♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თვი 44)
6:16 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თვი 44)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

ტერენსმა სავსებით გაუგო გოგონას, რომელმაც ეს წუთია დატოვა მისი ნომერი. შეიგრძნო, როგორ დაახლოვდნენ მათი სულები, თუმცა გააცნობიერა, რომ ჯერ კიდევ არ არის მზად, შეიყვაროს იგი, რადგანაც თავისი ცოლი უყვარს. თუმცა მას მოსწონდა, წარმოედგინა თავისი თავი უცოლოდ და თავისუფლად. ეს ახალ კავშირებზე ოცნებაში ეხმარებოდა.
ახლა დარჩა ყველაზე ძნელი: მან მარია უნდა გადააქციოს დამსჯელ ვენერად, მბრძანებლად, ქალბატონად, რომელსაც შესწევს უნარი, უმოწყალოდ დაამციროს და შეუბრალებლად დასაჯოს. თუ შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას, მაშინ ტერენსი მას გულს გადაუხსნის.
ჩანაწერი არყისაგან და სიამოვნებისაგან ჯერ ისევ მთვრალი მარიას დღიურში:

იმ წამს, როდესაც დასაკარგი აღარაფერი მქონდა, ყველაფერი მივიღე. იმ წამს, როდესაც უკვე აღარ ვიყავი ისეთი, როგორიც უწინ, საკუთარი თავი ვპოვე.
იმ წამს, როდესაც შევიცანი დამცირება და სრული მორჩილება, თავისუფლება მივიღე. არ ვიცი, იქნებ გონება დამებინდა, იქნებ ეს სიზმარია, იქნებ ეს აღარასოდეს განმეორდება. დიახ, მე ვიცი, რომ უამისოდაც შევძლებ ცხოვრებას, მაგრამ მსურს, კვლავ შევხვდე ტერენსს, გავიმეორო განცდილი და უფრო შორს წავიდე.
ტკივილი მაშინებდა, მაგრამ ის უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე დამცირება და მხოლოდ საბაბს წარმოადგენდა. იმ წამს, როცა მრავალი თვის განმავლობაში პირველად — არადა რამდენი კაცი მყოლია ამ ხნის მანძილზე და რაღას არ უშვრებოდნენ ჩემს სხეულს! — განვიცადე ორგაზმი, ვიგრძენი, — რაც არ უნდა მკრეხელურად ჟღერდეს, — უფრო დავუახლოვდი ღმერთს. მე გამახსენდა მისი მონათხრობი შავი ჭირის შესახებ, როდესაც მონანიე ფლაგელანტები თავიანთი ტანჯვით გამოისყიდიდნენ ადამიანთა მოდგმას და ამაში პოვებდნენ სიამოვნებას. მე არ მინდა კაცობრიობის ან ამ ინგლისელის, ან საკუთარი თავის გადარჩენა! მაგრამ მე ვიყავი იქ!
სექსი — ეს აულაგმავის ალაგმვის ხელოვნებაა.

არა, ახლა ეს უკვე არავითარი თეატრი არ იყო. ისინი მართლა ისხდნენ ვაგზალზე. მარიას უნდოდა იმ საკვების გასინჯვა, რომელსაც მხოლოდ აქ ყიდიდნენ. ზოგჯერ შეიძლება, ცოტა იჭირვეულო. რალფი ერთი დღით ადრე უნდა ჩამოსულიყო, როცა მარია ჯერ კიდევ სიყვარულის მაძიებელი ქალი იყო, როცა ბუხარი, ღვინო, სურვილი მისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. თუმცა ცხოვრებამ სხვაგვარად გადაწყვიტა და დღეს მან მთელი დღის განმავლობაში მოახერხა, იოლად გასულიყო ასე ჩვეული ვარჯიშის გარეშე — არ გაემახვილებინა ყურადღება ხმებზე და იმაზე, რაც სინამდვილეში არსებობს. საამისოდ კი მარტივი მიზეზი ჰქონდა: ის აღარ ფიქრობდა რალფზე, რადგანაც რაღაც უფრო საინტერესო გამოჩნდა.
