♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 20)
3:12 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 20)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


* * *
გავიდა ნახევარი წელი. მარიამ ყველაფერი შეითვისა, რაც საჭირო იყო. მაგალითად ის, თუ როგორ იყო მოწყობილი „კოპაკაბანა", რომელიც ბერნის ქუჩაზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ დაწესებულებას წარმოადგენდა. მისი კლიენტურა რესპექტაბელური ბატონებისაგან შედგებოდა, რომელთაც ცოლებისგან დაგვიანების ნებართვა ჰქონდათ მიღებული (მაგრამ არა უგვიანეს თერთმეტი საათისა), რადგან „დაგეგმილი იყო საქმიანი ვახშამი საქმიან პარტნიორებთან". გოგონების უმრავლესობა თვრამეტიდან ოც წლამდე ასაკისა იყო და დაწესებულებაში საშუალოდ ორ წელს ჩერდებოდა, მერე მათ ადგილს ახლები იკავებდნენ. ძველები კი „ნეონში" გადადიოდნენ, შემდეგ — „ქსენიუმში". რაც უფრო ასაკოვანნი ხდებოდნენ, მით ნაკლებად ფასობდნენ და მით მეტი მუშაობა უწევდათ. ბოლოს თითქმის ყველანი „ტროპიკულ ექსტაზში" ხვდებოდნენ, სადაც ოცდაათ წლამდე ქალებს იღებდნენ. იქ კი ერთი-ორი სტუდენტის მომსახურებაში მეპატრონის წილისა და ვახშმის ფულს ძლივს აკეთებდნენ. უარეს შემთხვევაში, პროგრამა ერთ ბოთლ იაფფასიან ღვინომდე იკვეცებოდა.
მარიამ ბევრი კაცი ნახა. მისი „ჰო" ან „არა" დამოკიდებული იყო არა ასაკზე ან ჩაცმულობაზე, არამედ სუნზე. მას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა თამბაქოსი, მაგრამ ვერ იტანდა, როცა კლიენტს იაფფასიანი ოდეკოლონის, დაუბანელი ტანის ან ბახუსის სუნი ასდიოდა. „კოპაკაბანა" წყნარი ადგილი იყო და საერთოდ, მეძავობისათვის შვეიცარიაზე უკეთესი ადგილი მთელ ქვეყანაზე არ არსებობს იმ პირობით, თუ აქ ცხოვრების უფლება და მუშაობის ნებართვა გაქვს და თუ კეთილსინდისიერად იხდი სოციალური დაზღვევის გადასახადს. მილანი მუდამ ამბობდა, რომ არ სურს, მისმა ქალიშვილებმა მამის სახელი სკანდალების მოყვარული გაზეთების ფურცლებზე იხილონ. ამიტომ, როცა კი რომელიმე მისი ხელქვეითის სტატუსის დამოწმებაზე მიდგებოდა საქმე, ის ნებისმიერ პოლიციელზე მკაცრი და შეუვალი ხდებოდა.
ხოლო მას შემდეგ, რაც პირველი ან მეორე საღამოს ფსიქოლოგიური ბარიერი დაიძლეოდა, ჩვეულებრივი სამუშაო იწყებოდა, ისეთივე, როგორიც ყველა სხვა: მძიმე შრომა, კონკურენცია, სწრაფვა გამოიყურებოდე „დონის" შესაბამისად, ცხოვრება განრიგით, წუწუნი მეტისმეტად შემჭიდროებულ გრაფიკზე, კვირადღეს დასვენება. მეძავების უმრავლესობა მორწმუნე იყო და სხვადასხვა ეკლესიაში დადიოდა, ყველა თავის ღმერთს აღუვლენდა ლოცვას.
მარია კი სულის გადარჩენას დღიურის დახმარებით ცდილობდა. მეტად გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ ყოველი მეხუთე კლიენტი სალაპარაკოდ მოდიოდა. ისინი იხდიდნენ დადგენილ და შეთანხმებულ თანხას, მიდიოდნენ ოტელში, მაგრამ როცა საქმე გახდაზე მიდგებოდა, ამბობდნენ, ეს არ არის აუცილებელიო. მათ სურდათ მოეყოლათ, რომ სამუშაომ მოქანცა, რომ ცოლი ღალატობს, რომ მარტო არიან და ხმის გამცემი არავინ ჰყავთ (მარიასათვის ხომ ეს ყველაფერი ნაცნობი იყო).
