♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » გაბრიელ გარსია მარკესი
8:52 AM
გაბრიელ გარსია მარკესი

საკუთარი დაბადების დღე _ ოთხმოცდაათი რომ შემისრულდა _ როგორც ყოველთვის, დილის ხუთ საათზე გამოღვიძებულს გამახსენდა. ერთადერთი საქმე, რაც ამ დღეს უნდა გამეკეთებინა, საკვირაო სტატია იყო `დიარიო დე ლა პასისთვის~. დილის სიმპტომები იდეალურად მიწყობდა ხელს, სულაც არ მეგრძნო თავი ბედნიერად: ძვლები მტეხდა, უკანალში ცეცხლი მეკიდა და სამი თვის გვალვის შემდეგ ჭექა-ქუხილიც სერავდა ზეცას. ხელ-პირი დავიბანე, თაფლიანი ყავა დავლიე, ორი ღვეზელიც მივაყოლე და საშინაო ტილოს ხალათი ჩავიცვი.
იმდღევანდელი სტატიის თემას, რა თქმა უნდა, ჩემი ოთხმოცდაათი წელი წარმოადგენდა. ასაკზე არასოდეს მიფიქრია, ისევე როგორც არ მიფიქრია, ვთქვათ, სახურავი არის თუ არა სადმე გახვრეტილი... რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენმა ზამთარმა თუ ზაფხულმა...
ბავშვობაში გამიგონია, როცა ადამიანი კვდება, მის თმაში ჩაბუდებული ტილები შეშინებული იფანტებიან თურმე ბალიშზე ახლობლების სამარცხვინოდ. გაგონილმა ისე დამზაფრა, რომ მახსოვს, სკოლაში წასვლისას თმა პირწმინდად გადავაპარსვინე, ხოლო აქამდე შემორჩენილ ორ-სამ ღერ ამობიბინებულ ბალანს ძაღლებისთვის განკუთვნილი იასამნის საპნით ვიბან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, როგორც ახლა ვაანალიზებ, სირცხვილის გრძნობა უფრო მძაფრად ჩამომიყალიბდა ბავშვობიდანვე, ვიდრე წარმოდგენა სიკვდილზე.
უკვე რამდენიმე თვეა ვფიქრობ ჩემს საიუბილეო სტატიაზე. იგი განვლილ წლებზე საყოველთაოდ მიღებული ვიშვიშით კი არა, სიბერის განდიდებით იქნება გაჯერებული. ნეტავ როდის მივხვდი, რომ დავბერდი? ჰო, გავიხსენე, თურმე სულ ახლახან, ლამის გუშინ მივმხვდარვარ ამას. ორმოცდაორი წლის ვიყავი, ზურგი რომ ამტკივდა და სუნთქვაც გამიძნელდა. წავედი ექიმთან. მან არაფრად ჩააგდო ჩემი წუხილი: `თქვენს ასაკში ეს ნორმალური მოვლენაა~, _ მითხრა მან.
_ მაშინ ჩემი ასაკი ყოფილა არანორმალური, _ არ შევეპუე მე.
ექიმმა სიბრალულით გამიღიმა: `ფილოსოფოსობთ?~ პირველად სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი სიბერეზე ჩემს ასაკთან მიმართებით, მაგრამ მალე გადავივიწყე. უკვე მივეჩვიე, ყოველ დილით რაღაცის ტკივილი მაღვიძებს. წლებთან ერთად ტკივილიც მემატება, ხან რა მტკივა და ხან რა, ხან ნაკლებად, ხან მეტად. ზოგჯერ მომჩვენებია, სიკვდილი მიკაკუნებს კარზე და მორჩა, აღარაფერი მეშველება-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს ისე მიგრძნია თავი, ვითომ არც არაფერი მტკენოდეს როდისმე. გამიგონია, კაცი რომ დროთა განმავლობაში მამას ემსგავსება, სწორედ ეს არის სიბერის ნიშანიო. მე, ეტყობა, მარადიული ახალგაზრდობა მაქვს დაბედებული, რადგან ჩემი ცხენისებური პროფილი არასოდეს დაემსგავსება არც მამაჩემის კარიბულ პროფილს და მით უმეტეს, არც დედაჩემისას, რომელსაც რომაელი იმპერატორის პროფილი ჰქონდა. საქმე ის არის, რომ სიბერის პირველი ნიშნები ისე ნელ-ნელა გეპარება, რომ თითქმის ვერც ამჩნევ, რადგან შინაგანად არ იცვლები, იგივე ხარ, რაც იყავი წლების წინ. სამაგიეროდ სხვები ამჩნევენ შენს ცვლილებას.
მეხუთე ათეულში გადამდგარი თანდათან ვხვდებოდი, რა იყო სიბერე. შევამჩნიე, მეხსიერება ხანდახან მღალატობდა. რამდენჯერ გადამიბრუნებია მთელი სახლი სათვალის ძებნაში და ბოლოს საკუთარ ცხვირზე მიპოვია. რამდენჯერ სათვალიანი შევმდგარვარ შხაპქვეშ... ერთხელაც მეორედ ვისაუზმე, თუმცა ახალი ნასაუზმევი კი ვიყავი. ჩემი მეგობრებიც გვარიანად შევაშინე, ერთი კვირის წინ მოყოლილი ამბავი ხელმეორედ რომ ვუამბე. მართალია, ბევრი ნაცნობისა თუ მეგობრის სახელი მეხსიერებაში ჯერ კიდევ მქონდა შემონახული, მაგრამ მისალმებისას ვერაფრით ვაკავშირებდი ერთმანეთთან სახელსა და პიროვნებას.
