♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 25)
3:19 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 25)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი

მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


ეს ფრაზა მარიას ბრწყინვალედ მოეჩვენა, მაგრამ მხატვარმა ყურიც არ შეიბერტყა. მარია ცდილობდა, თავი უშუალოდ დაეჭირა და მხატვრის მზერას არ შეეკრთო. ფანჯარაში ის აბრა დაინახა, წეღან Aრომ მიიპყრო მისი ყურადღება:
— იცით, რა არის „წმინდა იაკობის გზა"?
— შუა საუკუნეებში მლოცველები მთელი ევროპიდან ამ ქუჩით მიდიოდნენ ესპანეთის ქალაქის სანტიაგო-დე-კომპოსტელასკენ, წმინდა იაკობის ქალაქისაკენ.
მან გადაწია ტილოს ნაწილი და ფუნჯები მოამზადა. მარიამ უწინდებურად არ იცოდა, რა ეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო.
— თქვენ გინდათ თქვათ, რომ ეს გზა პირდაპირ ესპანეთში მიმიყვანს?
— დიახ, ორ-სამ თვეში მიაღწევთ. ოღონდ, აი რა, არ შეგიძლიათ, ჩუმად იჯდეთ? სულ ხუთი წუთი. და კიდევ, მაგიდიდან თქვენი პაკეტი მოაშორეთ.
— ეს წიგნებია, — უპასუხა მარიამ, ამ უცერემონიო თხოვნით ცოტათი განაწყენებულმა. დაე, იცოდეს, რომ მის წინ ინტელიგენტი ქალია, რომელიც მაღაზიებში კი არ დარბის, არამედ ბიბლიოთეკაში დადის.
მაგრამ მაგიდიდან პაკეტი მაინც აიღო და იატაკზე დადო. ჯანდაბას, გაიფიქრა მარიამ, სულაც არ მინდა მასზე შთაბეჭდილების მოხდენა, სამუშაოზე ხომ არა ვარ. ასე რომ, ჯობია, ჩემი ხიბლი იმათთვის შემოვინახო, ვინც ამას უხვად აანაზღაურებს. რატომ უნდა გაისარჯოს ამ კაცისათვის, რომელსაც, ალბათ, ერთი ფინჯანი ყავის ფულიც არა აქვს. ოცდაათი წლის კაცს ამ სიგრძის თმები რად უნდა? — ეს ხომ სასაცილოა. ისე, საიდან დაასკვნა, რომ ამ კაცს ფული არა აქვს? ოფიციანტმა ხომ თქვა, რომ იგი ცნობილია. თუ ეს ქიმიკოსს ეხებოდა? მარიამ მისი ტანსაცმლის თვალიერება დაიწყო, მაგრამ საყურადღებო ვერაფერი შენიშნა. თუმცა გამოცდილება კარნახობდა, რომ მოკრძალებულად და დაუდევრად ჩაცმული კაცები ხშირად უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ისინი, ვინც რესპექტაბელურ კოსტიუმებსა და ჰალსტუხებს ატარებენ. მგონი, ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.
„და საერთოდ, რა შუაშია მხატვარი?! მე ნახატი მაინტერესებს".
ათი წუთი არც ისე დიდი საფასურია უკვდავებისათვის. მარიამ შენიშნა, რომ ის ტილოს იმ ნაწილზე ხატავდა, რომელზეც ნობელის პრემიის გვირგვინოსანი ქიმიკოსი იყო გამოსახული. მერე ფულიც ხომ არ მოსთხოვოს ამ მხატვარს? — დაეკითხა თავის თავს მარია.
— თავი ფანჯრისაკენ მიაბრუნეთ.
და მარია ისევ უსიტყვოდ დაემორჩილა, რაც სულაც არ იყო მისთვის დამახასიათებელი. ფანჯარაში დაიწყო ყურება. ათვალიერებდა გამვლელებს, აბრას ქუჩის დასაწყისში. წარმოიდგინა, რომ საუკუნეების წინ აქ უკვე არებობდა ეს ქუჩა, და მთელი ის ცვლილებები გადაიტანა, რომლსაც ადგილი ჰქონდა ამქვეყნად და თვით ადამიანებში. შესაძლოა, ეს კარგის მომასწავებელი იყოს და მის პორტრეტს მუზეუმში მოხვედრიდან ხუთასი წლის შემდეგ იგივე ბედი ელის.
