♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 59)
1:16 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 59)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

წამოსვლა დავაპირე, მაგრამ პასტორი უკვე შეუდგა მსახურებას და მომეჩვენა, რომ უხერხული იქნებოდა, უცებ ავმდგარიყავი და გამოვსულიყავი. თვით უფალმა შემაჩერა, რათა გამეგონა სიტყვები, რომლებიც აქ გაისმა.
პასტორი ამბობდა:
„ყველა ხალხს აქვთ ასეთი ანდაზა: „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო". მე კი ვამტკიცებ, რომ ამაზე დიდი ტყუილი ქვეყნად არ არსებობს. რაც უფრო შორია თვალთაგან, მით უფრო ახლოა გულთან. დევნილობასა და უცხო მხარეში ყოფნისას სიყვარულით ველოლიავებით ყოველ წვრილმანს, რაც სამშობლოს მოგვაგონებს. ვნაღვლობთ იმათთან განშორებას, ვინც გვიყვარს და ყოველ გამვლელში ჩვენთვის ძვირფას ნაკვთებს ვხედავთ.
ჩვენი სახარებაც და ყველა სხვა რელიგიების წმინდა ტექსტებიც დაწერილა უცხო მხარეში ღვთისა და რწმენის გაგების მცდელობაში. იმის შეცნობისას, თუ რატომ დაეხეტებიან მიუსაფარი სულები დედამიწის ზურგზე. არ იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და არც ჩვენ ვიცით, რას ელის ჩვენგან და ჩვენი ცხოვრებისაგან უზენაესი ძალა. და სწორედ ამ დროს იწერება წიგნები, იქმნება ნახატები, რამეთუ არ გვსურს და არც შეგვიძლია დავიწყება იმისა, თუ „რანი ვართ".
როდესაც ქადაგება დაამთავრა, მივედი მასთან და მადლობა გადავუხადე. ვუთხარი, რომ უცხო ვიყავი უცხო მხარეში, მან კი შემახსენა, რომ ანდაზა ტყუის. თვალთაგან შორს არ ნიშნავს გულიდან ამოგდებას და როცა ეს შევიგრძენი, ვტოვებ აქაურობას.

მარიამ საწოლის ქვეშიდან ორი ჩემოდანი გამოიღო. ჩემოდნები აქ იმ დღის მოლოდინში დაეწყო, როცა ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. სწამდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ამ ჩემოდნებს პირამდე გაავსებდა საჩუქრებით, ახალი კაბებით, თოვლისა და ევროპული ღირსშესანიშნაობების ფონზე გადაღებული თავისი ფოტოსურათებით, რომლებიც მოაგონებდნენ იმ ბედნიერ დროს, როცა იგი მსოფლიოში ყველაზე მშვიდი და დიდსულოვანი ქვეყნის სტუმარი იყო. დიახ, ზოგი რამ ტანსაცმლიდან შეიძინა, ხოლო იმ დღეს, როცა ჟენევაში თოვლი მოვიდა, სურათებიც გადაიღო. ეს იყო და ეს. სხვა ვერაფერი შეისრულა თავისი ნაოცნებარიდან.
აქ იმის იმედით ჩამოვიდა, რომ ბევრ ფულს იშოვიდა, შეიცნობდა ცხოვრებას და თავის შესაძლებლობებს, იპოვიდა ქმარს, მშობლებს ფერმას უყიდიდა, ჩამოიყვანდა შვეიცარიაში და აჩვენებდა, სად ცხოვრობდა. და აი, ბრუნდება შინ. ოცნების აღსრულებისათვის ფული საკმარისად აქვს, მთებში კი ვერა და ვერ მოხვდა. და უფრო უარესი — საკუთარი თავისთვის უცხო გახდა. და მაინც კმაყოფილია, რადგანაც ზუსტად განსაზღვრა ის წამი, როცა უნდა შეჩერებულიყო.
ამას კი ცოტა ვინმე თუ ახერხებს.
