მთავარი » ♥პოეზია♥
თურმე ვტყუოდი ჩემი ლექსი რომ გიმღეროდა, თითქოს და ჩემი ტრფიალება მწვერვალს ავიდა, ისე მიყვარდი, რომ მე მართლა არა მჯეროდა, თუ სიყვარული დასაწყები მქონდა თავიდან.
დრო, ათასგვარი შემთხვევებით დანატვირთები შეცვლის ყველაფერს, - აღთქმასა თუ მეფის ბრძანებას, მშვენების ფერებს გადარეცხენ დროის ზვირთები, შეესევიან ურყევ სულებს ველურ ძალებად.
და მეც მაფრთხობდა წუთისოფლის უკუღმართობა, ვეღარ ვბედავდი მეთქვა: "ტრფობა ცამდე ავიდეს!" მე დღევანდელი სიყვარულის ფიქრი მართობდა და არასოდეს ვენდობოდი დილას ხვალინდელს.
თურმე ტრფიალი, როგორც ბალღი იზრდება გულში, მე კი მოზარდი მოწიფულად ჩავთვალე გუშინ.
|
ნუთუ გონება გამეხლართა მზაკვარ გრძნობაში და, როგორც მეფეს, მლიქვნელობის სენი ერევა?! ან ეგებ თვალი გაიწაფა ჯადოსნობაში და პირფერობა სიმართლეში აღარ მერევა.
ნუთუ ურჩხული გადაიქცა ზღაპრულ ფერიად, ნუთუ სიყვარულს გულწრფელობის მადლი სცხებია, ან ეგებ ქვეყნად საძრახისი არაფერია და რაც სიმდაბლე დამინახავს, მომჩვენებია.
ნუთუ ასეა?! - თვალი ხედავს მაცდურ სანახებს, მიტომაც თან მდევს თვალთმაქცობის სენი მეფეთა... თვალს რა მოვკითხო? - თავის ბატონს იმას ანახებს, თუ რამ გონების საამებლად შემოეფეთა.
თვალმა თუ ავი დაინახა, კარგიც მისია, თუ სილამაზეს არ შეხედა, რის მაქნისია?!
|
რაც შენ დაგტოვე, მე გონებით ვჭვრეტ ამ ქვეყანას, თვალებს კი ბინდი გადაჰკვრიან ოხერ-ტილებს, შენი დაკარგვით უბედობა შემომეყარა ცხოვრების გზაზე უსინათლოდ მოხეტიალეს.
ფრინველებისკენ ჩემი გული აღარ ისწრაფვის, მას აღარ სწვდება ყვავილებით სავსე ბუნება, გონების თვალი დანავარდობს ელვის სისწრაფით, მაგრამ არ ძალუძს დანახულის შენარჩუნება.
ყვავი თუ მტრედი, დღე თუ ღამე, ზღვა თუ ნაძვები, უსინათლობას ერთ არსებად შეუკონია. და ყველაფერში მეჩვენება შენი ღაწვები და რასაც ვხედავ, მხოლოდ შენი სახე მგონია.
სავსე ვარ შენით და ეს არის დიდი ქონება, ასე მატყუებს გულმართალი ჩემი გონება.
|
ჩემს სასიკეთოს როცა სიტყვას ამქვეყნად იტყვი, ჩემთვის სიყვარულს და სიბრალულს როცა იმეტებ, როცა მავიწყებ - ბრძენი ვარ თუ უგნური ბრიყვი და ნაძრახ დროში მოწყალობით რომ მაიმედებ,
მე მაშინ ვხვდები, რომ ქედს უხრის კეთილს ავი და რომ წუთისოფლის ყველა მადლი შენში მინახავს, მთელი წარსული რომ ამ გრძნობის ძებნით გავიდა და რომ სიცოცხლე მხოლოდ შენთვის შემომინახავს.
