მთავარი » 2010 » მაისი » 22 » გაბრიელ გარსია მარკესი
8:53 AM გაბრიელ გარსია მარკესი |
უკადრისი იკადრა, _ უთხრა მოხუცს მეფუნდუკე ქალმა, _ მძინარე ქალისთვის არ უნდა ჩაედო თითი პირში ან გაეკეთებინა რაღაც ამდაგვარი. იასუნარი კავაბატა, `მძინარე მზეთუნახავების სახლი~
1. ოთხმოცდაათი წლისა რომ გავხდი, გადავწყვიტე, დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარი თავისთვის თავად მიმერთმია საჩუქარი _ უბიწო გოგონასთან გიჟური სიყვარულის ღამე. როსა კაბარკასი გამახსენდა _ იატაკქვეშა დაწესებულების დიასახლისი: როგორც კი `ქორფა~ გოგოს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე თავის გულუხვ კლიენტებს ატყობინებდა. მე არ მიზიდავდა მისი ბილწი შემოთავაზებები, მას არ სჯეროდა ჩემი პრინციპების სიწმინდისა. `მორალი დროის საქმეა, _ ღვარძლიანად ქირქილებდა ის. _ მოვა დრო, თვითონ დარწმუნდები~. როსა ჩემზე ცოტათი უმცროსი იყო. რამდენი წელიწადია არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ აღარც არის ცოცხალი, მაგრამ ყურმილში მომესმა თუ არა ხმა, მაშინვე ვიცანი _ როსა იყო. ეგრევე მივახალე: _ დღეს _ კი. როსა კაბარკასმა ამოიოხრა: `ეჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, მთელი ოცი წელი სადღაც გადაიკარგები, მერე უცებ გამოჩნდები და შეუძლებელს მთხოვ~. მაგრამ ხელობა მაინც ხელობაა და როსამაც ასარჩევად რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა: ყველანი ხმარებაში გაცვეთილები იყვნენ. უსათუოდ ქალწული და უსათუოდ ამაღამ-მეთქი, _ ვთქვი შეუვალად. როსა დაიბნა: `კი მაგრამ, რისი იმედი გაქვს?~ `არაფრის, _ როსამ მტკივნეულ ადგილზე დამადგა ფეხი, _ მშვენივრად ვიცი, რა შემიძლია და რა არ შემიძლია~. როსა ცოტა დამშვიდდა: `ბრძენმა ხალხმა ყველაფერი იცის და მაინც ყველაფერი არ იცის. ამქვეყნად ერთადერთი `ქალწულები~ თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები. რატომ ადრე არ გამაფრთხილე?~ `აღმაფრენა წინასწარ არაფერს გითანხმებს~, _ ვთქვი მე. `მაგრამ მოცდა შეუძლია~. რაკი როსამ ყოველთვის ყველაფერი მამაკაცებზე უკეთ იცოდა, მთხოვა, იქნებ ერთი-ორი დღე მაცალო, საგულდაგულოდ გადავხედავ ჩემს `ბაზარსო~. სრულიად სერიოზულად ვუპასუხე, ასეთ საქმეში ჩემი ასაკის კაცისთვის ყოველი დღე წელიწადს უდრის-მეთქი. `ეშმაკმა დალახვროს, რაც არის, არის, _ გადაწყვიტა როსამ უცბად, _ არა უშავს, მგონი, უფრო საინტერესოცაა. ერთ საათში დაგირეკავ!~ ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება იმას, რაც შორიდანაც კარგად ჩანს: მე ერთი ულამაზო, მორიდებული და ძველმოდური კაცი ვარ, მაგრამ რაკი არ მსურდა ასეთი ვყოფილიყავი, თავს ისე ვაჩვენებდი ყველას, თითქოს ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით იყო, ოღონდ _ დღეს დილამდე. დღეს დილით კი გათენებულზევე მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს მეთქვა საკუთარი თავისთვის _ თუნდაც სინდისის დასამშვიდებლად _ რაც ვარ და ვინც ვარ სინამდვილეში. ჰოდა, დავიწყე კიდეც საქმე როსა კაბარკასთან უჩვეულო სატელეფონო საუბრით. როგორც ახლა მესმის, ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი იმ ასაკში, როცა უბრალო მოკვდავთა უმეტესობა, როგორც წესი, უკვე მიცვალებულია. ვცხოვრობ კოლონიური სტილის სახლში სან ნიკოლას პარკის მზიან მხარეს. ამ სახლში გავატარე მთელი ჩემი უქალო და უსახსრო ცხოვრება. აქ ცხოვრობდნენ და აქ განერიდნენ სიცოცხლეს ჩემი მშობლები. მეც აქ გადავწყვიტე სიკვდილი მარტოობაში და იმ საწოლში, რომელზეც დავიბადე; აქ უნდა დაველოდო იმ დღეს, რომელიც, ძალიან