რახან ეს ზეცა უსასრულოა მაშინ არაფერს არ აქვს საწყისი, სივრცეში ვჩნდებით და დროში ვქრებით, დიდი ტაბლაა დედამიწა, ჩვენ ვართ სანთლები ანთებული ამ მიწის ბეჭზე, უხილავი შემოქმედის ხელით ავენთეთ და სულით ვიწვით, სივრცეში ვჩნდებით. დროში ვბერდებით და ვიღვენთებით, ხედავთ რარიგად ლიცლიცებს ალი ჩვენით ანთია ეს დედამიწა, ეს ყველაფერი არის სიზმარი, დედამიწის ცხადი სიზმარი, რომელიც ჩვენით ცხოველდება და ქრება ისევ. და ღმერთმა იცის კიდევ როდის განმეორდება რაც მოხდა ერთხელ. რარიგად მისდევს ყველაფერი ერთიმეორეს: კვირტი, რომელიც ხეზე ჩნდება, მერე ფოთლდება, როგორ ჰგავს კაცის დაბადებას, ორივე ჭკნება და სადღაც, შორიდან გადაწეწილ დროის ქარს მიაქვს. შენ, შემოქმედო გამარკვიე რისთვის გჭირდებით, სანთლად რომ გვანთებ, ნუთუ ჩვენით მიიკვლევ წყვდიადს...
|