გამოდი კაბიდან,
გამოდი თმებიდან,
დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.
დღეს ჩამოვიხსენი
სიმძიმე მხრებიდან
და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის.
გამოდი სულიდან,
გამოდი წვიმაში,
პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.
ჩაწექი შიშველი
მხურვალე სილაში,
მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.
გამოდი და ისე
თამამად მიყურე,
მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.
სარკიდან გამოჭრილ
ალესილ ფიგურებს
შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.
გამოდი და მზეზე
გული დაასვენე,
სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი.
ესპანურ კანტატას
მღერიან მასები
და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.
გამოდი, სისხლივით
ჩქარია კორიდა,
გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს.
გამოდი, დაჭრილი
მოვედი ომიდან
და შენს თავს ვიბრუნებ.