♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 29)
3:22 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 29)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



მარია შეშინდა. იგი აცნობიერებდა, რომ ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ მისი სულის ვულკანი ამოფრქვევას დაიწყებდა და როგორც კი ეს მოხდებოდა, ის თავის გრძნობებს ვეღარ წარმართავდა. რას წარმოადგენს ეს სუბიექტი? იქნებ თავისი ცხოვრების შესახებ ყველაფერი მოჩმახა? სულ რამდენიმე საათი გაატარეს ერთად და არც კი მიჰკარებია, არც კი უცდია მისი მოხიბლვა, შეცდენა. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?
ასეთი მღელვარებით რატომ უძგერს გული? იმიტომ, რომ დარწმუნებულია, მხატვარიც იმავეს გრძნობს. მაგრამ აქ კი ძალიან ცდებოდა მარია. რალფ ჰარტს ისეთ ქალთან სურდა შეხვედრა, რომელიც მასში თითქმის მინავლებულ ალს გააღვივებდა. მას სურდა სექსის ქალღმერთად ექცია ქალი, რომელიც „განსაკუთრებულ შუქს" ასხივებდა (ამაში ის გულწრფელი იყო) და რომელიც მზად იქნებოდა, მისთვის ხელი ჩაეკიდა და ცხოვრების გზაზე გაჰყოლოდა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მარიაც გულგრილი იყო ხორციელი სიყვარულისადმი, რომ მასაც თავისი პრობლემები ჰქონდა (ამდენ კაცთან ურთიერთობის მიუხედავად, ვერც ერთხელ ვერ განიცადა ნეტარება), რომ იმ დილით, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მარია მომავლის გეგმებს აწყობდა და სამშობლოში ტრიუმფალურ დაბრუნებაზე ოცნებობდა.
მაშ, რატომ ფიქრობდა მასზე მარია? რატომ ფიქრობდა იმაზე, ვინც, შესაძლოა, ახლა სხვა ქალს ხატავს, სხვას ეუბნება, რომ მისგან „განსაკუთრებული შუქი" მოდის და რომ მას სექსის ჭეშმარიტ ქალღმერთად გახდომა შეუძლია?
„იმიტომ, რომ მასთან საუბარი შემეძლო".
რა სისულელეა! იქნებ მარია ბიბლიოთეკარზეც ფიქრობდა?!
არაფერიც. იქნებ ფილიპინელ ნიაზე ფიქრობდა, ერთადერთ გოგონაზე „კოპაკაბანაში", ვისთანაც აზრებისა და გრძნობების გაზიარება შეიძლებოდა? არა, მათზე არ ფიქრობდა. თუმცა ორივეს ხშირად ხვდებოდა და მათთან თავს კარგად გრძნობდა.
მარია შეეცადა, სხვა რამეზე გადართულიყო. საგრძნობლად დათბა... გუშინ სუპერმარკეტში შესვლა მაინც ვერ მოასწრო... მამას წერილი მისწერა, სადაც დაწვრილებით და საქმიანად აუხსნა, რომელი ნაკვეთის ყიდვას აპირებდა. დაე, მშობლებმა გაიხარონ. დაბრუნების თარიღი არ მიუთითა, მაგრამ მიანიშნა, რომ ეს სულ მალე მოხდებოდა. დაიძინა, გამოიღვიძა, ისევ დაიძინა, ისევ გამოიღვიძა. მიხვდა, რომ საკარმიდამო მეურნეობის სახელმძღვანელო კარგია შვეიცარიელებისათვის და არ გამოდგება ბრაზილიელებისათვის — ეს ორი სრულიად განსხვავებული სამყაროა.
დღისით ცოტა დამშვიდდა — არაფერი მიწისძვრის, ვულკანის ამოფრქვევის ან სხვა კატაკლიზმების მსგავსი, რაც სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვდა. ცოტა მოეშვა, დაძაბულობამ იკლო. რას იზამ, ადრეც უგრძნია განცდების ასეთი მოზღვავება, მეორე დღეს კი ყველაფერს ჩაუვლია. ასე ჯობია — მისი სამყარო ხელუხლებელი დარჩა. არსებობს ოჯახი, რომელსაც ის უყვარს, არსებობს ადამიანი, რომელიც მას ელის, ხშირად სწერს წერილებს და ატყობინებს, რომ ფართლეულით ვაჭრობა მომგებიანია და საქმეც წინ მიიწევს. დღესვე რომ გადაწყვიტოს სახლში დაბრუნება, ფაზენდის სამყოფი ფული უკვე აქვს. ყველაზე უარესი უკვე წარსულში დარჩა: გადალახა ენობრივი ბარიერი, მარტოობა, არაბთან ვახშმობა, გადაეჩვია იმაზე წუწუნს, თუ რას უშვრებიან მის სხეულს. მარიამ ახლა მშვენივრად იცის, რაც უნდა და ამისათვის ყველაფერზე წავა. და მამაკაცებს აქ ადგილი არა აქვთ. ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც მის მშობლიურ ენაზე არ ლაპარაკობს და მის მშობლიურ ქალაქში არ ცხოვრობს.
დიახ, მარია დამშვიდდა, მისი სული აღარ ბობოქრობს. მიხვდა, რომ ნაწილობრივ თვითონ არის დამნაშავე. რატომ არ უთხრა: „მეც ისევე ეული და უბედური ვარ, როგორც შენ. გუშინ მითხარი, რომ ჩემგან მომავალ შუქს ხედავ და ეს პირველი ალერსიანი და წრფელი სიტყვებია იმ ხნის მანძილზე, რაც აქ ვცხოვრობ".
რადიოში ძველებური სიმღერა ჟღერდა: „...ჩემი სიყვარული კი ისე დაიღუპა, რომ დაბადებაც ვერ მოასწრო". ეს ხომ მასზეა ზედგამოჭრილი, მის ბედზე.
ჩანაწერი მარიას დღიურში, ორი დღის შემდეგ, როცა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა:

