♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 11)
3:02 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 11)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

— კიდევ დამისხით ღვინო, გეთაყვა.
სანამ არაბი ჭიქას ავსებდა, აზრები მარიას თავში იმაზე სწრაფად ტრიალებდა, ვიდრე პატარა უფლისწული პლანეტიდან პლანეტაზე დაფრინავდა. დიახ, ის აქ ჩამოვიდა მძაფრი განცდებისათვის და ფულისა და ქმრის საპოვნელად. მან იცოდა, რომ ბოლოს და ბოლოს მსგავს წინადადებას მიიღებდა, ბავშვი აღარ არის და უნდა შეჰგუებოდა კაცების ასეთ საქციელს. და მაინც, მასში სულ ცოტა ხნის წინ ღვიოდა იმედის ნაპერწკალი — ოცნება მოდელების სააგენტოზე, არტისტულ კარიერაზე, მდიდარ ქმარზე... შვილები, შვილიშვილები, ტანსაცმელი, ტრიუმფული დაბრუნება მშობლიურ ქალაქში... სჯეროდა, რომ სიძნელეების გადასალახად ეყოფოდა ჭკუა, მომხიბვლელობა და ნებისყოფა.
სინამდვილესთან შეჯახება იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ, არაბის გასაოცრად, მარია ატირდა. მამაკაცში ერთმანეთს ებრძოდა სკანდალის შიში და ქალის დაცვის ქვეცნობიერი სურვილი. დაბნეულობისაგან აღარ იცოდა, რა ეღონა. ის იყო, ოფიციანტის მოხმობა და ანგარიშის მოთხოვნა დააპირა, რომ მარიამ შეაჩერა:
— დამისხით კიდევ და მაცალეთ, ცოტა ვიტირო.
და მან გაიხსენა ბიჭი, რომელმაც ჰკითხა, ზედმეტი კალამი ხომ არ გაქვსო. მეორე ბიჭიც, რომელსაც კოცნიდა ბაგეების გაუხსნელად. ისიც, თუ როგორ მოხვდა რიო-დე-ჟანეიროში, კაცები, რომლებიც მხოლოდ იღებდნენ მისგან და სანაცვლოდ არაფერს აძლევდნენ, ისიც, თუ რამდენი სიყვარული და ვნება მიმოფანტა თავისი არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე. თითქოს ყოველთვის თვითონ იყო თავისი თავის ბატონ-პატრონი, ცხოვრება კი სასწაულის, ნამდვილი სიყვარულის, თავგადასავლისა და უსათუოდ ბედნიერი დასასრულის, „ჰეფი-ენდის" უსასრულო ლოდინად შემოუბრუნდა. ვიღაცას დაუწერია, რომ ვერც დრო, ვერც სიბრძნე ვერ ცვლის ადამიანს და ერთადერთი, რასაც შეუძლია მისი ფიქრებისა და გრძნობების შეცვლა, სიყვარულია. რა სისულელეა! იმას, ვინც ეს დაწერა, მედლის მეორე მხარე არ უნახავს.
ჭეშმარიტად, სხვას არაფერს შეუძლია დროდადრო ისე გადაატრიალოს ადამიანის ცხოვრება, როგორც სიყვარულს. მაგრამ სიყვარულს ფეხდაფეხ მოსდევს კიდევ რაღაც, რაც აიძულებს ადამიანს იმ ბილიკს დაადგეს, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ამ რაღაცას „სასოწარკვეთა" ჰქვია. და თუ სიყვარული სწრაფად ცვლის ადამიანს, სასოწარკვეთა კიდევ უფრო სწრაფია. ახლა რაღა უნდა ქნა, მარია? — ფეთიანივით გავარდე ამ რესტორნიდან, დაბრუნდე ბრაზილიაში, ბავშვებს ფრანგული შეასწავლო, ფართლეულის მაღაზიის მეპატრონეს გაჰყვე ცოლად თუ კიდევ ცოტა წინ წახვიდე, კიდევ ერთი ღამე გაატარო ამ ქალაქში, სადაც არავის იცნობ და შენც არ გიცნობს არავინ? ნუთუ სულ ერთ ღამეს, რომელიც ბევრ და თანაც იოლ ფულს გპირდება, შეუძლია ისე შორს შეგიტყუოს, რომ უკან ვეღარ დაბრუნდე? რა ხდება ამ დროს — შანსი გეძლევა თუ ღვთისმშობელი გამოცდას გიწყობს?