დიახაც, იყო მის ცხოვრებაში ოთხი თავგადასავალი: ცეკვავდა კაბარეში, ისწავლა ფრანგული, გახდა მეძავი და შეუყვარდა სასოწარკვეთით და უიმედოდ. განა ბევრის ცხოვრებაში ხდება ამდენი მოვლენა ერთ წელიწადში?! იგი ბედნიერი იყო, თუმცა ამ ბედნიერებას სევდაც ერია. ამ სევდას სახელად ერქვა არა მეძავობა, არა შვეიცარია, არა ფული, არამედ რალფ ჰარტი. მარიას, თუმცა ამაში საკუთარ თავს არასოდეს გამოუტყდებოდა, გულის სიღრმეში სურდა ამ კაცზე გათხოვება, რომელიც ახლა ეკლესიაში ელოდება, რომ გააცნოს თავისი მეგობრები, თავისი ნახატები, თავისი სამყარო.
მარიამ გაიფიქრა: იქნებ არ წავიდე? იქნებ გადავიდე რომელიმე ოტელში აეროპორტის მახლობლად? ხვალ ხომ მიფრინავს, რალფთან გატარებული ყოველი წუთი კი მთელი წლის წამებას უქადის მომავალში, რადგანაც დატანჯავს იმაზე ფიქრი, თუ რისი თქმა შეეძლო და არ უთხრა. დატანჯავს მისი ხელების შეხების, მისი ხმის, მისი საუბრის გახსენება.
მარიამ კვლავ გახსნა ჩემოდანი, ამოიღო სათამაშო ვაგონი, რომელიც რალფმა პირველი შეხვედრისას თავის სახლში აჩუქა. რამდენიმე წუთს უცქირა მას და მერე სანაგვე კალათაში ჩაუძახა. იგი არ არის ბრაზილიასთან შეხვედრის ღირსი, ის იყო უსარგებლო და უსამართლო ბავშვის მიმართ, რომელსაც ასე უნდოდა მასთან თამაში.
არა, მარია არ წავა ეკლესიაში: შეიძლება რალფმა რამე ჰკითხოს და მან სიმართლე უპასუხოს: „მე ხვალ მივფრინავ". ის დარჩენას სთხოვს, ყველაფერს დაჰპირდება, ოღონდ არ დაკარგოს, გამოუტყდება სიყვარულში, რომელიც ისედაც აშკარა გახდა. ეს სიყვარული სრულ თავისუფლებას ემყარებოდა. სხვაგვარად შეუძლებელიც იყო. ალბათ ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ისინი აგრერიგად მიილტვოდნენ ერთმანეთისაკენ. ორივემ იცოდა, რომ ერთმანეთისაგან არა უნდათ რა. კაცები ყოველთვის ფრთხებიან, როცა ქალისგან ესმით: „მე მინდა, შენზე ვიყო დამოკიდებული", მარიას კი სურდა გულში რალფ ჰარტის სხვაგვარი სახება შეენახა — სახება შეყვარებულისა, რომელიც მთელი სულით და გულით მიენდო მას, რომელიც მისი გულისათვის ყველაფრისთვის იქნებოდა მზად.
კეთილი, მარია კიდევ მოასწრებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, წავიდეს თუ არა პაემანზე ეკლესიაში, მანამდე კი უფრო პროზაული საქმეები აქვს მოსაგვარებელი. უამრავი ნივთი ვერ ჩაატია ჩემოდნებში. სად წაიღოს ეს ყველაფერი? არც არსად. დარჩეს ბინის მეპატრონის განკარგულებაში. მიქსერი და ყავის მადუღარა, ბაზრობაზე ნაყიდი ნახატები, ლოგინის თეთრეული და პირსახოცები. თუმცა მის მშობლებს ეს ხარახურა უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ჟენევის ნებისმიერ მათხოვარს, ბრაზილიაში ამას მაინც არ წაათრევს: ყოველი წვრილმანი გაახსენებს იმას, თუ რა განიცადა, რა ფასად შეიძინა ეს ყველაფერი.
მარია სახლიდან გამოვიდა და ბანკისკენ გაემართა იმ განზრახვით, რომ ანგარიშიდან მთელი თავისი თანხა მოეხსნა. მმართველმა — ისიც ნამყოფი იყო მის ლოგინში — უთხრა, რომ ეს გონივრული არ არის: ანაბრიდან პროცენტების მიღება მას ხომ ბრაზილიაშიც შეუძლია. ხოლო თუ მას, ღმერთმა დაიფაროს, გაძარცვავენ, მრავალი თვის ნაშრომი წყალში ჩაეყრება. მარია შეჭოჭმანდა, თავისი ჩვეულებისამებრ, ჩათვალა, რომ მისთვის მართლაც სიკეთე უნდათ. მაგრამ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დაასკვნა: არა, ამ ქაღალდების მიზანი მატება სულაც არ არის. უნდა დაიხარჯოს ფაზენდაზე, მშობლების სახლზე, რამდენიმე თავ პირუტყვსა და კიდევ ათას რამეზე.