მინდა, ცოტა მოგვიანებით და უწვალებლად მოვიდეს. ეს ორსართულიანი შენობა მამაჩემმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იყიდა. ქვემო სართული ერთ იტალიურ კონსორციუმს მიაქირავა და იმათაც იქ დიდებული მაღაზია გამართეს. მამამ ზემო სართული თავისთვის დაიტოვა. აქ დაქორწინდა იგი ამ იტალიელთაგან ერთ-ერთის ქალიშვილზე _ ფლორინა დე დიოს კარგამანტოსზე. ფლორინა სილამაზით დაეჯილდოებინა ღმერთს, საუცხოოდ უკრავდა მოცარტს, იყო პოლიგლოტი და გარიბალდელი და რაც მთავარია, მთელ ქალაქში გამოირჩეოდა ერთი განსაკუთრებული ნიშნით: იგი ჩემი დედა იყო. დიდსა და ნათელ სახლს თაბაშირის თაღები, ფლორენციული მოზაიკით ჭადრაკულად დაგებული იატაკი და აივანზე გამავალი ოთხი დიდი შემინული კარი აქვს. აივანი სარტყელივით არტყია მთელ სართულს. დედაჩემი და მისი იტალიელი კუზინები მარტის საღამოობით სხდებოდნენ ხოლმე აივანზე და სასიყვარულო არიებს მღეროდნენ. აქედან კარგად ჩანს სან ნიკოლას პარკი, ტაძარი და ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, იქით, ცოტა მოშორებით, სანაპიროსკენ, ღვინის სარდაფებია, სარდაფებს უკან კი დიადი მდინარე მაგდალენას შესართავი გადაჭიმულა ფართო სივრცეზე. სახლში ერთადერთი შემაწუხებელია მზე. მთელი დღის განმავლობაში ხან ერთ ფანჯარას მოადგება, ხან მეორეს, და მეც სიესტის პაპანაქებაში ცოტა ხნით მაინც რომ მოვატყუო თვალი, ფანჯრებზე სქელი ფარდების ჩამოფარება მიწევს. ოცდათორმეტი წლის ვიყავი, როცა მარტო დავრჩი ამ სახლში. ჩემი მშობლების საძინებელ ოთახში გადავბარგდი, ბიბლიოთეკის კარიც გავაღე და... საერთოდ, თუკი რამ ზედმეტი მეჩვენა პირადად ჩემთვის, ყველაფრის გაყიდვას მივყავი ხელი. ზედმეტი კი ჯერჯერობით თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა წიგნებისა და ლილვაკებიანი პიანოლის გარდა. ორმოცი წელიწადი `დიარიო დე ლა პასს~ ვბერავდი `ახალი ამბებით~. იქაურ მოსახლეობას მსოფლიოს ამბებს ვაცნობდით. ამბებს კი თავად ვიჭერდით ციურ სივრცეში მოკლე ტალღებზე ფრენისას, ან მორზეს ანბანს ვიშველიებდით. დღესდღეობით, კი არ ვცხოვრობ, უფრო ვარსებობ იმ პენსიით, რომელიც აწ უკვე ჩამკვდარი საქმიანობისთვის მერგო. მცირე საფასურად ვასწავლი ლათინურსა და ესპანური ენის გრამატიკას, თითქმის არაფერს მიხდიან საკვირაო წერილებში, რომელთაც აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, დაუღალავად ვაცხობ და ვაცხობ. ასევე გროშსაც არ მიხდიან მუსიკასა და თეატრზე დაწერილ პატარ-პატარა სტატიებში, რომლებსაც ვაქვეყნებ თითქმის ყოველთვის, როცა კი ცნობილი მსახიობები და მუსიკოს-შემსრულებლები ჩამოდიან ჩვენთან. სხვა საქმე არც ვიცი და არც არასოდეს მიკეთებია, მხოლოდ ვწერდი. განსაკუთრებული ნიჭი ნამდვილად არ გამაჩნია, არც ამ საქმისადმი მოწოდება მაწუხებს ძალიან, არც დრამატურგიული კომპოზიციების კანონებისა გამეგება რამე ღრმად. ამ საქმეს მხოლოდ იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ მჯერა ცოდნის ძალისა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვისრუტავდი წიგნებიდან. უხეშად რომ ვთქვა, გვარში ღირსებასა და ბრწყინვალებას მოკლებული ნაბოლარა ვარ, რომელსაც არაფერი ექნებოდა შთამომავლობისთვის დასატოვებელი, რომ არა ის ამბავი, რომელიც მე შემემთხვა და რომელზეც გიამბობთ ამ მოგონებაში _ ჩემს დიდ სიყვარულზე.
|
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ |
ნანახია: 1704 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 4.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 28 სტუმარი: 28 მომხმარებელი: 0 |
|
|