♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 10)
3:00 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 10)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში





* * *
მარია ხანგრძლივმა ფრენამ გააწამა, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში როდი იყო. ჯერ კიდევ აეროპორტში იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული შიშისაგან: ამჯერად მთლიანად ამ კაცის ხელშია, არც ქვეყანას იცნობს და არც ენა იცის, თანაც ისე ცივა... როჟე კი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა: აშკარად აღარ ცდილობდა მარიასათვის თავის მოწონებას. არც ადრე უცდია ეკოცნა ან მკერდზე მოევლო ხელი, მაგრამ ახლა სრულ გულგრილობას იჩენდა. მან მარია პატარა ოტელში მიიყვანა და მის თანამემამულეს, ახალგაზრდა და სევდიან ქალს, სახელად ვივიანს, ჩააბარა.
ვივიანმა უცერემონიოდ შეათვალიერა, თუმცა, შეეძლო უფრო თბილადაც მოპყრობოდა საზღვარგარეთ პირველად მოხვედრილ თავის თანამემამულეს. მოკითხვებზე დრო არ დაუკარგავს და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
— ილუზიებს ნუ შეიქმნი. ყოველთვის, როგორც კი რომელიმე მოცეკვავე თხოვდება, ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება, როჟე ბრაზილიაში მიდის. მან იცის, რაც უნდა, ვფიქრობ, შენც იცი. აქ ალბათ სამიდან ერთ-ერთისათვის ჩამოხვედი — ან ახალი შთაბეჭდილებებისთვის, ან ფულისთვის, ან ქმრის საპოვნელად.
როგორ მიხვდა? ნუთუ ამქვეყნად ყველას ერთი და იგივე სურს? ან იქნებ ვივიანს აზრების წაკითხვა შეუძლია?
— ყველა, ვინც აქ ხვდება, ამას ეძებს, — განაგრძობდა ვივიანი, — რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, აქ ძალიან ცივა, თანაც მოგზაურობისათვის ფული არ გეყოფა. ახლა კი ანაზღაურების შესახებ. იცოდე, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთის, კვებისა და ბინის ხარჯების დასაფარად მთელ წელს ვირივით მუშაობა მოგიწევს.
— კი მაგრამ...
— ვიცი, ვიცი, ასე არ მორიგებულხართ. მაგრამ შენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, დაგავიწყდა გეკითხა ამის შესახებ. უფრო წინდახედული რომ ყოფილიყავი, კონტრაქტს ყურადღებით წაიკითხავდი და უფრო ზუსტად გეცოდინებოდა, სად მოხვდი. საქმე ის არის, რომ შვეიცარიელები არ ტყუიან, უბრალოდ, ისინი ბევრ რამეზე დუმილს ამჯობინებენ.
მარიამ იგრძნო, როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ იატაკი.
— დაბოლოს, ქმარი. ყოველი გათხოვება როჟეს ფინანსებისათვის საგრძნობი დარტყმაა. ამიტომ მოკვდება და ამას არ დაუშვებს. კლიენტებთან ლაპარაკიც კი გვეკრძალება. ვინმეს გასაცნობად დიდ რისკზე წასვლა მოგიწევს. ჩვენთან ეს არ გამოვა. აქ ასეთი გარემოა... რაღაც ოჯახურის მსგავსი. ეს ბერნის ქუჩა არ გეგონოს.
— ბერნის ქუჩა?
— ჩვენთან ცოლქმრული წყვილები და ტურისტები დადიან. ესენი, როგორც წესი, ცოტანი არიან. ისინი კი, ვინც მეგობარს ეძებს, სადმე სხვაგან მიდიან. ცეკვა ისწავლე. თუ სიმღერასაც ისწავლი, უფრო მეტს გადაგიხდიან, მაგრამ უფრო მეტადაც შეშურდებათ შენი. ასე რომ, თუნდაც მთელს ბრაზილიაში საუკეთესო სოპრანო იყო, სიმღერას ნუ ეცდები. და მთავარი, — სატელეფონო საუბრებით ნუ გაერთობი, თორემ რასაც გამოიმუშავებ, ყველაფერი ზარებში დაგეხარჯება.
— ის მე კვირაში ხუთას დოლარს შემპირდა!
— კარგი, თვითონ ნახავ...
