"ტიტანის დაღუპვა, ანუ ამაოება”
14 წლით ადრე ნავარაუდევი "titanic"-ის ტრაგედია
1898 წელს ინგლისში გამოიცა ვინმე მორგან რობერტსონის წიგნი, სათაურით "ტიტანის დაღუპვა, ანუ ამაოება” (მეორე სათაურით, მას "არარაობა” ჰქვია). ამ რომანის გამოქვეყნებას დიდი ხმაური არ მოჰყოლია, თუმცა, გამოცემიდან 14 წლის შემდეგ ეს რომანი სასწრაფოდ გადათარგმნეს რამდენიმე ენაზე და ბევრ ქვეყანაში საკმაოდ სარფიანად გაიყიდა. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ რომანში აღწერილი ამბავი რეალურად მოხდა და მსოფლიოში საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვია. მაშინ გაახსენდათ რობერტსონის რომანიც. "ამაოება”-ში აღწერილი იყო ყველაზე მძლავრი და კომფორტული გემის ერთადერთი რეისი და საშინელი დაღუპვა… რომანში უზარმაზარი სამგზავრო ლაინერი ინგლისის პორტიდან – საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიცურავს და ატლანტის ოკეანეში, აპრილის ცივ ღამეს აისბერგი ეჯახება. ხომალდზე მყოფი სამი ათასი ადამიანიდან თავს მხოლოდ მცირე ნაწილი შველის, დანარჩენი კი სამუდამო სამყოფელს გემთან ერთად ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჰპოვებს. 1912 წლის 14 აპრილს "ტიტანიკის” ჩაძირვის შემდეგ ყურადღება მიაქციეს, რომ რომანში დაღუპულ გემსაც თითქმის იდენტური სახელი ერქვა (”ტიტანი” და "ტიტანიკი”), მათი რეისიც იდენტური იყო – საუთჰემპტონი – ნიუ-იორკი. ორივეს, აპრილის ცივ ღამეს აისბერგი დაეჯახა და ორივე ჩაიძირა. თუმცა შემდგომი ფაქტები კიდევ უფრო გამაოგნებელი გახლდათ: ლიტერატურული "ტიტანის” სიგრძე 243 მეტრი იყო, რეალური "ტიტანიკის” სიგრძე კი 252 მეტრი. "ტიტანის” წონა 70 000, ხოლო "ტიტანიკის” კი 66 000 ტონა იყო. მწერლის ფანტაზიით, "ტიტანზე” 3000 მგზავრი იყო, "ტიტანიკზე” 2224 მგზავრი. წიგნში "ტიტანი” აისბერგს 25 კვანძის სიჩქარით დაეჯახა, რეალობაში "ტიტანიკის” აისბერგზე დაჯახების დროს სიჩქარე 23 კვანძი იყო. "ტიტანზე” 24 მაშველი ნავი ჰქონდათ, "ტიტანიკზე” კი მხოლოდ ორით ნაკლები. "ტიტანიკის” ჩაძირვის შემდეგ, რობერტსონმა განაცხადა, რომ წიგნს მასთან ერთად სხვა ავტორიც ჰყავდა და ის "ზეციური მწერალი” იყო, რომელიც სიუჟეტს ჰკარნახობდა, თუმცა მას არავინ დაუჯერა და ამ ამბავს "ფაქტების უბრალო დამთხვევა” დაარქვეს.
|