დუტუ მეგრელი (ნამდვილი სახელი — დიმიტრი თომას ძე ხოშტარია), (* 26 ოქტომბერი, 1867, სოფ. სუჯუნა, ახლანდელი აბაშის რაიონი ― † 13 მარტი, 1938, თბილისი), ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე. დიმიტრი ხოშტარია დაიბადა 1867 წელს, 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში. მამამისი თომა სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით.
აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა.
ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში.
აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლოების ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900—1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ.
1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წეევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.
საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ხანდაზმულმა პოეტმა სამსახური დაიწყო საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.
დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
|