რა უყოს ამ კაცს, რომელიც ახლა მის გვერდით ზის და საჭმელს შეექცევა? თან, ეტყობა, ეს საჭმელი სულაც არ მოსწონს. დრო მოკლას, სანამ არ დამდგარა მასთან წასვლის საათი? როდესაც ის „კოპაკაბანაში" შემოვიდა და ჰკითხა, შეიძლება თუ არა მისი დაპატიჟება, მარიამ დააპირა ეთქვა: არა, მასთან ყოფნა მისთვის უინტერესოა, მან სხვა იპოვა, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან უნდოდა ვინმესთვის გაეზიარებინა გასული ღამის შთაბეჭდილებები.
მარია შეეცადა, ამაზე „კოპაკაბანას" იმ გოგონებთან ესაუბრა, რომლებიც „განსაკუთრებულ კლიენტებს" ემსახურებოდნენ, მაგრამ არც ერთი არ დაინტერესდა ამით. მარია გამოცდილი იყო, ყველაფერს სწრაფად ითვისებდა და „კოპაკაბანაში" ცოტა ვინმე თუ გაუწევდა მეტოქეობას. რალფ ჰარტი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო, გაეგო მისი, ტყუილად ხომ არ ეძახდა მილანი „განსაკუთრებულ კლიენტს", — მაგრამ მის თავალებში სიყვარული კიაფობდა და ეს ართულებდა საქმეს. ასე რომ, გაჩუმება ჯობდა.
— რა იცი ტკივილის, ტანჯვისა და უზარმაზარი სიამოვნების შესახებ?
აი, ისევ ვერ მოითმინა.
რალფმა თეფში განზე გასწია.
— ყველაფერი. და ეს მე არ მაინტერესებს.
მან დაუყოვნებლივ უპასუხა, თითქოს მზად იყო ამ შეკითხვისთვის. მარია გაოგნდა: გამოდის, რომ ამის შესახებ მის გარდა მთელმა ქვეყანამ იცის. ღმერთო დიდებულო, ეს რა ქვეყანა ყოფილა!
— მე შევიცანი დემონები, რომლებიც მჯაბნიდნენ. შევიცანი ჩემ გარშემო მოქუფრული წყვდიადიც, — განაგრძობდა რალფი, — მე დავეშვი ფსკერზე, მე გამოვცადე ყველაფერი — და არა მარტო ამ სფეროში, არამედ ბევრ სხვაშიც. ჩვენი ბოლო შეხვედრისას მე შევძელი უკანასკნელი ზღვრისათვის მიმეღწია, მაგრამ არა ტანჯვის, არამედ სურვილის გზით. მე დავეშვი საკუთარი სულის ფსკერზე და ახლა ვიცი, რომ არის ამქვეყნად კიდევ ბევრი, ბევრი მშვენიერი რამ.
მას სურდა, დაემატებინა: „და შენც მათ შორის, ამიტომაც გადაუხვიე ამ გზიდან, გეთაყვა", მაგრამ ვერ გაბედა. მან ტაქსი გამოიძახა და ტბის სანაპიროზე წაყვანა სთხოვა, სადაც ოდესღაც — მთელი საუკუნის წინ — გაცნობის დღეს, ერთად სეირნობდნენ. მარიას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს: ქვეცნობიერად მიხვდა, რომ მას რაღაც აქვს დასაკარგი, თუმცა წინადღით მომხდარისაგან გონება უწინდებურად უბრუოდა.
ამ განცხრომისაგან მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ტბის პირას, ბაღში აღმოჩნდნენ. ჯერ ისევ ზაფხული იდგა, მაგრამ ღამით მაინც ციოდა.
— აქ რისთვის მოვედით? — ჰკითხა მარიამ, — გრძნობ, როგორ მაგრად უბერავს? გავცივდები.
— მე ბევრი ვიფიქრე იმაზე, რაც ვაგზალზე მკითხე ტანჯვასა და სიამოვნებაზე. ფეხსაცმელი გაიხადე.
მარიამ გაიხსენა, როგორ სთხოვა იგივე მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა და როგორ აღეგზნო ის ქალის შიშველი ტერფების დანახვაზე. ნუთუ ვერასოდეს დააღწევს თავს თავგადასავლებს?