ვნება არ აძლევს ადამიანს ჭამის, ძილისა და მუშაობის საშუალებას, სიმშვიდეს უკარგავს. ბევრს ეშინია მისი, რადგანაც იგი ამსხვრევს და ანადგურებს უწინდელ, ჩვეულ ცხოვრებას.
არავის სურს თავის მოწყობილ სამყაროში ქაოსის შეტანა. ბევრს ძალუძს განჭვრიტოს ეს საფრთხე და გაამაგროს დამპალი კოჭები, რომ ძველი ნაგებობა არ ჩამოინგრეს. ისინი ერთგვარად ინჟინრები არიან უზენაესი გაგებით.
სხვანი კი სწორედ რომ პირიქით იქცევიან: ვნების მორევში იმ იმედით გადაეშვებიან ხოლმე, რომ იქ თავიანთი პრობლემების გადაჭრა შეძლონ. სხვებს აკისრებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ბედნიერებაზე და უბედობაზე. სასწაულის მოლოდინში ან აღფრთოვანებულნი არიან, ან — სასოწარკვეთილნი, რადგანაც საქმეში გაუთვალისწინებელი გარემოებანი იჩენს თავს და ყოველივეს ანგრევს.
საინტერესოა, რა უფრო ნაკლებად დამანგრეველია — განერიდო ვნებას თუ ბრმად მიენდო მას?
არ ვიცი, არა.

მესამე დღეს, თითქოს მკვდრეთით აღდგაო, რალფ ჰარტი კვლავ გამოჩნდა „კოპაკაბანაში". მარია უკვე კლიენტს ესაუბრებოდა, მაგრამ მხატვრის დანახვაზე ზრდილობიანად მოუბოდიშა და უთხრა, რომ უკვე დანიშნული აქვს პაემანი სხვასთან.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1021 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 9:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024