არაბი ამ დროს ათვალიერებდა ხუან მიროს ტილოს, ფედერიკო ფელინის საყვარელ მაგიდას, მეგარდერობე ქალს, რომელიც კლიენტებისაგან პალტოებს იბარებდა და თვით ამ კლიენტებს, შემომსვლელებსა და Gგამსვლელებს.
— შენ რა, არ იცოდი?
— კიდევ დამისხი ღვინო, გეთაყვა, — უპასუხა ჯერ ისევ თვალცრემლიანმა მარიამ. გულში ნატრობდა, ნეტავ ოფიციანტი არ მიხვდეს ყველაფერს და არ მოგვიახლოვდესო. ოფიციანტი კი, რომელიც მალულად თვალს ადევნებდა ამ წყვილს, ფიქრობდა, ნეტავ არაბმა და ამ გოგონამ მალე მოითხოვონ ანგარიში და წავიდნენ, ხალხის დასასმელი ადგილი აღარ არის რესტორანშიო.
ბოლოს, — ლამის საუკუნე გავიდა, — მარიამ დუმილი დაარღვია:
— მაშ, ათასი ფრანკიო, ამბობ? — და საკუთარი ხმა ეუცხოვა.
— დიახ, — უპასუხა არაბმა, თან უკვე ნანობდა თავის წამოწყებას, — მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ...
— გადაიხადე. შენს ნომერში დავლევთ.
ისევ ვერ იცნო თავი. ამ წუთამდე ნაზი, ზრდილი, მხიარული გოგონა იყო, რომელიც ასეთი ტონით არასდროს ლაპარაკობდა უცნობებთან, მაგრამ ის გოგონა სადღაც გამქრალიყო. მის წინაშე სხვა ყოფა წარმოჩენილიყო, სადაც „დრინქი" ათასი ფრანკი, ხოლო თუ უფრო უნივერსალურ ვალუტაში გადავიყვანთ, ასე ექვსასამდე დოლარი ღირდა.
და ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც განსაზღვრული იყო: ის გაჰყვა ნომერში არაბს, დალია შამპანური და მყისვე დათვრა, დაწვა მასთან, დაუცადა, სანამ კაცი ორგაზმს მიაღწევდა (არც უფიქრია, მოეჩვენებინა თავი, თითქოს თვითონაც მიიღო რაიმე სიამოვნების მაგვარი), მიიღო შხაპი მარმარილოთი მოპირკეთებულ აბაზანაში, აიღო ფული და თავს სახლში ტაქსით დაბრუნების უფლება მისცა.
მერე დაეგდო ლოგინში და მკვდარივით დაეძინა.
მეორე დღეს მარიამ დღიურში ჩაწერა:
ყველაფერი მახსოვს, იმ წუთის გარდა, როცა გადაწყვეტილება მივიღე. უცნაურია — არავითარი დანაშაულის გრძნობა. ადრე ყოველთვის მეგონა, რომ ქალებს, რომლებიც სხეულით ვაჭრობენ, ცხოვრებამ, უბრალოდ, არჩევანი არ დაუტოვა, ახლა კი ვხედავ, რომ ეს ასე არ არის. შემეძლო მეთქვა „ჰო", შემეძლო მეთქვა „არა", — არავის არაფერი დაუძალებია და არც თავს მოუხვევია.
ქუჩას მივუყვები, გამვლელებს სახეში შევცქერი და ვფიქრობ, ნეტავ, თვითონ აირჩიეს თავისი ბედი თუ ბედმა აირჩია ისინი, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა? დიასახლისს მოდელად გახდომა სურს, ბანკის მოხელეს — მუსიკოსობა, კბილის ექიმი მალულად წიგნს წერს და ლიტერატორობა უნდა. აი, ეს გოგო ტელევიზიაზე ოცნებობს, სალაროს კი უზის სუპერმარკეტში.
ჩემი თავი სულაც არ მეცოდება. მსხვერპლადაც არ ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ შემეძლო დამეტოვებინა რესტორანი შეუბღალავი თავმოყვარეობითა და ცარიელი საფულით. შემეძლო აღშფოთებით წამეკითხა მორალი იმ არაბისათვის ან თავი პრინცესად მომეჩვენებინა, რომელიც უნდა დაიპყრო და არა იყიდო. შემეძლო... რა ვიცი, რაღა არ შემეძლო, მაგრამ, როგორც ადამის მოდგმის უმრავლესობამ, არჩევანი ბედს მივანდე.






კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1081 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 2:20 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024