გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) - ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად. გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).
პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა, ანუ ლეგიონის მეთაურობა. ამ თანამდებობაზე ან კონსულები ნიშნავდნენ, ან სახალხო კრებაზე ირჩევდნენ. კეისარი სწორედ ხალხმა აირჩია სამხედრო ტრიბუნად. მას მეტოქეც ჰყავდა ამ თანამდებობაზე - გაიუს პოპილიუსი - მაგრამ ხალხმა პოპილიუსს კეისარი ამჯობინა.
ეს გამოხატულება იყო იმ საერთო პატივისცემისა და სიყვარულისა, რომლითაც ახალგაზრდა კეისარი გარემოსილი ყოფილა სწორედ სახალხო ფენებში. ხალხს ხიბლავდა მისი თავაზიანობა, ალერსიანი მოპყრობა და ლამაზი, ჭკვიანი სიტყვდა, განსაკუთრებით კი მისი სიუხვე და ხელგაშლილობა - ხალხისთვის გაშლილი მდიდრული სანადიმო სუფრები
არისტოკრატები კი - რესპუბლიკისთვის "თავდადებული” არისტოკრატები, რომლებიც ყოფელი ცალკე პიროვნების აღზევებაში მათი ხელისუფლების მომავალ დამამხობელს ხედავდნენ - ჯერ მაინც რაიმე საშის ძალად არ მიიჩნევდნენ კეისარს. მალე ფული შემოელევა, ეგ სახალხო სუფრები მოუწყდება და ხალხიც, როგორც ყოველთვის, თავის ფარისეველ კეთილისმყოფელს მიატოვებს და დაივიწყებსო - ფიქრობდნენ ოპტიმატები, კეისრის პიროვნული მოშურნენი და მოძლენი.
მაგრამ "რესპუბლიკის მამათა” შორის მაინც იყო ერთი კაცი, რომელიც კეისარში იმთავითვე ხედავდა რესპუბლიკისთვის მომავალ საფრთხეს. ეს კაცი იყო ციცერონი, რომელიც მაშინდელ ჭაბუკ კეისარს დროებით დამშვიდებულ ზღვას ადარებდა. კეისრის ალერსიანობა და სიხალისე ოდენ გარეგნული საფარველია, ხოლო შინაგანად მასში ტირანული შინაარსის განზრახვები იმალებაო, - ამბობდა ციცერონი, თუმცაღა, ხანგადან ამასაც დასძენდა იგი: "როცა მე მის გულმოდგინე დაწყობილ თმას ვუცქერ, როცა ვხედავ, იგი თავს ერთი თითით იფხანს, მაშინ კი აღარ მგონია, იმ კაცს გუნებაში ისეთი დიდი ბოროტი ზრახვა ჰქონდეს, როგორიც რომაელთა სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობაა”.
ერთი თითით თავის ფხანა რომში ქალაჩუნობად ითვლებოდა და ციცერონიც თითქოს იმედოვნებდა, რომ ქალიცით კოპცია კეისარი მოკლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელ ვაჟკაცურ თვისებებს.
კეისარი კი ხალხში სიყვარულსა და მხარდაჭერას უფრო და უფრო იძლიერებდა. იმჟამად იგი ცნობილი აპიუსის გზის (via Apia) (გზა რომსა და კაპუას შორის) პროკურატორად იყო დანიშნული და მიუხედავად ათას სამასი ტალანტის ვალისა, მაინც ამ გზის კეთილმოწყალედ კეისარმა პირადი ქონებიდან არაფერი დაზოგა.
კვესტორი
მალე კეისარმა კვესტორობაც მიიღო და სწორედ მისი კვესტორობის დროს გარდაიცვალა მამიდამისი - გაიუს მარიუსის მეუღლე იულია, რომელსაც კეისარმა ბრწყინვალე დაკრძალვა მოუწყო; რომის ფორუმზე დაასვენა და სიტყვით მიმართა. მამიდაჩემი იულია - ამბობდა ორატორი - დედით მეფეთა შთამომავალია, მამით კი ღმერთებისო; აქ, წინაპრებად ანკუს მარციუსი (რომის მეოთხე მეფე) და ღმერქალი ვენერა იგულისხმებაო. საერთოდ იულიუსების გვარი, რომელსაც ჩემი ოჯახიც ეკუთვნის, სწორედ ღმერთქალ ვენერას შვილიშვილისგან, იულოსისგან მოედინებაო. აი, რატომ არის, რომ ჩვენი გვარისანი არიან ხელშეუხებელნი და თაყვანცემულნი ღმერთებივითო.
