5 მარტივი რჩევა იმისათვის, თუ როგორ შეინარჩუნოთ სიყვარული ფინანსური კრიზისის პერიოდში.
ადვილია იყოთ ალერსიანი ცოლი, თუ ოჯახში ყველაზე დიდი კონფლიქტი იმის გამო ხდება, თუ სად წახვიდეთ დასასვენებლად - ზღვაზე თუ მთაში. მაგრამ ამჟამად იშვიათად არსებობს ისეთი ოჯახი, ვისაც არ შეხებია ფინანსური კრიზისი. ქმარი სამსახურიდან (თუ ჯერ კიდევ მუშაობს) გაღიზიანებული ბრუნდება და ყველაფერზე ჩხუბობს. რა უნდა ქნას ამ დროს ცოლმა? რა თქმა უნდა არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი აქნევით ყველაფერი გამოასწოროთ და ყველა პრობლემა მოაგვაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ასატანი მაინც გახადოთ და ქმარს გვერდში ამოუდგეთ, ეს ნამდვილად შეგიძლიათ.
მხარდაჭერა ხანდახან ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც სჭირდებათ.
1. "ტვინს ნუ გაუბურღავთ" ქმარს
თუ სამსახურში არეულობა აქვს, თუ შეამცირეს და ახალი სამსახურის პერსპექტივები ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნუ გააღრმავებთ სიტუაციას. დაივიწყეთ ამ დროს სიტყვები: შენ არაფერი შეგიძლია, პარანოიკი ხარ, უნიჭო ხარ, უქნარა ხარ და ა.შ. თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გაყევით ცოლად? წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას: ისურვებდით ორი საყრდენის ერთდროულად დაკარგვას? უსიამოვნებები სამსახურში და სახლში ერთდროულად ნებისმიერს გამოაცლის ნიადაგს ფეხქვეშ, ყველაზე ძლიერ და გამობრძმედილ ადამიანსაც კი. ამას გარდა, მამაკაცებს ძნელად გადააქვთ მსგავსი რეპლიკები მათი მისამართით. თუ გამუდმებით გაუმეორებთ მას მსგავს ფრაზებს, შეიძლება დაიჯეროს კიდეც რომ არაფრის მაქნისია და შემდეგ კი ან უბრალოს თქვენს კისერზე გააგრძელებს არსებობას, ან საერთოდ გარიყულად იგრძნობს თავს და ბედნიერების ძიებას სხვაგან დაიწყებს.
რჩევა: ყოველთვის, როცა ატყობთ რომ ქმრისთვის რაიმე უსიამოვნოს თქმა გსურთ, აიწიეთ საკუთარი ყურები ზევით მორიგეობით, ეს ამასთან შესანიშნავი ხერხია ღაბაბის თავიდან ასაცილებლად.
2. განიხილეთ ოჯახური ბიუჯეტი
აუცილებლად დაილაპარაკეთ ფულზე, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ სალაპარაკო არაფერია. შეეშვით ერთმანეთის დადანაშაულებას. მოილაპარაკეთ, თუ რამდენს დახარჯავთ და რაში. განსაზღვრეთ, რის გარეშე შეგიძლიათ იარსებოთ და რის გარეშე ვერა. ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება, რაზეც ორივე მხარე იქნება პასუხისმგებელი. დაიცავით არჩეული სტრატეგია, ამ შემთხვევაში არც დამნაშავის ძებნა მოგიწევთ.
რჩევა: ეცადეთ მაინც რამენაირად გამოყოთ თანხა სასიამოვნო წვრილმანებისათვის. დაე ეს იყოს სულ უმნიშვნელო თანხა, მაგრამ ეს იმის შეგრძნებას მოგცემთ, რომ თქვენ ფლობთ სიტუაციას და არა პირიქით.
3. ნუ მისცემთ კონფლიქტს გასაქანს
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ადამიანებს ხშირად "მიაქვთ" სამსახურის პრობლემები სახლში და ამით ყველა წაგებული რჩება, იწყება კამათი გასაცხელებელი წვნიანის, მიყრილ-მოყრილი ჩუსტების და გასარეცხი კოვზის გამო. კამათის მიზეზი ადვილად მოიძებნება თუ კამათი გსურთ. ანალოგიურად იქცევიან მამაკაცებიც.
რჩევა: ძნელია საკუთარ თავთან ხმამაღლა ჩხუბი. თუ ატყობთ, რომ სახლში კონფლიქტის რეალური მიზეზები არ არსებობს, არამედ ამის მიზეზი სულ სხვა რამაა - ნუ შეეკამათებით! დაეთანხმეთ, ეს მას ფარ-ხმალს დააყრევინებს. შემდეგ, როცა ყველაფერი ჩაივლის, შეგიძლიათ ცოტაოდენი სკანდალი მოუწყოთ, თეფშების მტვრევითა და კარის გაჯახუნებით, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გექნებათ.
4. იკამათეთ კონსტრუქციულად
თუ გრძნობთ, რომ რაღაც საკითხები მართლა გადასაწყვეტია, მაშინ გამოთქვით აზრი სწორედ ამ საკითხზე. ნუ გაიხსენებთ მეუღლის ყველა ცოდვას და ნუ დაადანაშაულებთ მავნე ჩვევებში.
რჩევა: სიტყვები "ყოველთვის" და "არასოდეს" არ არიან დამხმარეები ამ საკითხში. სიტუაციის გარკვევისას არ გამოიყენოთ ეს სიტყვები და შეადარეთ, თუ რამდენად შეიცვლება ჩვეული სცენარი.
5. მოეხმარეთ მას დაძაბულობის მოხსნაში
მოდუნების საუკეთესო საშუალებაა როცა იგი გრძნობს, რომ გიყვართ. აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის სულერთი არ არის იგი. ამ მიზნისათვის მარტო სამზარეულო არ კმარა, სადაც საუკეთესო ვახშამი ელოდება, არამედ ცოლ-ქმრული სარეცელიც საჭიროა. ხოლო თუ რაღაცის თქმა სურს, აუცილებლად მოუსმინეთ!
რჩევა: თუ ქმარს ეჩვენება, რომ რადგან ცუდადაა საქმე რომელიმე ერღთ სფეროში, ესეიგი ყველაფერში ცუდად უნდა იყოს, ეცადეთ გადაარწმუნოთ ამაში, უკიდურეს შემხვევაში საძინებელში მაინც.
კრიზისი რა თქმა უნდა მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიაა, მაგრამ ეცადეთ იგი არ აქციოთ იგი თქვენი და თქვენი მეუღლის ტრაგედიად. ადრე თუ გვიან კრიზისი გაივლის, ხოლო დამთავრდება თუ არა თქვენი სიყვარული მასზე ადრე, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
|