სადღაც გარეთ
გარეთ გაჩერებასთან, გარეთ, სადღაც პროსპექტზე,
მიდის მარტის ნომრებით, ოცდაერთი რეისი,
იცი? აქეთ, გამოღმა, მტკვრის ტალღებად, რომ ფეთქდე,
სულსაც გავაშიშვლებდი, თუმცა ღმერთი მე ისევ
დამეკარგა თითქოს და, თითქოს გამოვისყიდე
ყველა სასოწარკვეთა, რაც კი წუხელ დამჩემდა,
ო, როგორი იმედით, ო, როგორი სიმშვიდე,
გაითიშა გზაში და გაუცხოვდა ჩემამდე.
მენდე, სიძვის ღამეებს აღსარება წავართვი,
შენ კი ასე უბიწოდ გაიშალე თანდათან,
მოვიდოდი უთუოდ, მე ასეთი წარმართი,
გარეთ, სადღაც პროსპექტზე, გარეთ, გაჩერებასთან.
........................................................................................
მიკვირს, მაგრამ უჩვეულოდ მოითენთე
და პეპლებმაც დაგახატეს წელთან ტატუ,
გაზაფხული მკერდს იშიშვლებს, მალე დენთი...
მალე ერთად ავფეთქდებით, ამას ვატყობ.
მოერიდე, უნამუსო წიწვის თავი
გეურჩება, თუმცა ფიჭვიც, ალბათ როშავს,
მე კი, რაღა დაგიმალო, ვიწვისავით,
შენთან ახლოს – ფრთებ მოჭრილი ალბატროსი..
|