— გავცივდები, — გაჯიუტდა მარია.
— გააკეთე, რასაც გეუბნებიან, — არანაკლები სიჯიუტით მიუგო რალფმა, — აქ დიდხანს არ დავრჩებით, ასე რომ, გათოშვას ვერ მოასწრებ. დამიჯერე ისე, როგორც საკუთარი თავისა გჯერა.
მარია მიხვდა, რომ რალფს მისი დახმარება უნდოდა — იმიტომ ხომ არა, რომ სრულად გამოსცალა ბალღამით სავსე თასი და ახლა არ უნდა, რომ მანაც იგემოს იგი? მაგრამ მარია არ საჭიროებდა ვინმეს დახმარებას, მას მოსწონდა ახლად მოპოვებული სამყარო, სადაც არც ტანჯვა იყო და არც სიმწარე და უბედურება. მარიამ ფიქრებით ბრაზილიაში გადაინაცვლა: იქ შეუძლებელი იქნება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მასთან ერთად ამ ახალ სამყაროს გაიზიარებს და რადგანაც ბრაზილია სხვა ყველაფერზე უფრო მთავარი იყო, მარია დაემორჩილა და ფეხსაცმელი გაიძრო. მიმოფანტულმა წვრილ-წვრილმა კენჭებმა უმალ დაუფლითა წინდები. ჯანდაბას, ახალს ვიყიდი.
— ჟაკეტიც.
ამჯერადაც შეეძლო ეთქვა „არა", მაგრამ წუხანდელს აქეთ მასში ჩასახლდა უცნაური სიხარული, გამოწვეული შესაძლებლობით ეთქვა „ჰო" ყველაფერზე, რაც გზაზე შეხვდებოდა. მარია დაემორჩილა. სიცივე მაშინვე ვერ შეიგრძნო, მაგრამ რამდენიმე წუთში გაითოშა.
— წამოდი, ვილაპარაკოთ.
— სიარული არ შემიძლია. აქ ყველგან წვეტიანი ქვაა.
— სწორედ ამიტომ უნდა წამოხვიდე: მე მინდა იგრძნო, როგორ გესობა ქვები ფეხისგულებში, და განიცადო ტკივილი, იმიტომ, რომ უნდა განიცადო — როგორც ეს მე განვიცადე ოდესღაც — სიამოვნებისაგან გამოცალკევებული ტანჯვა. მე მინდა ამოვგლიჯო იგი შენი სულიდან.
„არაფერიც არ გინდა. მე იგი მომწონს", — კინაღამ წამოსცდა მარიას, მაგრამ გაჩუმდა და ნელ-ნელა წავიდა წინ. მალე სიცივემ და წვეტიანმა ქვებმა ერთიანად აუწვა ტერფები.
— ერთ-ერთი ჩემი გამოფენა იაპონიაში მოაწყვეს და იქ სწორედ მაშინ ჩავედი, როცა სრულად ვიყავი ჩაფლული იმაში, რასაც შენ „ტანჯვას, დამცირებასა და უდიდეს სიამოვნებას" უწოდებ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ უკანდასახევი გზა არ მქონდა, რომ უფრო და უფრო ღრმად ჩაფლობა მიწერია და რომ მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, ვაწამო და თავადაც ვეწამო. ბოლოს და ბოლოს, ყველანი საკუთარი დანაშაულის განცდით ვიბადებით, ვფრთხებით, როცა ბედნიერება სრულიად შესაძლო რამ აღმოჩნდება, და ვკვდებით, როცა გვინდა სხვისი დასჯა, რადგანაც მთელი ცხოვრება თავს უძლურად, უბედურად და არასათანადოდ დაფასებულად ვგრძნობდით. საკუთარი ცოდვების გამოსყიდვა და ცოდვილების დასჯის შესაძლებლობა — განა ეს არ არის უდიდესი სიამოვნება? დიახ, ეს შესანიშნავია.
მარია გვერდით მიჰყვებოდა მას, ცდილობდა, ყური დაეგდო, მაგრამ ტკივილი და სიცივე ხელს უშლიდა, ჩასწვდომოდა მისი სიტყვების არსს.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1122 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024