♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 41)
6:12 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 41)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც მარიამ ეს სტრიქონები დაწერა და მოემზადა, კიდევ ერთი ღამით ყოფილიყო მოსიყვარულე დედა ან მიამიტი გოგონა, კარი გაიღო და „კოპაკაბანაში" შემოვიდა ინგლისელი ტერენსი, ერთ-ერთი განსაკუთრებულ კლიენტთაგანი.
ბარის დახლთან მდგომ მილანს აშკარად გაუხარდა, ბრაზილიელმა გოგონამ იმედი არ გაუცრუა. მარიას კი უმალ გაახსენდა სიტყვები, რომლებიც, შესაძლოა, ბევრ რამეს ნიშნავდა, შესაძლოა, სულაც არაფერს: „ტკივილი, ტანჯვა და უზარმაზარი სიამოვნება".
— შენს სანახავად სპეციალურად ჩამოვფრინდი ლონდონიდან. ბევრს ვფიქრობდი შენზე, — თქვა ტერენსმა.
მარიამ გაუღიმა, თან ცდილობდა, ღიმილი იმედისმომცემი და წამახალისებელი არ ყოფილიყო. ტერენსმა, ისევე, როგორც მაშინ, რიტუალი არ შეასრულა: არც დასალევი შეუთავაზებია, არც საცეკვაოდ გაუწვევია, უბრალოდ, მაგიდასთან მიუჯდა.
— როცა ვინმეს რამეს ასწავლი, რაღაცას შენც სწავლობ.
— არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, — უპასუხა მარიამ. თან რალფ ჰარტი აგონდებოდა და ამაზე უფრო ბრაზობდა. მის წინ სხვა კლიენტია, უნდა მოემსახუროს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ის კმაყოფილი დარჩეს.
— წავიდეთ?
ათასი ფრანკი, იდუმალი სამყარო, მილანის გამოხედვა დახლს იქიდან. რწმენა, რომ ნებისმიერ დროს შეძლებს შეჩერებას. ის სხვა მამაკაცი, რომელიც დაიკარგა და აღარსად ჩანს.
— შენ გეჩქარება? — ჰკითხა მარიამ.
— არა... რა იყო? — უპასუხა ტერენსმა.
— ის, რომ მინდა ჩემი კოქტეილის დალევა, ცეკვა და კიდევ ის, რომ ჩემს პროფესიას პატივისცემით მოეპყრონ.
ტერენსი თითქოს შეყოყმანდა, მაგრამ მერე ჩათვალა, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ნაწილია სპექტაკლისა, სადაც ერთი ბატონობს, მეორე კი ემორჩილება, ხოლო შემდეგ როლები იცვლება. მან კოქტეილი შეუკვეთა მარიასათვის, აცეკვა, ტაქსი გამოაძახებინა და მგზავრობისას ფულიც გადასცა. ისევ იმ ოტელში აღმოჩნდნენ. შესვლისას ტერენსმა იტალიელ პორტიეს მაშინდელივით თავი დაუკრა და იმავე ნომერში ავიდნენ, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა.

ტერენსმა ასანთი გაჰკრა და მარიამ ახლაღა დაინახა მთელ ნომერში ჩამორიგებული ათობით სანთელი. ტერენსი მათ სათითაოდ ანთებას შეუდგა.
— აბა, რისი ცოდნა გსურს? ასეთი რატომ ვარ? რატომ იყავი, თუ არ ვცდები, აღფრთოვანებული იმ ღამით, რომელიც ერთად გავატარეთ? შენ გინდა იცოდე, თვითონ რატომ ხარ ასეთი?
— არა, უბრალოდ, ჩვენთან, ბრაზილიაში ამბობენ: ერთი ასანთით სამ სანთელზე მეტი არ აანთოო, ცუდის ნიშანია. მაგრამ შენ, გეტყობა, ცრუმორწმუნე არა ხარ?
ტერენსმა ყურიც არ ათხოვა.
