მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,
იმ წარსულის ყველაფერი,
მოვიგონოთ იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.
მოვიგონოთ, რომ ნაღველის
არც მისხალი გულში ჩანდეს,
ბორჯომიდან გზა ხვეული
მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.
ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში
ჩვენი კვალის ნაფეხურსა?-
წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით
ვაზის ფურცელ გახვეულსა.
გრიალებდნენ ჩანჩქერები
აზელილი მარჯნის სხივით.
ხმა მყივარი ჯიბრაილი
აყრუებდა ჩანჩქრის შხივილს.
შორს აწყურის ციხე ჩანდა,
წააბნელა ორბის ფრთამა,
ალუბალის ფანტელებში
ვიგონებდით: ნინას, თამარს.
უცბათ ფეხით მომავალი,
როგორც ქართლის ჯიოკონდა,
გამობრძანდა ეთერ-ქალი,
საქართველო თან მოჰქონდა.
ავადმყოფი აბესალომ
ჩვენ მოგვყავდა ნამტკივარი;
მხოლოდ მოხუც მებადურსა
იმედად-ღა ჰქონდა მტკვარი.
გამარჯვებას მოელოდა
ახლა მხოლოდ ნაუცბადევს,
ღამე-ბინდზე ცახცახითა
წყალს ესროდა გაშლილ ბადეს.
ყველა სროლა ფუჭი იყო,
შერცხვენილი დაგვემალა
და ფარულად მისტიროდა
ოსტატობის გამქრალ ძალას.
ჩვენ კი... ლექსით ცასა ვხედვით,
ვერ გვიძლებდა ვერაფერი,
დაგვდებოდა-იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი,
მართლა გვქონდა ჩვენ ის ძალა,
ცოცხალია ან აქამდის?
რატომ იმ დღის ოქროს დილას
ოქროს ქვებად არ გავქვავდით?!
|