„ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე, დანიის უფლისწულზე" (ძვ. ინგლ. The Tragicall Historie of Hamlet, Prince of Denmarke) — უილიამ შექსპირის ტრაგედია. პიესა დაწერილია დაახ. 1599-1601 წლებში. მოქმედება დანიაში მიმდინარეობს და აღწერს უფლისწული ჰამლეტის შურისძიებას ბიძამისზე, ამ უკანასკნელის მიერ მეფის, ჰამლეტის მამის, მკვლელობის გამო. ჰამლეტის ბიძა ტახტზე ადის და თან ჰყავს ჰამლეტის დედა, გარდაცვლილი მეფის ქვრივი, როგორ საკუთარი მეუღლე. ეს შექსპირის ყველაზე გრძელი პიესაა, მასში 4042 ტაეპი და 29551 სიტყვაა. ეს ასევე ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ტრაგედიაა ინგლისურ ენაზე.
მიუხედავად მრავალწლიანი სალიტერატურო კვლევისა, პიესის დაწერის ზუსტი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. დღემდე მოღწეულია პიესის სამი ადრეული ვერსია, ცნობილი როგორც First Quarto (Q1), Second Quarto (Q2), და First Folio (F1). თითოეულ მათგანში არის ტაეპები და სცენებიც კი, რომლებიც დანარჩენში გამოტოვებულია. შექსპირს სავარაუდოდ გამოყენებული აქვს ინდოევროპული ლეგენდა, შემონახული XIII საუკუნის ქორონიკოსის მიერ, ხოლო მოგვიანებით გადმოცემული XVI საუკუნის მკვლევარის მიერ, და დაკარგული ელისაბედის ხანის პიესა, ცნობილი დღეს, როგორც Ur-Hamlet-ი. საქსო გრამატიკუსი საკუთარ "Gesta Danorum"-ში დაახ. 1200 წელს ყვება ძველ დანიურ ლეგენდას პრინც ამლეთზე, რომელშიც თითქმის ზუსტად იგივე სიუჟეტია.
|