— შენ ისეთივე ხარ, როგორიც მე და აქ ათასი ფრანკის გულისათვის კი არა ხარ, არამედ იმისთვის, რომ განიცდი დანაშაულისა და სხვაზე დამოკიდებულების გრძნობას, იმიტომ რომ შენივე კომპლექსები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა გტანჯავს. და ეს არც კარგია და არც ცუდი: ასეთია შენი ბუნება.
მან ტელევიზორის პულტის ღილაკები ააწკაპუნა. ბოლოს შეჩერდა ახალი ამბების პროგრამაზე, სადაც ომს გამოქცეულ ლტოლვილებს უჩვენებდნენ.
— ხედავ? შენ, ალბათ, გინახავს გადაცემები, სადაც ადამიანები თავიანთ პირად პრობლემებზე მთელი მსოფლიოს თვალწინ ბჭობენ. გინახავს გაზეთის სათაურები და ჟურნალის ყდები? მსოფლიო სიამოვნებას იღებს ტანჯვისა და ტკივილისაგან. ერთი შეხედვით სადიზმია, სინამდვილეში კი, თუ გავიაზრებთ, რომ ბედნიერებისთვის სულ არ გვჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა, ჩვენ კი თვალს არ ვაცილებთ სხვისი ტრაგედიის სანახაობას და ზოგჯერ ვიტანჯებით კიდეც მის გამო, ეს მაზოხიზმია.
მან ორი ფუჟერი შამპანურით შეავსო, გამორთო ტელევიზორი და ისევ სანთლების ანთება გააგრძელა ბრაზილიური ცრურწმენების უგულებელყოფით.
— ვიმეორებ: ეს ადამიანის ბუნებაშია, ეს მისი არსია. მას მერე, რაც სამოთხიდან განგვდევნეს, ან ვიტანჯებით, ან სხვას ვტანჯავთ, ან ამ ტანჯვას თვალს ვადევნებთ. ვერაფერს შეცვლი.
გარედან ჭექა-ქუხილის ხმა მოისმა, დიდი თავსხმა ახლოვდებოდა.
— არ შემიძლია, — უპასუხა მარიამ, — მე მგონი, სისულელეა, თავი შენს მხევლად წარმოვიდგინო, შენ კი — მასწავლებლად და მბრძანებლად. არავითარი „თეატრი" არ არის საჭირო იმისათვის, რომ ტანჯვა იგემო. ცხოვრება ამის საშუალებას თითქმის ყოველდღე გვაძლევს.
ამასობაში ტერენსმა ყველა სანთელი აანთო. ერთი მათგანი შუა იატაკზე დადგა, მერე შამპანური დაასხა, ხიზილალა მოიტანა. მარიამ სულმოუთქმელად დალია, თან იმაზე ფიქრობდა, რომ ათასი ფრანკი უკვე ჩანთაში ედო, ფიქრობდა იმ ადამიანზე, რომელიც კიდეც იზიდავდა და კიდეც აშინებდა. და იმაზე, თუ როგორ მორეოდა ამ შიშს. მან იცოდა, ეს ღამე ტერენსთან ყველა დანარჩენისაგან განსხვავებული იქნებოდა.
— დაჯექი.
„ეს სპექტაკლია, მე როლს ვთამაშობ".
რა კარგია ბრძანების შესრულება. არაფერზე ფიქრი არ არის საჭირო, მხოლოდ უნდა დაემორჩილო. მარიამ საბრალოდ ითხოვა კიდევ ცოტა შამპანური, მაგრამ ტერენსმა არაყი მოიტანა. იგი უფრო სწრაფად ათრობდა, უფრო ძლიერ მოქმედებდა და ხიზილალასაც უფრო უხდებოდა.
მან ბოთლი გახსნა, მაგრამ თვითონ თითქმის არ მიჰკარებია. მარია მარტო სვამდა ჭექა-ქუხილის აკომპანემენტით. თავსხმა ისეთ დროს დაიწყო, თითქოს ცასაც და დედამიწასაც თავისი შმაგი ბუნების გამოხატვით ამ სპექტაკლში მონაწილეობა გადაუწყვეტიათო.
