მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » მერაბ კოსტავა (1939-1989)
8:34 PM მერაბ კოსტავა (1939-1989) |
1946 წელს მშობლებმა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. მეგობრებს საერთო მიზანი აერთიანებდა - სამშობლოს თავისუფლება. მე-9 კლასიდან მერაბ კოსტავა მუსიკალურ ათწლედში გადავიდა. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეათე კლასის მოსწავლე 1956 წელს პირველად დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. სურდა პიანისტი გამხდარიყო. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი, მაგრამ რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.
მეორედ 1977 წლის 7 აპრილს დააპატიმრეს. საბაბი ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო. „ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით ხოლმე. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე - ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში კა-გე-ბე იყო შესული" - იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი. ერთი წელი იჯდა სუკ-ის ციხეში. 1978 წელს 3 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ყოფნა და ორი წლით გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებაში ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში იყო. დედამ და მისმა მეგობარმა მოახერხეს მერაბის მონახულება. „ჩვენ ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია... ავტირდი. მერაბი კი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მერაბმა თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ შეკონილი იყიდებოდა” - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.
1977 წლიდან 1987 წლამდე კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრეს. 5 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გადასახლებაში 10 წელი გაატარა. იგი შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ–შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.
მერაბის გადასახლებაში ყოფნის დროს, თბილისში ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე მისმა ერთადერთმა ვაჟიშვილმა, დიდი იმედების მომცემმა პოეტმა ირაკლი კოსტავამ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - „დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენო". ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა. მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო" შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: „მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო", მაგრამ არ დასცალდა. „საქართველოს სინდისი" მერაბ კოსტავა, 1989 წლის 13 ოქტომბერს, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდია.
|
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ |
ნანახია: 1226 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|