♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 15)
3:07 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 15)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


მე ერთადერთი სულაც არა ვარ. თუმცა, შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ბედმა გამრიყა, დამჩაგრა, მაგრამ ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე წინ გადაულახავი წინაღობები გვხვდება: ვერც ერთმა ჩვენგანმა, ვერც კლერკმა — მუსიკოსმა, ვერც სტომატოლოგმა — მწერალმა, ვერც მოლარემ — მსახიობმა, ვერც დიასახლისმა — ფოტომოდელმა ბედნიერება ვერ პოვა.

აი, თურმე როგორ ხდება ეს. თურმე რა ადვილი ყოფილა. ის, რაც გუშინ სავსებით უცხო ქალაქში ჩამოსული ქალისათვის სატანჯველს წარმოადგენდა, ახლა ყოვლისმომცველ თავისუფლებას ანიჭებს. არავისთვის არაფრის ახსნა არაა საჭირო.
მან გადაწყვიტა, რომ პირველად მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ თავზე ეფიქრა და ამისათვის მთელი დღე დაეთმო. აქამდე სულ სხვებზე ზრუნავდა. წუხდა დედაზე, თანაკლასელებზე, მამაზე, სამოდელო სააგენტოს თანამშრომლებზე, ფრანგულის მასწავლებელზე, ოფიციანტზე, ბიბლიოთეკარზე. მარჩიელობდა, რაზე ფიქრობენ გამვლელები, რომელთაც პირველად და უკანასკნელად ხედავდა. სიმართლე რომ ითქვას, არავინ არაფერზე ფიქრობდა, მით უმეტეს, მასზე, საბრალო უცხოელზე. ხვალ სულაც რომ გამქრალიყო, პოლიციაც კი არ დაინტერესდებოდა მისი ბედით.
მარია სახლიდან ადრიანად გამოვიდა, ჩვეულ ადგილას ისაუზმა, მერე ტბის ნაპირას ჩაიარა და რაღაც თავყრილობა შენიშნა. ქალმა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, თქვა, რომ ამ ქურთებმა ისევ მოაწყვეს დემონსტრაცია. და მარიამ, ნაცვლად იმისა, რომ განათლებულ და კულტურულ ადამიანად მოეჩვენებინა თავი, მოულოდნელად იკითხა:
— ქურთები ვინ არიან?
და ქალმა, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ვერ უპასუხა. გაგიჟდები, თავი ყველაფრის მცოდნეებად მოაქვთ, ჰკითხავ და — არაფერი იციან. მაშინ მარია ინტერნეტ-კაფეში შევიდა და გაარკვია, რომ ქურთები არიან ქურთისტანის მცხოვრებლები, არარსებული ქვეყნისა, რომლის ნაწილიც დღესდღეობით ირანს ეკუთვნის, ნაწილი კი — ერაყს. მერე დაბრუნდა ტბასთან იმ იმედით, რომ ქალს ისევ იმავე ადგილას ნახავდა, მაგრამ ის უკვე წასულიყო. ალბათ, ძაღლს მობეზრდა დროშებიანი და ტრანსპარანტებიანი ბრბოს ცქერა და მათი უცნაური მუსიკისა და გაუგებარი შეძახილების მოსმენა.
„ეს ხომ მე ვარ! უფრო სწორად, ვიყავი, მოჩვენებით განსწავლულობას დუმილით ვნიღბავდი მანამ, სანამ არაბმა ისე არ გამაბრაზა, რომ მეყო სითამამე მეღიარებინა, მხოლოდ „პეპსის" ვარჩევ „კოკა-კოლასგან"-მეთქი. მაგრამ რა, — შეიცხადა? თავისი განზრახვა შეცვალა? არაფერიც! ალბათ, იგი ჩემმა უშუალობამ გააოგნა. არადა, ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი, როცა ვცდილობდი, თავი იმაზე ჭკვიანად მომეჩვენებინა, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ამიერიდან ეს აღარ განმეორდება!"
მარიამ სამოდელო სააგენტო გაიხსენა. ნეტავ თუ იცოდნენ, რა უნდოდა იმ არაბს სინამდვილეში. ნეტავ სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ არაბს სამუშაოს შეთავაზება შეეძლო?