რაღაც მომენტში ტერენსმა კარადიდან პატარა ჩემოდანი გამოიღო და საწოლზე დადო.
— არ გაინძრე.
მარია გაშეშდა. ტერენსმა ჩემოდნიდან ორი წყვილი მეტალის ქრომირებული ხელბორკილი ამოიღო.
— ფეხები გადაშალე.
მარია დაემორჩილა. მან თავისი ნებით დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის უნარი. დაემორჩილა, რადგან თვითონ სურდა ეს. მარია ხვდებოდა, რომ ტერენსი ხედავდა გრძელი წინდებით შემოტმასნილ მის ბარძაყებს, შავ ტრუსებს და შეუძლია წარმოიდგინოს ის, რაც მათ ქვეშ იმალება.
— ადექი.
მარია სავარძლიდან წამოხტა, წაბარბაცდა და მიხვდა, რომ იმაზე მეტად დათვრა, ვიდრე ეგონა.
— არ გაბედო შემოხედვა! თავი ჩაღუნე! შენ არა გაქვს უფლება, შენს ბატონს თვალი გაუსწორო.
მანამდე, სანამ თავის დახრას მოასწრებდა, წვრილმა შოლტმა, თითქოს თვითონ გამოსხლტაო ჩემოდნიდან, ჰაერში გაიტკაცუნა.
— დალიე, მაგრამ თავი არ ასწიო.
მარიამ ერთმანეთის მიყოლებით სამი ჭიქა დალია. ახლა ეს უკვე სპექტაკლი კი არა, ცხოვრებისეული სინამდვილე იყო. მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. ის თავს უსულო საგნად, იარაღად გრძნობდა, მაგრამ, რაც არ უნდა ძნელი იყოს ამის დაჯერება, მორჩილება სრული თავისუფლების შეგრძნებას ანიჭებდა. ახლა მარია აღარ იყო დამრიგებელი და ნუგეშისმცემელი, რომელიც მოწოდებულია, მოისმინოს საიდუმლო აღსარებანი და აღაგზნოს. ის ხელახლა გადაიქცა მამაკაცის მეტისმეტი ძალაუფლების ქვეშ გასრესილ გოგონად ბრაზილიის მიყრუებული ქალაქიდან.
— გაიხადე.
ეს სიტყვა იყო მშრალი, ყოველგვარ ვნებიან სურვილს მოკლებული და ამიტომაც, შესაძლოა, დაუჯერებელ ეროტიზმს შეიცავდა. მარიამ თავი დახარა, კაბა შეიხსნა, რომელიც იატაკზე ჩამოსრიალდა.
— იმედია ხვდები, რომ ცუდად მოიქეცი?
შოლტმა ისევ გაიტკაცუნა ჰაერში.
— შენ დაისჯები. როგორ გაბედე ჯიბრით მოქცევა? შენს ასაკში?! შენ ჩემ წინაშე მუხლებზე უნდა იდგე!
მარიამ მუხლებზე დაშვება დაიწყო, მაგრამ შოლტმა დაასწრო. ის მის სხეულს შეეხო და აიძულა გარინდულიყო. კანი აეწვა, მაგრამ კვალი თითქმის არ დააჩნდა.
— განა მე გიბრძანე მუხლებზე დადგომა? გიბრძანე თუ არა?
— არა.
ახალი დარტყმა.
— უნდა თქვა „არა, ჩემო ბატონო".
კიდევ დარტყმა. კიდევ შოლტის მწველი შეხება. წამით თავში გაუელვა, რომ შეუძლია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს. მაგრამ იქნებ ასე სჯობს, იქნებ ბოლომდე მიჰყვეს, და არა ფულის გულისათვის, არამედ იმისათვის, რაც უთხრა ტერენსმა პირველი შეხვედრისას: „ადამიანი მხოლოდ ბოლო ზღვრამდე მისვლისას შეიცნობს თავის არსს".





კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1024 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 11:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024