♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 14 » წერილი ნაძვებს
10:37 AM
წერილი ნაძვებს


საშინელმა სიზმრებმა გატანჯეს ჯღუნაი და შემკრთალს გამოეღვიძა.
კარგა ხანს ღამის ზმანებები ედგა თვალებში. საწოლზე იჯდა თავჩაღუნული. მერე ფეხებზე ტალახიანი ჩექმები ჩაიცვა და ბერის სახლისაკენ მიმავალ ორღობეს გაჰყვა დაფიქრებული.
მზე კარგა აქეთ ამოსცილებოდა აღმოსავალს.
ბერის სახლის წინ სოფლის დედაკაცები ისხდნენ და ჩუმად რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. იმათ შორის იჯდა ბერის ცოლიც. იდაყვზე სახეჩამოყრდნობილი დროდადრო სახლის ფანჯარას შეხედავდა და ამოიოხრებდა.
სიჩუმეს მარტო ღობის მარგილზე შემომჯდარი ყვავი არღვევდა. საავოდ ყრანტალებდა ყვავი.
_ ყვა შენ და შენი ხმის გაცივება! _ ქოქოლას აყრიდნენ ყვავს დედაკაცები.
ჯღუნამ ღობიდან მარგილი მოტეხა და ყვავს ესროლა. ყვავი გაფრინდა და ახლა ბანის წვერზე შემომჯდარი მოჰყვა ყრანტალს. ჯღუნაი კედელ-კედელ წამოეპარა და დიდი სიპი ესროლა. ყვავმა ისევ შეიცვალა ადგილი. ჯღუნამ თავი გაანება და დედაკაცებთან ჩამოვიდა.
_ როგორ არის საქმე? _ იკითხა ჯღუნამ.
_ წუხელ მაგარი შეტევები ჰქონდა, _ თქვა ბერის ცოლმა.
_ ნემსი გაუკეთეთ?
_ არ გაგვაკეთებინა.
_ ცოტა მაინც არ გახმა?
_ ხმება, მაგრამ ისე დარდობს იმის გახმობას, ალბათ გადაჰყვება. გულიც რო ეხლა ასტკივდა!
_ ექიმი არ ამოვიდა?
_ ჰო, ამ დილით ამოვიდა, _ თქვა ბერის ცოლმა და ამოიოხრა.
_ რა თქვა, რაო.
_ თუ იმ ნემსებს არ გაიკეთებს, არ გახმებაო. როგორ არ ვეხვეწეთ, მაინც არ გაიკეთა.
_ სხვა წამალი არაფერი დაუნიშნა?
_ ჯერ არა, ელაპარაკება, შიგნით არის.
ჯღუნაი სახლში შევიდა.
საწოლზე ზის ბერი. მარცხენა მხარზე ტანსაცმელი ამოუჭრიათ და იქიდან პატარა ნაძვს ამოუყვია თავი.
შიშველი ფეხები საწოლის წინ ამოთხრილ მიწაში უწყვია ბერს და მიწას წყალს უღვრის.
_ ნუ, ბერო, გასცივდები, ნუ იღუპავ თავს, _ ეხვეწება ბერს ექიმი, სამოც წელს მიტანებული დაბალი ებრაელი ქალი. ეს ქალი გუდამაყრელების მკურნალი ანგელოზია.
_ რას შვრები, კაცო, ნემსებს არ იკეთებ და მიწაში რო ფეხებს აწყობ, შენს გულს მაგით ეშველება?
_ მე არა, ამას ეშველება, _ მხარზე ამოსულ პატარა ნაძვზე ანიშნებს ბერი ჯღუნას.
_ შე კაი კაცო, მაგდენი როგორ არ გესმის, შენ თუ დაიღუპები, ეგ ნაძვიც ხო დაიღუპება, რა გაჰქეჯდი, გაიკეთე ნემსები.
_ ნემსი როგორ გავიკეთო, გახმება, ხო ხედავ, როგორ ჩამოუჭკნა წიწვები.
ბერმა ფეხებში მოყრილ მიწას წყალი დაასხა.
ოთახში უცხო კაცი შემოვიდა და იქ მყოფთ გამარჯვება უთხრა.
_ გაგიმარჯოს, _ სულ ბოლოს თქვა ბერმა და მოსულს სიგარეტზე ანიშნა, _ ჩააქრე, მაგის ბოლზე უფრო ხმება.