ასეა თუ ისე, ამ ნაცრისფერ ჟენევურ დილას, როცა ტემპერატურა თითქმის ნულამდე დაეცა, როცა ქურთები დემონსტრაციაზე გამოვიდნენ, ხოლო ტრამვაები, როგორც ყოველთვის, წუთი წუთზე შემოდიოდნენ გაჩერებაზე, როცა საიუველირო მაღაზიების ვიტრინებში ძვირფასეულობა გამოფინეს, როცა ბანკები გაიხსნა და როცა მაწანწალები და მათხოვრები დასაძინებლად წავიდნენ, წესიერი მოქალაქენი კი — სამსახურებში, მარიამ თავი არც ისე ეულად იგრძნო. მის გვერდით ვიღაც ქალი გაჩნდა, ყველასათვის უხილავი ქალი. თავიდან მარიასაც არ შეუმჩნევია მისი არსებობა, ახლა კი არა მარტო შენიშნა, არამედ შეიგრძნო იგი.
მარიამ გაუღიმა ამ უხილავ ქალს, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს, იესოს დედას, ჰგავდა. მანაც გაუღიმა და ურჩია, ფრთხილად ყოფილიყო, ვინაიდან ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ მარიამ არ შეისმინა მისი რჩევა. ის უკვე დიდია და თავის საქციელზე თვითონ აგებს პასუხს. მას არ სჯერა, რომ სადღაც მაღლა მის წინააღმდეგ შეთქმულებას ხლართავენ. მან უკვე გაიგო, რომ არსებობს ხალხი, რომელიც მზად არის ათასი ფრანკი გადაიხადოს მასთან ერთი ღამის გასატარებლად. არა, ერთი ღამისათვის კი არა, ნახევარი საათით მასთან ლოგინში კოტრიალისათვის, და ახლა მარიამ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს: იყიდოს ამ ათასი ფრანკით თვითმფრინავის ბილეთი და შინ დაბრუნდეს თუ ცოტა ხანს კიდევ დაჩეს აქ, მოაგროვოს ფული მშობლებისათვის სახლის ასაშენებლად, ლამაზი ტანსაცმლისათვის და იმ ქვეყნებში სამოგზაუროდ, საითაც ყოველთვის მიუწევდა გული.
უხილავი ქალი დაბეჯითებით იმეორებდა, „არც ისე მარტივადაა ყველაფერი", მაგრამ მარიამ, გახარებულმა იმით, რომ მარტო აღარ იყო, სთხოვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეეშალა.
და ისევ შეუდგა, ახლა უფრო საფუძვლიანად, იმის განსჯას, ღირს თუ არა ბრაზილიაში დაბრუნება. სკოლის მეგობრები, რომელთაც არასოდეს დაუტოვებიათ მიყრუებული ქალაქი, უთუოდ იტყვიან, მარია გამოაგდეს, რადგან ნიჭი არ ეყო, რომ საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გამხდარიყო. დედას ის ეწყინება, რომ დაპირებული ფული არ ჩაუტანა, თუნდაც ყოველ წერილში აუხსნას, რომ უგზავნიდა, მაგრამ ფოსტაში იკარგებოდა. მამა შეხედავს და გულში გაივლებს: „ასეც ვიცოდი". მარია ისევ ფართლეულის მაღაზიაში დაიწყებს მუშაობას, ცოლად მის მეპატრონეს გაჰყვება. და ყველაფერი ეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავით ოკეანეს გადაუფრინა, შვეიცარიაში მიირთვა შვეიცარიული ყველი, სწავლობდა ფრანგულს და თოვლზე თავის ნაფეხურებს ტოვებდა.
მეორე მხრივ, არსებობს შამპანურით სავსე ჭიქები, — თითო ათას ფრანკად. შესაძლოა, ასე დიდხანს არ გაგრძელდეს, — სილამაზე წარმავალია, ნიავივით ჩაიქროლებს. მარიას ერთი წელიც ეყოფა, რომ უწინდელ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ოღონდ თამაშის წესებს ამიერიდან თვითონ დაადგენს. საქმე ისაა, რომ არ იცის, რით დაიწყოს, სახელდობრ, რა აკეთოს. ჟენევაში ჩასვლისთანავე გოგონამ, სახელად ვივიანმა, გაკვრით ახსენა რიუ დე ბერნი, ბერნის ქუჩა. დიახ, დიახ, სწორედ ამით დაიწყო, ჩემოდნების დადგმაც კი არ აცალა მარიას.
