იმისათვის, რომ ვიცხოვროთ უფრო დადებითი, კრეატიული და მუდამ ჩვენს პრინციპებთან შესაბამისი ცხოვრებით. ყოველთვის, როცა ვიღაცა კვდება, რაღაც ქრება. ყოველთვის, როცა ვიღაცას იმედი უჩნდება, ხელახლა იბადება. მაგრამ დაბადება არა მხოლოდ ამქვეყნად მოვლინებაა, არამედ ესაა მოქმედებათა ცვლა უბედურების წინაშე, ახლებური ხედვა ყოველივე კარგისა თუ ცუდისა და ამიტომაც:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ქვეყანაზე!!!
მარიონეტი
ერთი წამით უფალს რომ დავიწყებოდა, რომ ჩვრის მარიონეტი ვარ და ჩემთვის სიცოცხლის ერთი ნაგლეჯი ებოძებინა, ალბათ, არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებდი ყველაფერზე, რასაც ვამბობ. საგნებს შევაფასებდი არა იმის მიხედვით, თუ რად ღირან, არამედ თუ რას ნიშნავენ. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. ვხვდები, რომ ყოველ წუთას, როცა თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ მზის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როცა სხვები ყოვნდებიან, გავიღვიძებდი მაშინ, როცა სხვებს სძინავთ. მოვუსმენდი სხვების საუბარს და როგორ ჩავიტკბარუნებდი პირს შოკოლადის კარგი ნაყინით! ღმერთს რომ ჩემთვის ერთი ბეწო სიცოცხლე ეჩუქებინა, ჩავიცვამდი უბრალოდ, მზეს გადავუშლიდი არამარტო სხეულს, არამედ სულსაც. ღმერთო ჩემო, მე რომ გული მქონოდა, ჩემს სიძულვილს ყინულზე წავაწერდი და მზის ამოსვლას დაველოდებოდი. ვარსკვლავებზე ვან გოგის სიზმრებით მოვხატავდი ბენედეტის პოემებს და სერატის სიმღერებს შევთავაზებდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო ტკივილი, გამოწვეული ეკლებისაგან და კოცნა ვარდის მეწამული ფურცლებისა. ღმერთო ჩემო, მე რომ ერთი ბეწო სიცოცხლე მქონოდა, ყოველ ცისმარე დღეს ადამიანებს ვეტყოდი, რომ მიყვარს ისინი. დავარწმუნებდი თითოეულ ქალს თუ მამაკაცს, რომ ჩემი რჩეულები არიან და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს ვეტყოდი, თუ რაოდენ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სიყვარულის უნარს მაშინ კარგავენ, როდესაც ბერდებიან, არადა არც იციან, რომ მაშინ ბერდებიან, როდესაც აღარ უყვართ! ბავშვს ფრთებს ვაჩუქებდი, ოღონდ ნებას მივცემდი მარტოს ესწავლა ფრენა. ვისწავლე ის, რომ ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, ის კი არ იციან, რომ ნამდვილი ბედნიერება ციცაბო კლდეზე ასვლაშია. ვისწავლე, რომ როცა ახალშობილი პირველად მოუჭერს მამის ხელს თავისი პატარა მუშტს, სამარადისოდ იჭერს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება, ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში მათი უმრავლესობა არაფერში გამომადგება, რადგანაც, როცა იმ ჩემოდანში შემინახავენ, საუბედუროდ, უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ მცოდნოდა, დღეს უკანასკნელად გხედავ, როგორ იძინებ, მაგრად მოგეხვეოდი და უფალს შევევედრებოდი, შენი სულის მფარველად ვექციე. რომ მცოდნოდა, უკანასკნელად გხედავ, როგორ გადიხარ კარებში, ჩაგეხუტებოდი, გაკოცებდი და... ისევ მოგიხმობდი საკოცნელად. რომ მცოდნოდა, უკანასკნელად ვისმენ შენს ხმას, ჩავიწერდი თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას, რათა მომესმინა ისევ და ისევ უსასრულობამდე. რომ მცოდნოდა, შენთან ყოფნის უკანასკნელ წუთებს ვითვლი, გეტყოდი `მიყვარხარ’’ და არ ჩავთვლიდი სულელურად, რომ შენ ეს უკვე იცი. ყოველთვის არსებობს ხვალინდელი დღე და ცხოვრება გვაძლევს სხვადასხვა შესაძლებლობას კარგი საქმეების საკეთებლად, მაგრამ თუკი მე ვცდები და ხვალინდელი დღე ის ყველაფერია, რაც კი დაგვრჩენია, ვისურვებდი, მეთქვა შენთვის, თუ როგორ მიყვარხარ, რომ არასოდეს დაგივიწყებ შენ. ხვალინდელი დღე შეიძლება ყველას არ გაუთენდეს, ახალგაზრდა იქნება ეს თუ მოხუცი. დღეს შეიძლება უკანასკნელად ხედავდე მათ, ვინც გიყვარს. სწორედ ამიტომ, მეტს ნუღარ მოიცდი, იმოქმედე დღეს, რადგანაც თუკი ხვალინდელი დღე აღარასოდეს მოვა, ალბათ დაგენანება ის დღე, როდესაც არ გამოყავი დრო ღიმილის, ხვევნისა თუ კოცნისთვის და რომ დაკავებული იყავი ამ ყველაფრის უკანასკნელ სურვილად ქცევის პროცესით. ახლოს იყოლიე ყველა, ვინც გიყვარს. უთხარი მათ ხმამაღლა, რომ ძალიან გჭირდება ისინი. მოექეცი მათ კარგად. გამონახე დრო ისეთი სიტყვების სათქმელად, როგორებიცაა: `მაპატიე’’, `ვწუხვარ’’, `თუ შეიძლება’’, `მადლობა’’ და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც კი იცი. შენი ფარული ფიქრებით არავინ გაგიხსენებს. უფალს სთხოვე ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. დაუმტკიცე შენს მეგობრებს, რაოდენ მნიშვნელოვანნი არიან შენთვის. თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ დღეს, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი და თუ არასოდეს გააკეთებ ამ ყველაფერს, არც ამას აქვს მნიშვნელობა. აიხდინე შენი ოცნებები, რადგანაც ახლა სწორედ ამის დროა.
|