თავიდან ეს უცნაურად ეჩვენებოდა. მაგრამ ერთხელ ერთი ფრანგი გამოიჭირა, რომელიც მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობისათვის კანდიდატურებს არჩევდა (ამას ისეთი გატაცებით უხსნიდა მარიას, თითქოს უფრო საინტერესო ქვეყანაზე არაფერი ყოფილიყო). მან გაანდო:
— იცი, ვინ იტანჯება ყველაზე მეტად მარტოობისაგან? ის, ვინც კარგი სამსახურებრივი კარიერა გაიკეთა, ვისაც აქვს უზარმაზარი ხელფასი, სარგებლობს უფროსებისა და ხელქვეითების ნდობით, ჰყავს ოჯახი, რომელთან ერთადაც ატარებს შვებულებას, და ბავშვები, რომელთაც დავალებების შესრულებაში ეხმარება. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ვინმე ჩემნაირი მოევლინება და ჰკითხავს: „გინდა, სამსახური შეიცვალო და ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეს?"
და მაშინ ეს კაცი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს, ყველაზე უბედური ხდება. რატომ? იმიტომ, რომ ხმის გამცემი არ ჰყავს. ის ფიქრობს ჩემს წინადადებაზე, მაგრამ გულს ვერავის უშლის. თანამშრომლებს ამაზე ვერ მოეთათბირება, რადგან ისინი ყველანაირად შეეცდებიან, გადააფიქრებინონ და ისევ ძველ ადგილზე დარჩენას ურჩევენ. აზრს ვერ გაუზიარებს ვერც ცოლს, მისი მრავალწლიანი აღმასვლის მოწმეს, რომელმაც იცის, რა არის სტაბილურობა, მაგრამ არ იცის, რა არის რისკი. ვერავის დაელაპარაკება მაშინ, როცა მთელი თავისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა ელის. წარმოგიდგენია, რას გრძნობს ასეთი ადამიანი?
არა, მარიას არ მიაჩნდა, რომ ამ კაცს ყველაზე მეტად ტანჯავდა მარტოობა, იმიტომ, რომ იცნობდა სხვა ადამიანს, რომელიც ამ საკითხში ამ ტოპ-მენეჯერსაც აჯობებდა და ეს ადამიანი თვითონ იყო. მიუხედავად ამისა, მარიას კამათი არ დაუწყია, რადგანაც „ჰონორარზე" სოლიდური დანამატის იმედი ჰქონდა და არც შემცდარა. მაგრამ იმ დღიდან მიხვდა: ისეთი რამ უნდა მოიგონოს, რომ კლიენტს მძიმე ტვირთი ჩამოხსნას მხრებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ გახდეს საუკეთესო თავის სფეროში და, შესაბამისად, მეტი ანაზღაურება მიიღოს.
როგორც კი აზრად მოუვიდა, რომ სულიერი დაღლილობისაგან დახსნა ხორციელი შიმშილის მოკვლაზე არანაკლებ შემოსავლიანი შეიძლება იყოს, მარიამ მაშინვე ბიბლიოთეკას მიაკითხა. იქ შეუკვეთა წიგნები ცოლქმრული ურთიერთობების ფსიქოლოგიასა და პოლიტიკაზე. ბიბლიოთეკარი აღფრთოვანებული დარჩა — აბა, როგორ, გოგონამ, რომლის მიმართაც ასეთ სინაზეს გრძნობდა, თავიდან ამოიგდო სექსი და უფრო მნიშვნელოვან საგნებს მიუბრუნდა. ამიერიდან მარია რეგულარულად კითხულობდა გაზეთებს. ეცნობოდა ეკონომიკურ განყოფილებებსაც კი, რადგანაც მისი კლიენტების უმრავლესობა ბიზნესით იყო დაკავებული. იღებდა ავტოტრენინგის სახელმძღვანელოებს, ვინაიდან კლიენტები რჩევას ეკითხებოდნენ მარიას. დაინტერესდა გამოკვლევებით ემოციების საკითხებზე, რადგანაც ისინი, უკლებლივ ყველანი, ამა თუ იმ მიზეზის გამო იტანჯებოდნენ. ახლა მარია უბრალოდ ვიღაც ბოზანდარა აღარ იყო. ის ყველასაგან გამოირჩეოდა და პატივისცემით სარგებლობდა. და აი, ნახევარ წელიწადში უმაღლესი რანგის მუდმივი და სარფიანი კლიენტების წრე შემოიკრიბა, რაც სხვა გოგონებში შურს, ეჭვსა და აღფრთოვანებას იწვევდა.
