე და სანამ მოგზაურობა გრძელდება, იყურე აქეთ-იქით და იკივლე აღფრთოვანებისგან.
|
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ |
ნანახია: 1134 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|