და მარია მაშინვე გაემართა ერთ-ერთი იმ უზარმაზარი ფარისაკენ, რომელთაც ჟენევის ხალხმრავალ ქუჩებში დგამენ, რომ რომელიმე ტურისტს გზა არ აერიოს. მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად გზაჯვარედინებზე განთავსებული პანელების ერთ მხარეს ქუჩებისა და მოედნების ნუსხაა გამოსახული, მეორეზე კი — ქალაქის დეტალური გეგმა.
მარიამ ფარის სიახლოვეს მდგომ მამაკაცს ჰკითხა, ხომ არ იცის, სად არის ბერნის ქუჩა. უცნობმა აშკარა დაინტერესებით შეათვალიერა მარია და ჩაეკითხა, მართლა ამ ქუჩას ეძებს თუ შვეიცარიის დედაქალაქ ბერნისაკენ მიმავალ გზატკეცილს. „არა, — უპასუხა მარიამ, — მე ვეძებ ქუჩას, რომელიც ამ ქალაქში მდებარეობს". მამაკაცმა ისევ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და უსიტყვოდ გაეცალა სავსებით დარწმუნებული იმაში, რომ ფარული კამერით იღებენ რომელიმე იმ ტელეპროგრამისათვის, რომელშიც ხალხის გასარ¬თობად გამვლელებს სულელურ მდგომარეობაში აგდებენ. ბოლოს მარიამ ფართან თხუთმეტწუთიანი დგომის ფასად, — ჟენევა ხომ არც ისე დიდია, — იპოვა, რასაც ეძებდა.
მისი უხილავი მეგობარი, რომელიც მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ მარია რუკაზე თითს აყოლებდა, დუმდა. ახლა შეეცადა, ეთქვა, რომ ამჯერად საქმე უკვე მორალს კი არ ეხებოდა, არამედ იმას, რომ მარია მიდის იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
მარიამ მიუგო, რომ თუკი ბრაზილიაში დასაბრუნებელი ბილეთის ფულის შოვნა მოახერხა, ნებისმიერი ხიფათიდან თავის დაღწევასაც მოახერხებს. და კიდევ: არც ერთ მათგანს, ვისაც იგი ბედმა შეახვედრა, თვითონ არ აურჩევია თავისი მომავალი საქმიანობა. ასეთია ცხოვრება!
„მე და შენ გლოვის ველზე ვიმყოფებით, — აგრძელებდა ის უხილავ მეგობართან საუბარს, — ჩვენ შეგვიძლია, ვიოცნებოთ, რამდენიც გვინდა, მაგრამ ცხოვრება ნაღვლიანი, პირქუში და ულმობელია. რა უნდა მითხრა? რომ გამკიცხავენ? ამას ხომ ვერავინ გაიგებს. თანაც ეს მცირე ხნით გაგრძელდება".
უხილავმა მეგობარმა ალერსიანად, მაგრამ ნაღვლიანად გაუღიმა და გაუჩინარდა.
მაშინ მარია ატრაქციონების პარკში წავიდა, აიღო ბილეთი „რუსულ გორაკებზე" და შიშისაგან სხვებთან ერთად კიოდა, თუმცა, ხვდებოდა, რომ ნამდვილი საშიშროება არ არსებობს და ეს ყველაფერი მოჩვენებითია. სადილად იაპონურ რესტორანში შევიდა. ხეირიანად ვერც კი მიმხვდარიყო, რას ჭამდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს ძალიან ძვირია: ახლა უკვე შეეძლო საკუთარი თავისათვის ასეთი სიამოვნების მინიჭება. ახარებდა ისიც, რომ აღარ სჭირდებოდა ტელეფონის ზარის ლოდინი და თითოეული ფრანკის მოფრთხილება.
საღამოს სააგენტოს დაუკავშირდა მადლობის გადასახდელად და იმის სათქმელად, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. მისი ვარაუდით, თუ იქ მართლა სამოდელო ბიზნესს მისდევენ, მაშინ ფოტოსურათების მიტანას სთხოვდნენ, ხოლო თუ სხვა სახის მომსახურებას ეწეოდნენ, ახალ კლიენტს მოუძებნიდნენ.
მერე ხიდი გადაიარა და თავის პატარა ბინაში დაბრუნდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, არასგზით არ ეყიდა ტელევიზორი, თუნდაც ზედმეტი ფული გასჩენოდა. მთელი თავისი თავისუფალი დრო მარიას ფიქრისათვის უნდა დაეთმო.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1086 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024