ახალმოსულმა სიგარეტი ჩააქრო და თქვა:
_ მე თქვენი სკოლის ახალი მასწავლებელი ვარ. გეოგრაფიას ვასწავლი. ამ უცნაურმა ამბავმა დამაინტერესა და იმიტომ მოვედი. გაოცებული ვარ პირდაპირ, გაოცებული. პირველად მესმის, რომ კაცს მხარზე ნაძვი ამოუვიდა. არა, თუ შეიძლება უფრო ღრმად გამარკვიეთ ამ საქმეში.
_ რა არის აქ ღრმად გასარკვევი, ამოვიდა, _ თქვა ბერმა.
_ თქვენ ამბობთ, რომ ღრმად გასარკვევი არაფერია, უბრალოდ, ამოგივიდათ, ხომ? მაგრამ მე გადმომცეს, რომ თქვენ შვილივით ეპყრობით მაგ ნაძვს. ჰაერზე ასეირნებთ, იმის გულისთვის, რომ წამლებმა ნაძვი არ გაახმოს, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებთ. არ არის ეს ღრმად გასარკვევი ამბავი? რას მეტყვით, საიდან გაჩნდა ეს მამაშვილური მზრუნველობა, ჰა?!
_ მე შვილი არა მყავს, _ თქვა ბერმა და მასწავლებელს, რომელმაც სიგარეტი აანთო, სთხოვა:
_ თუ შეიძლება, აქ ნუ მოსწევთ.
_ უკაცრავად, სულ გადამავიწყდა. და კიდევ ერთი: არ გეგონოთ მე თქვენი ცოლის მიერ მოგზავნილი, ეს ჩემი რჩევა არის _ თქვენ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ნემსები, სხვანაირად გული არ მოგირჩებათ. ნაძვები, ბატონო, ტყეში რამდენიც გინდათ, იმდენია, თქვენ კი ერთი პატარა ხის გულისათვის...
_ თქვენ რომ ამოგსვლოდათ, რას იზამდით? _ ჰკითხა ბერმა.
_ თქვენსავით გული რომ მტკივებოდა, ალბათ, ჩემს თავს ვარჩევდი და წამლებს მივიღებდი. თქვენ კი სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ და იცით თუ არა, რომ ამით თქვენში მყოფ ღმერთს კლავთ.
_ განა ეს ნაძვი კი ცოცხალი არ არის?! _ თქვა ბერმა.
_ ეგ ნაძვი ისეც გახმება.
_ იქნებ არ გახმეს, _ თქვა ბერმა და წასასვლელად მოემზადა.
_ სად მიხვალ? _ ჰკითხა ჯღუნამ.
_ უნდა ვასეირნო, აქ ჩახუთული ჰაერია, შეიძლება აქ მართლა გახმეს.
_ გულის წვეთები მაინც დაგელია,. _ სთხოვა ექიმმა.
ბერმა არაფერი თქვა, ფრთხილად გავიდა ვიწრო კარში, რომ ნაძვი არაფერს წამოსდებოდა ტოტებით.
_ თქვენ ღმერთი გწამთ? _ ჰკითხა ექიმმა მასწავლებელს.
მასწავლებელი დაიბნა.
_ არა, ეს ისე... ძალიან უცნაური შემთხვევაა. როგორ უნდა ამოუვიდეს კაცს ნაძვი?

ამის მერე შეიძლება ყველაფერი იწამო და არაფერი არ იწამო. ვითომ რატომ უნდა ამოსვლოდა ნაძვი, ჰა?
_ ომში დაჭრილა და ტყეში ნაძვის მტვერი ჩაჰყრია ჭრილობაში, _ თქვა ექიმმა.
_ როგორ გგონიათ, ექიმო, არაფერი ეშველება? _ იკითხა ჯღუნამ და ნათქვამს დარდი ამოაყოლა.
_ როგორმე ნემსები უნდა გავუკეთოთ, რომ გახმეს ის ნაძვი.
_ როგორ, აბა, ღამეც არ იძინებს, სუ იმ ნაძვს ჰყარაულობს, შვილივით უვლის.
_ გულმა შეიძლება ვეღარ გაუძლოს, მკურნალობა აუცილებელია, _ თქვა ექიმმა,
_ პირდაპირ ღრმად შესწავლის ღირსია ეს თემა, _ თქვა მასწავლებელმა და სიგარეტი გააბოლა.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1268 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 69
სტუმარი: 69
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024