მხატვარი გულმოდგინედ მუშაობდა. მარია კი თანდათანობით კარგავდა უწინდელ სიხალისეს და უსუსურობის გრძნობა ეუფლებოდა. ბარში შემოსვლისას საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, ეგონა, რომ ყველაზე რთული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო — აი, მაგალითად, ფულიანი სამუშაოს მიტოვება და ფაზენდის მართვის მძიმე ტვირთის აკიდება. ახლა კი სამყაროს წინაშე დაბნეულობის უწინდელი გრძნობა დაუბრუნდა. გრძნობა, რომელსაც მეძავის ჯიბე ვერ გასწვდება — ეს მისთვის დიდი ფუფუნებაა.
და ის მიხვდა, რატომ გრძნობდა თავს უხერხულად: მრავალი თვის განმავლობაში პირველად უყურებენ არა როგორც ქალს, არამედ... ამას ზუსტად ვერ განსაზღვრავს, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს ესაა: „ის ხედავს ჩემს სულს, ჩემს შიშებს, ჩემს სისუსტეს, ჩემს უუნარობას — წინ აღვუდგე სამყაროს, რომელსაც მგონია, თავი გავართვი, მაგრამ მის შესახებ სინამდვილეში არაფერი ვიცი".
— მე მინდოდა...
— ღვთის გულისათვის, გაჩუმდით, — თქვა მხატვარმა, — მე ვხედავ თქვენგან მომდინარე შუქს.
არავის არასოდეს მისთვის ასეთი რამ არ უთქვამს. ეუბნებოდნენ: „მე ვხედავ შენი თეძოს საოცარ მოყვანილობას" ან „მე ვხედავ რა საოცარი ფორმის ძუძუები გაქვს" ან უკეთეს შემთხვევაში — „მე ვხედავ, რომ გინდა გაწყვიტო კავშირი ასეთ ცხოვრებასთან, გთხოვ, ნება მომეცი, შენთვის ბინა ვიქირავო". დიდი ხანია ასეთ რეპლიკებს შეეჩვია, მაგრამ... შუქი? იქნებ მოახლოებულ საღამოს გულისხმობს?
— შუქი, რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვთ, — დასძინა მხატვარმა, როცა მიხვდა, რომ მარიამ ვერაფერი გაიგო.
შუქი, რომელიც მხოლოდ მე მაქვს. ძნელია იმაზე მეტად შეცდე, როგორც ეს მხატვარი შეცდა. ძნელია, ოცდაათი წლის ასაკში შეინარჩუნო ასეთი ბავშვური უმანკოება. როგორც ცნობილია, ქალების მომწიფება უფრო ადრე ხდება, ვიდრე მამაკაცებისა და მარიამ, თუმცა ღამეებს არ ათევდა თავისი ყოფიერების მეტაფიზიკურ პრობლემებზე ფიქრში, ერთი რამ ზუსტად იცოდა: მასში არ არის ის, რასაც მხატვარი „შუქს" ეძახდა. თვითონ ამას უფრო „ნათებას" დაარქმევდა. ჩვეულებრივი ქალია, უხმოდ იტანჯება მარტოობისაგან, ცდილობს მოუძებნოს ახსნა იმას, რასაც აკეთებს. თავი ძლიერად მოაქვს, სინამდვილეში კი სუსტია. უარყოფს ყოველგვარ ვნებას თავისი საშიში სამუშაოს გამო, აწყობს მომავლის გეგმებს, სინდისის ქენჯნას განიცდის წარსული იმედგაცრუებისა და შეცდომების გამო... ასე რომ, არავითარი შუქი ან ნათება მასში არ არის. ალბათ, ეს უბრალოდ ხერხია მის გასაჩუმებლად და გასამხნევებლად. ის ხომ ამდენი ხანია აქ სულელივით ზის სრულიად გაუნძრევლად.
„მხოლოდ ჩემთვის დამახასიათებელი შუქი. შეეძლო რამე სხვა მოეფიქრებინა, მაგალითად, „რა საოცარი პროფილი გაქვთ".
