შეუძლებლობის შესაძლებლობით ვშორდებით მიწას, ზევით უხსოვარ მომავალის დასაბამისკენ, აღარაფერი ჩვენ ამ წარსულში აღარ გვახარებს, აღარაფერი ამ ქვეყანაზე არ შეგვაჩერებს.
ეს ჩვენ აქ გვთვლიან უცხოებად ერთმანეთისთვის, ვერ მხილველები სასახლეთა გამჭოლ ისრების, დროში დაკარგულ მატარებლის ძველი მგზავრები, ჩვენ უსასრულო დაშორების ვერ მიმხვედრები.
...და მერე როცა გაიფრენენ ათასწლეულნი, ჩვენ ერთმანეთით აღვსილები კვლავ დავბრუნდებით, სიყვარულისთვის ჯვარზე ნაცვამ კაცობრიობას და ერთმანეთით ნახარები ერთნი ვიქნებით.
.................................................................
სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა, ხომ აღარასდროს გაგიტაცებდი? აღარასოდეს მოგწყვეტდი ციდან და შენც არასდროს შემიყვარებდი.
არც დღეს ღამე არ შეეყრებოდა, როგორც ჩემს თვალებს შენი თვალები და მთვარეს მზე არ დააბნელებდა მოლოდინისგან განაწამები.
არ აქვს სიყვარულს გზა და კანონი, ის ზეციური არის მომხვდური და თუ მას ვინმე დაემალება, თავად ექნება თავთან სამდური.
ეს ასე არის დასაბამიდან და უსასრულოდ ასე იქნება, ერთი წესი აქვს ცასა და მიწას ერთი სიმღერით გადაჭენება.
...სიყვარულსაც რომ შეეძლოს მოცდა, ხომ აღარასდროს გაგიტაცებდი? აღარასოდეს მოგწყვეტდი ციდან და შენც არასდროს შემიყვარებდი.
|