ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...
მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.
გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.
ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.
მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.
ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.
როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...