ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რა ღირს საკუთარი ქალაქის სიყვარული? სიმართლე გითხრათ, ამაზე თვითონაც არ მიფიქრია, მაგრამ ახლა მომიწევს - ქალაქში პარკირების ერთწლიანი საშვის აღება 25 ლარი ღირს და საშვთან ერთად ავტომობილის საქარე მინაზე (უკანაზე თუ წინაზე, თქვენი გადასაწყვეტია) დასაკრავად პატარა, მრგვალ ქაღალდსაც გაძლევენ, რომელზეც ასევე ლამაზად აწერია: "მე მიყვარს თბილისი".
თავისთავად, როცა შენი ქალაქი გიყვარს, კარგია და არც ის უნდა იყოს ურიგო, ამას რომ საკუთარი მანქანის საქარე მინაზე (შეგახსენებთ, რომ უკანაზე თუ წინაზე, თქვენი გადასაწყვეტია) გამოხატავთ, თუმცა ბოროტი ხმები ამბობენ, მერის მომავალ არჩევნებზე ეს სლოგანი მმართველი გუნდის კანდიდატის, გიგი უგულავასი იქნებაო და ძაღლის თავიც აქ მარხია. პარკირების უფლება ყველას სჭირდება და ამ შემთხვევაში პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როცა საქარე მინაზე (ჯიუტად გავიმეორებ, რომ უკანაზე თუ წინაზე, თქვენი გადასაწყვეტია) საარჩევნო სლოგანი გაქვს, ავტომატურად იმ კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი გამოდიხარ.
ეს კიდევ არაფერი. მაგალითად, მე სვანი ვარ და თბილისზე მეტად ჩემი სოფელი მიყვარს. რატომ მაიძულებენ, ავტომობილზე მაინცდამაინც დავაწერო, რომ მე მიყვარს თბილისი და არა სხვა ქალაქი ან სოფელი? იქნებ, ფარცხანაყანებში ვცხოვრობ და მინდა, რომ ჩემს ავტომობილს ეწეროს, მე მიყვარს ფარცხანაყანები. ახლა შემედავებით, ფარცხანაყანებში მანქანის არასწორად გაჩერების გამო არავინ დაგსჯითო, მაგრამ, ნურას უკაცრავად - თბილისში რომ ჩამოვიდე, ხომ დამსჯით?
ჰოდა, მე თუ მკითხავთ, ეს წესი თუ სიახლე ყველამ ერთად და ცალ-ცალკე უნდა გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ, რომ საქარე მინაზე (უკანაზე თუ წინაზე, კვლავაც თქვენი გადასაწყვეტია) დასაკრავ "სტიკერზე" მხოლოდ ორი სიტყვა ეწეროს - მე მიყვარს ქვედა გრაფა კი ცარიელი იყოს და იქ სურვილისამებრ ჩავწეროთ, ვინც ან რაც გვიყვარს. ჰოდა, გამოჩნდება მერე ლოზუნგები, რომ მე მიყვარს, მაგალითად, ხინკალი ან ქალი, ან თუნდაც თბილისი, მაგრამ არჩევანში თავისუფლები ვიქნებით. ხოლო, თუ არჩევანში თავისუფალი ხარ, აღარ გამოხვალ ქუჩაში და აღარ იყვირებ, ნუ მიყალბებო.
თანაც, ამ სტიკერებზე ჩამოყალიბებული ფასი კი არ იქნება, არამედ ყველა სიტყვას თავისი ტარიფი ექნება. მაგალითად, 25 ლარი ხინკლის სიყვარულში ბევრია, თბილისის სიყვარულში კი - ცოტა. იქნებ ისეთებიც გამოჩნდნენ, საყვარელი ქალის სახელის დაწერის სანაცვლოდ ათასებს რომ გადაიხდიან და ბიუჯეტშიც უფრო მეტი ფული შევა. რუსეთის აგენტები დაწერენ: "მე მიყვარს რუსეთი" და მერე აღარ დაგვჭირდება მარჩიელობა, ესა თუ ის პოლიტიკოსი მართლა რუსეთის აგენტია თუ გვატყუებენ.
შესაძლებელია, ასეთი სტიკერები არა მარტო ავტომობილებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც გავაკეთოთ. ვისაც მანქანა არ ჰყავს, იმან რა ქნას? დაიკრავს ვინმე მაისურზე - "მე მიყვარს პური და დამეხმარეთ" და ასეულობით თბილისელს აღარ დასჭირდება იმის ხმამაღლა ახსნა, რატომ დგას მიწისქვეშა გადასასვლელთან ხელგაწვდილი.
დამიჯერეთ, ასე აჯობებს, თორემ მოვა წინასაარჩევნო პერიოდი, დაგვირიგებენ წარწერიან სტიკერებს და მერე უკვე აღარ იქნება თქვენი გადასაწყვეტი, სად დავაკრათ.
|