რაც შეეხება სექსს, ამ მხრივ არაფერი იცვლებოდა: დაწვე, სთხოვო პრეზერვატივის გაკეთება, ცოტა წაიკვნესო, რომ დანამატის შანსები გაზარდო (ფილიპინელი ნიას წყალობით გაიგო, რომ ამ კვნესას დამატებითი ორმოცდაათი ფრანკი მოაქვს), მერე მიიღო შხაპი, ოღონდ — დაუყოვნებლივ, და მაშინ გეჩვენება, რომ არა მარტო სხეულს იბან, არამედ, რაღაც გაგებით, სულსაც. ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ შემოღებული რიტუალის მიხედვით ხდება. არავითარი კოცნა! მეძავისათვის კოცნა წმინდა რამ არის. ისევ და ისევ იმ ნიამ განუმარტა, რომ კოცნა სატრფოსათვის უნდა შემოინახო, სწორედ ისე, როგორც მძინარე მზეთუნახავის ზღაპარშია: ეს კოცნა გამოგაღვიძებს და ჯადოსნურ სამყაროში დაგაბრუნებს, რომელშიც შვეიცარია ისევ შოკოლადის, ძროხებისა და საათების ქვეყნად გადაიქცევა.
არავითარი ტკბობა, სიამოვნება ან თუნდაც აღგზნება. სრულყოფისაკენ სწრაფვის გზაზე რამდენიმე პორნოფილმიც კი ნახა, იქნებ რამე სასარგებლო გადმოვიღოო. ბევრი საინტერესო რამ გაიგო, მაგრამ საქმეში ვერ გამოიყენა, კლიენტები რომ არ შეეფერხებინა. მილანიც კმაყოფილი იყო, როცა ერთ საღამოს სამი „გასვლა" გამოსდიოდა.
და როდესაც პირველი ექვსი თვე მიიწურა, მარიამ ბანკში სამოცი ათასი ფრანკი შეიტანა. სადილობდა ძვირფას რესტორნებში, შეიძინა ტელევიზორი (მართალია, არ რთავდა, მაგრამ ყოფილიყო, რას უშლიდა) და უკვე სერიოზულად ფიქრობდა უკეთეს ბინაში გადასვლაზე. უკვე შეეძლო წიგნების ყიდვა, თუმცა კვლავ ბიბლიოთეკაში დადიოდა, რომელიც რეალურ სამყაროსთან დამაკავშირებელ ხიდად გადაიქცა, და ეს ხიდი ყველაზე მყარი და გამძლე აღმოჩნდა. მარიას მოსწონდა ხანმოკლე საუბრები ბიბლიოთეკარ ქალთან, რომელიც, თავის მხრივ, კმაყოფილი იყო იმით, რომ ამ მშვენიერმა გოგონამ ბოლოს და ბოლოს პოვა ბედნიერება და, როგორც ჩანს, კარგი სამსახურიც, თუმცა, არაფერს ეკითხებოდა, ვინაიდან შვეიცარიელები მორიდებულნი და თავშეკავებულნი არიან (ტყუილია: „კოპაკაბანას" მაგიდასთან ან ლოგინში ისინი არაფრით არ განსხვავდებიან სხვა ერის წარმომადგენლებისაგან).
კვირა საღამოს ჩანაწერი მარიას დღიურში:
ყველა მამაკაცს, როგორიც უნდა იყოს ის — მაღალი თუ დაბალი, კადნიერი თუ მორცხვი, ჩუმი თუ ყბედი, ერთი საერთო თვისება აქვს: ყველა შიშის დაძლევით მოდის „კოპაკაბანაში". ყველაზე გამოცდილები ხმამაღალი ლაპარაკით მალავენ ამას.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1128 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:10 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024