აპოლონიოს როდოსელი — გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი, დაიბადა ძვ.წ. 295 წელს ალექსანდრიაში, მერე ლიტერატურულ მოქიშპეებს გაერიდა, როდოსზე გადასახლდა და დაამუშავა „არგონავტიკის" პირველი ვარიანტი, რომელიც კალიმაქემ და სხვა მოღვაწეებმა სასტიკად გაუკრიტიკეს. ამიტომ შექმნა ახალი ვარიანტი, რამაც დიდად განუთქვა სახელი. ეს წიგნი მრავალგზის ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როდოსელ მგოსანს თვით ვალერიუს ფლაკუსი და ვერგილიუსი ბაძავდნენ, იყენებდნენ და სწავლობდნენ. მართალია, მან სრულყოფილი ოსტატობით ვერ განახორციელა გაბედული მიზანი, ჰომეროსის დიდი ეპოსი უნდა აღვადგინოო, მაგრამ მისმა ეპოსმაც ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და წყაროს მნიშვნელობა შეიძინა.
|