სახლში შუქი როგორ შედის? — ღია ფანჯრებიდან. ადამიანში? — თუ სიყვარულის კარი დახშული არ არის. მისი კარი ხომ ყველა საკეტით არის ჩარაზული. ალბათ, ძალიან ცუდი და უნიჭო მხატვარია, რახან ასეთ უბრალო რამეს ვერ ხვდება.
— ესეც ასე, — თქვა მხატვარმა და თავისი ნივთების აკრეფას შეუდგა.
მარია არ განძრეულა. ერთი პირობა დააპირა ეთხოვა, მაჩვენეთო, მაგრამ ეს შეიძლებოდა უზრდელობაში ან უნდობლობაში ჩათვლოდა. ბოლოს მაინც ცნობისმოყვარეობამ წასძლია და ნახვის ნებართვა ითხოვა.
კაცს მხოლოდ მისი სახე დაეხატა — მსგავსება იყო, ოღონდ, მარიას მოდელი რომ არ სცნობოდა, ამ სურათის შემხედვარე იტყოდა, რომ ქალი, რომელიც აქ არის აღბეჭდილი, მასზე გაცილებით ძლიერია და აღსავსეა რაღაც შუქით, შუქით, რომელსაც მარია სარკეში ჩახედვისას ვერ ამჩნევდა.
— მე რალფ ჰარტი მქვია. გნებავთ, თქვენთვის რამე დასალევი კიდევ შევუკვეთო?
— არა, გმადლობთ.
ისეთი პირი უჩანდა, რომ საუბარი გაკვალული გზით წარიმართებოდა და მამაკაცი ქალის „შებმას" ეცდებოდა.
— კიდევ ორი ანისული, გეთაყვა, — მოითხოვა მან, თითქოს ქალის სიტყვები არც კი გაუგიაო.
ისე, სხვა რა საქმე აქვს მარიას? მოყირჭებული წიგნი იკითხოს საკარმიდამო მეურნეობის მართვის შესახებ? მეორასედ გაისეირნოს ტბის პირას? არა! ისევ ჯობს, იმას ელაპარაკოს, ვინც მასში ამოუცნობი შუქი დაინახა, თან სწორედ იმ დღეს, როცა ბოლო სამი თვის ათვლა დაიწყო...
— რას საქმიანობთ? — ეს შეკითხვა არ უყვარდა, გაგონებაც არ უნდოდა მისი. ამ შეკითხვამ ათქმევინა უარი რამდენიმე შეხვედრაზე, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვინმე დაუახლოვდებოდა (შვეიცარიაში ეს იშვიათად ხდება. აქაური ხალხი თავშეკავებული და ჩაკეტილია). რა უპასუხოს?
— კაბარეში ვმუშაობ.
არის! ამოისუნთქა! მარია საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა, ვინაიდან შვეიცარიაში გატარებულმა დრომ ასწავლა: უნდა იკითხო („ქურთები ვინ არიან?", „რა არის წმინდა იაკობის გზა?") და უპასუხო („კაბარეში ვმუშაობ") და არ ინაღვლო, რას იფიქრებენ შენზე.
— მგონი, სადღაც მინახიხართ.
მარია მიხვდა, რომ მხატვარი საუბრის გაგრძელებას აპირებდა და თავისი პატარა გამარჯვებით გაიხარა: ეს ადამიანი, ხუთი წუთის წინ უცერემონიოდ რომ იძლეოდა ბრძანებებს და უაღრესად თავდაჯერებული ჩანდა, ახლა ყველა იმ მამაკაცივით უმწეო გახდა, უცნობი ქალის წინაშე რომ იბნევა.
— ეგ რა წიგნებია?
მარიამ ყდები უჩვენა — სოფლის მეურნეობის ცნობარი, ფაზენდის მართვის სახელმძღვანელო.
— სექს-ინდუსტრიაში მუშაობთ?
მეტისმეტად თამამი შეკითხვაა. ნუთუ ასე გამომწვევად აცვია, ნუთუ მიუხვდა მის პროფესიას? ასეა თუ ისე, დროის მოგებაა საჭირო. ეს ყველაფერი მის თვალში რაღაც სახალისო თამაშს დაემსგავსა. ისე კი, დასაკარგი რა აქვს?
— ყველა მამაკაცი მხოლოდ ამაზე რატომ ფიქრობს?
მან წიგნები ისევ პარკში ჩააწყო.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1074 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 12:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024