სექსის საკითხში ასაკი არასოდეს მადარდებდა, რადგან ჩემი შესაძლებლობები იმდენად ჩემზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც ქალზე. ქალებს თუ უნდათ, ძალიან კარგად იციან, რა დროს რა და როგორ არის საჭირო. დღეს სასაცილოდ არ მყოფნის ოთხმოცი წლის ბიჭების საქციელი. როგორც კი რაღაც არ გამოუვათ, მაშინვე ექიმთან გარბიან, ის კი არ იციან, ოთხმოცდაათი წლისებს უარესი რომ დაემართებათ, მაგრამ აზრი აღარაფერს ექნება. რისკით იცხოვრებენ, შურს იძიებენ სიცოცხლეზე და ცხოვრების, სიცოცხლის დღესასწაულიც სწორედ ის არის, რომ მოხუცების მეხსიერება დიდხანს არ იჩერებს გონებაში ნაკლებად არსებით ამბავს და მხოლოდ ძალზე იშვიათად გვღალატობს იგი მართლაც რაღაც მნიშვნელოვანის დროს. ციცერონმა ეს მოვლენა ერთ ფრაზაში ჩაატია: `არ არსებობს მოხუცი, დაავიწყდეს, სად გადამალა განძი~.
ამ ნაფიქრსა და განსჯილს კიდევ რაღაც-რაღაცები დავუმატე და პირველი შავად ჩანაწერი რომ დავამთავრე, აგვისტოს მზემ იფეთქა კიდეც პარკის ნუშის ხეებში და სამდინარო-საფოსტო გემიც გვალვის გამო ერთი კვირის დაგვიანებით შემოგუგუნდა პორტში. აი, მოცურავს ჩემი ოთხმოცდაათი წელი-მეთქი, გავივლე გუნებაში. ვერ ვიტყვი, რატომ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ ამას, მაგრამ შელოცვასავით იყო თუ რა იყო, წამში გადავწყვიტე როსა კაბარკასთან დამერეკა და მეთხოვა, დამხმარებოდა ჩემი იუბილეს აღსანიშნავ თავაწყვეტილი ღამის მოწყობაში. უკვე რამდენიმე წელიწადია დავბორიალობ ჩემი საყვარელი ლათინელი ავტორების წაკითხულ-გადაკითხულ წიგნებში, თავით ფეხამდე ვარ ჩაფლული კლასიკურ მუსიკაში, მაგრამ იმ დღეს ისეთმა სურვილმა წამომიარა, ნამდვილად ღვთის ნიშნად მივიღე. სატელეფონო საუბრის შემდეგ წერის თავი აღარ მქონდა. ჰამაკი ბიბლიოთეკის იმ კუთხეში გავკიდე, სადაც დილაობით მზე არ აღწევს, და ჩავწექი. გული მეწურებოდა მტანჯველ მოლოდინში.
დედაჩემი პატარაობიდანვე მანებივრებდა. იგი მრავალმხრივ განათლებული ქალი იყო. ორმოცდაათი წლისა გარდაიცვალა ჭლექით. მამაჩემმა, უწესიერესმა პიროვნებამ, ვისაც ცხოვრებაში, მგონი, ერთი შეცდომაც კი არ მოსვლია, თავის ეულ საწოლში, ქვრივი კაცის საწოლში დალია სული განთიადისას. სწორედ ამ დღეს მოეწერა ხელი ნეერლანდიის პაქტს, რომელმაც წერტილი დაუსვა გასულ საუკუნეში წამოწყებულ ათასდღიან ომსა და, საერთოდ, არაერთ სამოქალაქო ომს. მშვიდობამ სრულიად მოულოდნელად და არასასურველად შეცვალა ქალაქი. თავისუფალი ქალების ტალღამ აავსო ღვინის სარდაფები `ფართო ქუჩაზე~, რომელსაც შემდგომში აბელიოს ქუჩა დაერქვა. ამჟამად კი კოლუმბის პროსპექტი გახდა ამ ასერიგად საყვარელი ქალაქის გულში, ქალაქისა, რომელიც ერთნაირად უყვარს თავისიანსაც და უცხოელსაც გულკეთილობისა და კაშკაშა შუქის გამო.
უფულოდ არც ერთ ქალთან არ ვწოლილვარ. ძალზე იშვიათად, როცა არაპროფესიონალთან მიწევდა დაწოლა, ვცდილობდი, ძალით მიმეცა ფული, იმასაც აეღო და მერე თუნდაც ნაგავში გადაეყარა. ოცი წლის ასაკიდან შევადგინე მათთან ანგარიშსწორების დავთარი. ვიწერდი სახელს, ასაკს, შეხვედრის ადგილს, საერთოდ, ვითარებასა და თითოეულის სტილს. ორმოცდაათი წლისას სიაში უკვე ხუთას თოთხმეტი ქალი მყავდა ჩაწერილი, აქ ერთხელ ნამყოფებიც ერია. ჩაწერა მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც სხეულს ძველებური სიჩაუქე წაერთვა. ახლა უკვე გონებაში ვიწერდი, უქაღალდოდ. მე ჩემი ეთიკა მქონდა. არასოდეს ვმონაწილეობდი ჯგუფურ სექსში ან ხალხმრავალ ადგილას, არასოდეს არავისთვის გამინდვია ჩემი სხეულისა თუ სულის თავგადასავალი, რადგან ბავშვობიდანვე ვიცოდი, არც ერთი და არც მეორე დაუსჯელი არ დარჩებოდა.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1719 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-12-03, 7:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024