და მან მოხსნა ანგარიშიდან ყველაფერი, ბოლო სანტიმამდე, ფული სპეციალურად ამ შემთხვევისათვის ნაყიდ ქამარ-საფულეში ჩააწყო და ტანსაცმლის ქვეშ, შიშველ ტანზე შემოირტყა.
შემდეგ წავიდა ტურისტულ ბიუროში, თან იმაზე ლოცულობდა, რომ სიმამაცე ჰყოფნოდა და შუა გზიდან არ მობრუნებულიყო. განაცხადა, რომ ბილეთის გამოცვლა სურს. მას უპასუხეს, რომ ხვალ პირდაპირი რეისი არ არის: უნდა გაფრინდეს პარიზის გავლით და იქ გადაჯდეს. სულ ერთია! ოღონდ აქედან რაც შეიძლება შორს წავიდეს, ოღონდ არ გადაიფიქროს.
მარია ერთ-ერთ ხიდამდე მივიდა, გზად ნაყინი იყიდა, თუმცა სულაც აღარ ცხელოდა. შეჩერდა. ჟენევას გადახედა. ახლა ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს პირველად მოხვდა ამ ქალაქში და ახლა უნდა შემოირბინოს ყველა მუზეუმი, დაათვალიეროს მისი ღირსშესანიშნაობები, შეიაროს მოდურ რესტორნებსა და კაფეებში. სასაცილოა, სანამ ქალაქში ცხოვრობ, მუდამ სახვალიოდ გადადებ მის დათვალიერებას, ბოლოს კი ისე ტოვებ მას, რომ წესიერად ვერც კი გაეცანი.
რატომ არ ახარებს მოახლოებული შეხვედრა ბრაზილიასთან? რატომ ჰგვრის სევდას შვეიცარიასთან განშორება, რომელიც ასე სტუმართმოყვარე და გულითადი აღმოჩნდა? არც სიხარული, არც დარდი — არაფერი არ გამოსდიოდა, ორიოდე ცრემლის გადმოგდების გარდა. ძრწოდა საკუთარი თავის წინაშე, იმ ლამაზი და ჭკვიანი გოგოს წინაშე, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა წარმატების მისაღწევად და რომელიც მუდამ შეცდომებს უშვებდა.
რას იზამ, ახლა მაინც იქცევა სწორად.
როდესაც მარიამ ზღურბლს გადააბიჯა, ტაძარი სრულიად ცარიელი იყო. შეეძლო, მშვიდად დაეთვალიერებინა ვიტრაჟები — გარედან ლამაზად განათებულებს, თითქოს წუხანდელი დელგმის შემდეგ პირი დღის ნათელით დაებანათ. მის წინ აღმართული იყო საკურთხეველი ცარიელი ჯვრით — ეს არ იყო ჯვარცმა სასიკვდილო ტანჯვით დაკრუნჩხული და სისხლისგან დაცლილი ადამიანით, არამედ სიმბოლო აღდგომისა, რომლის წინაშეც დასჯის იარაღი სრულიად კარგავდა ყოველგვარ მნიშვნელობასა და შიშის შთაგონების უნარს. მარიას ისიც მოეწონა, რომ კედლის ნიშებში არ იყო გაპობილჭრილობებიანი და დასისხლიანებული წმინდანების ფიგურები. ერთი სიტყვით, მარია მოხვდა იქ, სადაც ხალხი იკრიბება, რათა ადიდოს ის, რაც მათი გონებისათვის მიუწვდომელია. მარიამ დაიჩოქა და შეჰპირდა იესოს, რომლისაც ჯერ ისევ სწამდა, მაგრამ რომელზეც დიდი ხანია აღარ ფიქრობდა, შეჰპირდა ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს: რაც არ უნდა მოხდეს დღეს, ის არ შეიცვლის გადაწყვეტილებას და დაბრუნდება შინ. მან დადო ეს ფიცი, რადგან კარგად იცოდა, თუ როგორ ეშმაკურ მახეს აგებს სიყვარული, რომელსაც შეუძლია ქალის ნების გატეხა. მალე მარიამ მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო, თავი მიაბრუნა და ლოყა მიადო.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1105 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 2:34 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024