ხალხს განსაკუთრებით ის გაუხარდა, რომ იულიას დაკრძალვაზე კეისარმა მისი მეუღლის, გაიუს მარიუსის ქანდაკებებიც გამოიტანა. სულას ბატონობის შემდეგ, ვეღარავის წარმოედგინა, კიდევ თუ ვინმე გაბედავდა გაიუს მარიუსის, ვითარცა "ხალხის მტრის”, რეაბილიტაციას. ახლა კი, როცა კეისარმა თავისი დიდი ბიძის, "იტალიის მხსნელისა” და "სამშობლოს მამის” სახება "საიქიოს სამყაროდან კვლავ რომს მოაბრუნა”, არისტოკრატთა ბანაკი აღშფოთებამ მოიცვა, მაგრამ ხალხმა კეისრისადმი აღტაცებული ყიჟინითა და დაჭის გრიალით ჩაახშო მათი პროტესტი.
გარდაცვლილ ხანდაზმულ ქალზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა რომში ძველთაგანვე მიღებული სა საქებარი საქციელი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალებისადმი ასეთი პატივი საერთოდ არ არსებობდა და აქამდე არც არავის გაეგონა. მაგრამ მაშინ კეისარს ცოლიც გარდაეცვალა - ჯერ ჯიდევ სავსებით ახალგაზრდა კორნელია - და მის დაკრძალვაზეც წარმოთქვა ფრიად მგრძნობიარე სიტყვა დაქვრივებულმა ქამარმა. და ამ "ნოვატორობითაც” ძალიან მოინადირა ხალხის გული მაშინ კეისარმა. გარდაცვლილი კორნელიასაგან კეისარს დარჩა ერთადერთი ასული, იულია (მომავალში პომპეუსის ცოლი).
იმ წელს (ქრისტესშობამდე 67), მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, კეისარი, როგორც კვესტორი, პრეტორ ვეტუსთან ერთად, გაეშურა შორეულ ესპანეთში. და ერთხელ იქ, გემთმშენებლობის მოსახილველად ქალაქ გადესში ყოფნისას, ჰერაკლეს სახელობის ტაძარში შეიარა და იხილა ქანდაკება ალექსანდრე მაკედონელისა. კარგა ხანს უცქირა, მერე ნაღვლიანი ოხვრა აღმოხდა, თითქოს საკუთარი თავი დაიწუნა უმოქმედობისა და უსაქმურობისთვის - რამეთუ ახლა მე 33 წლისა ვარ და ალექსანდრეს კი სწორედ ამ ასაკში მსოფლიოც დაპყრობილი ჰქონდა და სიცოცხლეც დამთავრებული. და იმ წუთებშივე, მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის წინაშე, გადაწყვიტა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო რომში და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე დაეწყო ბრძოლა "უფრო დიად საქმეთა” აღსრულებისთვის.
კეისარი ნაადრევად გამოეშურა ესპანეთიდან, სანამ პროვინციის მმართველობის კანონით დადგენილი ვადა (ერთი წელიწადი) განესრულებინა. პირინეები სწრაფად გადმოიარა, ალპებიც და მდინარე პადუსის (პო) ჩრდილოეთ ლათინურ ქალაქებს ეწვია. ეს ქალაქები, რომელთაც "მოკავშირეთა ომის” დროს ლათინური მოქალაქეობა მოიპოვეს, ახლა რომაულ მოქალაქეობასაც მიელტვოდნენ თავგამოდებით. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ კეისარი სწორედ ამ ქალაქთა მიმხრობითა და აჯანყებით დაიწყებდა რომში პოლიტიკური აღზევების კიბეზე ასვლას. მაგრამ კონსულებმა აზიაში გასაგზავნი ლეგიონები რომში დააყოვნეს, კეისარს კი დაყოვნებები და პაუზები არ უყვარდა, პადუსის ხეობა მიატოვა და პირდაპირ რომს მივიდა. მივიდა და, თითქოს პოლიტიკაზე არც ფიქრობდა და არც სცალოდა... ცოლი შეირთო, ეს იყო პომპეა - ასული კვინტუს პომპეუსისა და შვილიშვილი სულა დიქტატორისა. ედილი [რედაქტირება]
მალე არჩევნები იწყებოდა და ედილობის მაძიებელთა შორის კეისრის სახელიც გამოჩნდა. მაგრამ კეისრის სახელს საფრთხეც დაემუქარა მაშინ. ზემოთაც ითქვა, რომ მისმა პოლიტიკურმა მტრებმა ხმა დააგდეს, თითქოს კეისარი და კრასუსი კატილინას შეთქმულებაში მონაწილეობდნენ; თითქოს, შეთქმულებს რომში ხოცვა-ჟლეტვა მაშინ უნდა დაეწყოთ, როცა სანიშნოდ კეისარი ბეჭიდან ტოგას ჩამოიცურებდა; მაგრამ აქამდე საქმე არ მივიდა, თვითონ კატილინას სულწასულობისა და უტაქტობის გამო და სხვა მისთანანი.
ხმებმა ხმებად ჩაიარა და სახალხო კრებამ კეისარი ედილად აირჩია. ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ხალხის სამადლობლად კეისარმა დიდი საცირკო სანახაობა გამართა - 320 წყვილი გლადიატორი გამოიყვანა და ერთმანეთს შეაწყვიტა "დიდი რომაელი ხალხის” თვალსასეიროდ. ცირკის არენაზე აქამდე არავის ენახა ასეთი სიმრავლე მეომრებისა, არც ასეთი სიმდიდრე შეიარაღებისა: გლადიატორები ერთმანეთს ხოცავდნენ ვერცხლის აღჭურვილობით.