შვეიცარიაში ჩამოსვლიდან კვირა-ნახევრის თავზე მარიამ დღიურში ჩაწერა:
კაბარეში ვიყავი და „ქორეოგრაფი" გავიცანი. ის წარმოშობით იმ ქვეყნიდანაა, რომელსაც მაროკოს ეძახიან. ბრაზილიაში არასოდეს ყოფილა, მაგრამ დაუსრულებლად მაიძულებდა, მემეორებინა პა, რასაც ის „სამბას" ეძახის. ხანგრძლივი ფრენის შემდეგ დასვენებაც კი ვერ მოვასწარი და პირველსავე საღამოს ცეკვა მომიწია. ჩემ გარდა, აქ კიდევ ხუთი გოგო მუშაობს. არც ერთს არ უთქვამს, რომ ბედნიერია, არც ერთს ხეირიანად არ ესმის, რისთვის არის აქ. კლიენტები სვამენ, ტაშს უკრავენ, საჰაერო კოცნას გზავნიან, მალულად უხამს ჟესტებსაც აკეთებენ, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდის.
გუშინ ხელფასი მომცეს — შეპირებული თანხის ზუსტად მეათედი. დანარჩენი კონტრაქტის პირობებით ავიაბილეთსა და სასტუმროზე დამექვითა. ვივიანი ვარაუდობს, რომ ერთი წელი ასე გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში გაქცევას ვერ მოვახერხებ.
ისე, გაქცევა მინდა კი? სულ ახლახან ჩამოვფრინდი აქ, ჯერ არაფერი ვიცი. განა ასე ძნელია საღამოობით ცეკვა კვირაში შვიდი დღის განმავლობაში? ადრე ამას საკუთარი სიამოვნებისათვის ვაკეთებდი, ახლა ამას ფულისა და სახელისათვის გავაკეთებ. იმედია, ფეხები ჯერ არ მიმტყუნებს. მხოლოდ ისაა ძნელი, მთელ საღამოს იღიმებოდე.
ჩემ წინაშე არჩევანია — ან ამ ქვეყნის მსხვერპლი გავხდე ან განძის მაძიებელი ავანტიურისტი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მე თვითონ რა თვალით შევხედავ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას.


მარიამ მეორე არჩია. უნდა ეძიო დამალული განძი, გრძნობები კი გვერდზე გადადო. ღამღამობით ბალიში ცრემლით არ უნდა დანამო, დაივიწყო ყველაფერი, რაც იყო და ვინც იყო აქამდე. მალე დარწმუნდა, რომ საკმაო ნებისყოფა აქვს იმისათვის, რომ ითვალთმაქცოს. თითქოს ახლად დაიბადა. გრძნობები მოიცდის, ახლა ფული უნდა აკეთოს, გაიცნოს სხვისი ქვეყანა და შინ გამარჯვებული დაბრუნდეს.
თუმცაღა გარშემო ყველაფერი ბრაზილიას აგონებდა, კერძოდ კი მის ქალაქს: ირგვლივ პორტუგალიური ლაპარაკი ისმოდა, გოგონები ხმამაღლა ჩიოდნენ მამაკაცებზე და მძიმე შრომაზე, აგვიანებდნენ კაზინოში, ეუხეშებოდნენ მეპატრონეს და ყოველ მათგანს თავი ყველაზე ლამაზი ეგონა, ყოველი მათგანი ყვებოდა ჯადოსნურ პრინცზე. ეს პრინცები კი, — ყველა, როგორც ერთი, — ან ცხრა მთას იქით იყვნენ, ან ცოლიანები, ან ისეთი ღარიბები, რომ შეყვარებულების ხარჯზე ცხოვრობდნენ. გარემო სულ არ იყო ისეთი, როგორიც ბუკლეტებისა და აფიშების თვალიერებისას წარმოედგინა. აი, ვივიანმა კი ზუსტად განსაზღვრა, — აქ ყველაფერი შინაურულადაა. გოგონებს კლიენტებთან ყოველგვარი ურთიერთობები ეკრძალებოდათ, ისინი ხომ შესაბამის ფორმულარებში „სამბას შემსრულებლებად" ირიცხებოდნენ. ტელეფონით ლაპარაკისას თუ წაასწრებდნენ, ნახევარი თვის ხელფასს დაქვითავდნენ. და მარიას, რომელსაც ყველაფერი ეს სულ სხვაგვარად, უფრო ცოცხლად და მხიარულად, წარმოედგინა, ნელ-ნელა სევდისა და ნაღველის დამთრგუნველი გრძნობა მოერია.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1111 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:55 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024