სონეტი 7 ხედავ? მნათობი მაღლა იწევს ალმოდებული! ყოველი თვალი უმზერს ნათლის ამობრძანებას, ყოველი არსი სალამს უთვლის აღტაცებული და მის ღვთაებრივ სახეს კრძალვით ეთაყვანება.
როგორც ცხოვრების შუადღისას ვაჟკაცი მძლავრი, არ ერიდება შუა ციდან თავის ჩვენებას, ოქროს ეტლიდან გადმოგვცქერის ციური მგზავრი და მოკვდავ თვალებს ტრფობით ავსებს მისი მშვენება.
მაგრამ როდესაც უმაღლესი ზეციდან იგი დაბლა ეშვება და დაღლილი ვერ იკრებს ძალას, პირს მიაბრუნებს მოთაყვანე ყოველი იქით, და ზურგშექცევით მისკენ მდგარი სახესა მალავს.
შენც ასე წახვალ. შუადღის ჟამს მისებრ ძლიერო, თუ არ დატოვე ქვეყნად ვაჟი სამაგიერო.
|