სხვათა შორის, კეისარს გაცილებით მეტი გლადიატორი ჰყოლია გამზადებული იმ დღეს ცირკში გამოსაყვანად, მაგრამ მონა-მეომართა სიმრავლემ დააფრთხო კეისრის პოლიტიკური მომტერენი და სენატს საგანგებო დადგენილება მიაღებინეს, ამიერიდან კეისარს და სხვასაც აკრძალვოდათ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი გლადიატორის შეგროვება.
იმავე 65 წელს, ედილმა კეისარმა ახლად აგებული ბაზილიკებით და კოლონადებით შეამკო და გაამშვენიერა ფორუმი, კომიციები და თვითონ კაპიტოლიუმი. მან პირდაპირ დაჩრდილა იმწლევანდელი კონსულნი - ლუციუს კოტა და ლუციუს მანლიუს ტორკვატუსი.
სწორედ იმჟამად აღმოსავლეთიდან საშფოთარი ამბავი მოიჭრა: ეგვიპტის სასახლის კარზე გადატრიალება მომხდარა და შეთქმულებს ტახტიდან ჩამოუგდიათ მეფე პტოლემაიოს X ალექსანდრე, "მოკავშირე და მეგობარი რომაელი ხალხისა”. კეისარმა მაშინვე ითხოვა სარდლობა და გამგზავრება ეგვიპტეში "წესრიგის აღსადგენად”. მაგრამ ოპტიმატებმა "მათი სენატის” საშუალების დასაწყისშივე ცივი უარით გააბათილეს საშიში მეტოქის თხოვნა.
მაგრამ კეისარებს ოპტიმატებს მაშინვე საკადრისი პასუხი გასცა: სასწრაფოდ ოსტატები შემოიყარა და გაიუს მარიუსის გამარჯვებათა აღმნიშვნელი ქანდაკებები ჩამოასხმევინა - სწორედ ისეთი, ოპტიმატების ბელადმა სულამ რომ დაამსხვრევინა თავისი სისხლიანი დიქტატურის ჟამს. და ეს ახალი ოქროცურვილი ქანდაკებანი ერთ დილით მოულოდნელად აღიმართნენ რომის ფორუმზე. ფორუმი ერთბაშად ხალხით გაიჭედა. აღტაცებით, სიხარულის ცრემლებით ათვალიერებდნენ და ულოლიავებდნენ თავინთი ბელადის, დიდი მარიუსის გამარჯვებათა მთხრობელ რელიეფებს - იუგურთაზე, კიმბრებზე, ტევტონებზე... და ხოტბას ასხამდნენ კეისარს.
ისევ ახმაურდნენ არისტოკრატები: კეისრის ეს მოქმედება ტირანიისკენ მის სრაფვას ნიშნავსო, რადგან არავის არა აქვს უფლება, მკვდრეთით აღადგინოს და პატივი სცეს იმას, ვინც და რაიც კანონებითა და სენატის დადგენილებით იქნა დაგმობილი და დასამარებელიო. მაგრამ ხალხმა უფრო ძლიერი ხმაურით ჩაახშო და ჩათრგუნა ოპტიმატები. კიდევ უფრო გამძლავრდა ხოტბა და ოვაციები კეისარისადმი.
მაშინ სენატი საგანგებოდ შეიკრიბა კეისრის საქციელის განსახილველად, საბრალდებო სიტვით გამოვიდა ფრიად გავლენიანი სენატორი, ლუტაციუს კატულუსი. "ჩვენს სახელმწიფოზე კეისარს იერიში მოაქვს უკვე არა საიდუმლო გზებითა და ხვრელებით, არამედ პირდაპირ საალყო მანქანებით”, - ამბობდა იგი. კიდევ რამდენიმე სიტყვა ითქვა კეისრის წინააღმდეგ. ბოლოს გამოვიდა თვითონ კეისარი. გამოვიდა და წარმოთქვა სიტყვა ისე ძლიერი და შთამბეჭდავი, რომ არამცთუ ბრალდება მოიხსნა, მთელი სენატი თავისი სიტყვისა და აზრის ტყვეობაში მოექცა.
ისევ არ აცალა სულის მოთქმა კეისარმა ოპტიმატებს და ახლა სასამართლოზე წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც გადაჭრით მოითხოვა, მკვლელებად ჩაეთვალათ ყველა, ვისაც სულას პროსკრიპციების დროსრომაელი მოქალაქის მოკვლისათვის სახელმწიფო ხაზინიდან ფული აიღო. მისი მოთხოვნა ძალაში შევიდა და ამით სულას კანონმდებლობის ერთი ძლიერი და უბოროტესი პასაჟი სრულად მოიკვეთა.
|