და ვკარგავ ხსოვნის უფსკრულებში ყმაწვილს თუ ხნოვანს, ვისთვისაც ჩემი ნაფიქრალი გზად ვანიავე, და მლიქვნელთა და ავყიათა საზარელ ხროვას ვეღარსად ვხედავ, რადგან ქვეყნად ქრება სიავე.
რაც შენზედ ფიქრმა ჩემს სიცოცხლეს ხელი დარია, ჩემთვის, შენს გარდა, სხვა ამქვეყნად ყველა მკვდარია.
|
ჩემი კი არა, ბედისწერის ბრალია მხოლოდ, ამ ცხოვრებაში სამარცხვინო რაც კი მქონია, ვეღარ გავუგე წუთისოფელს თავი და ბოლო, და მათხოვრობაც სათაკილო აღარ მგონია.
რადგან ვით მღებავს საღებავი, ხელზე წასმული, ლაქად მაცხია სამარცხვინო ნამოღვაწარი, გთხოვ, შემიცოდო შერისხული და დაღდასმული, აღმადგენინო დანგრეული სულის ტაძარი.
მეც დაგიმტკიცებ ავადმყოფის მოწადინებას, ვფიცავ, სიმწარე წამლებისა არ შემაშინებს, შხამსაც მივიღებ, შენმა ნებამ თუკი ინება, ოღონდ სენისგან განიკურნოს სული მაშინვე.
არა, არ გინდა, წამალს არ გთხოვ ძვირფას მეგობარს, შემიბრალე და მკურნალობად ესეც მეყოფა.
|
ვაი, რომ მართლაც მთელ ქვეყანას მივედ-მოვედე, მართლაც რომ ხალხის დასაცინი გავხდი მასხარა, ახლანდელობით დაბრმავებას ისე მოვენდე, წარსულის განძი ჩალადაც კი არვინ მახმარა.
ვაი, რომ მართლაც ასე მოხდა!... მართლაც ასეა - ცდუნებას დავყევ რაღაც ჟამით, რაღაც დროებით... მაგრამ დღეს გული სიყვარულით კვლავაც სავსეა და ძგერს იმედით, განა რაღაც ამაოებით.
განა არ კმარა, რაც გადამხდა გადასახდენი, რაც რამ ქალაქად მომაჩვენა დაბად გებულმა? ან რაღად უნდა ვადიადო ღმერთი ამდენი ერთი ღვთაების მონობისთვის დაბადებულმა?!
ან მაპატიე, ან გამწირე, დამდე ვალი ან... რა ვქნა?! - მიყვარხარ მართლაც ძლიერ, მართლაც ძალიან!
|
გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო, არ დაიჯერო, განშორებამ გრძნობა გასრისა, არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო შენსავე მკერდში შევინახე, შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძობის თავშესაფარი, შინ დაბრუნება იცის, თურმე, ჩემისთანამაც, შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი, მაგრამ ცოდვების განსაბანი წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ, და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი, მაგრამ არასდროს დაიჯერო_ისე დავეცი, გადავივიწყო შენი სულის სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა, ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.
|
მე კალმით ნაწერს სხვა რა აზრი უნდა ვაახლო, სხვა რაღა საზრდო მოვიძიო სულის სარჩენად, რა ვთქვა ახალი და სიტყვები რით განვაახლო შენდამი ჩემი სიყვარულის წარმოსაჩენად.
სხვას ვერას გეტყვი... ლოცვებადღა გესმის ჩემი ხმა, ყოველ ცისმარე ამის თქმით და ამის გამხელით, რომ ოდითგანვე მე შენი ვარ და შენ ჩემი ხარ, რომ ლოცვას ვამკობ კურთხეული შენი სახელით,
რომ მარადიულ სურათს ხატავს ახლა ბუნება, რომ ჩემს სიყვარულს დროთა შორის ყოფნა არ ჰქვია და მის წინაშე სიბერე თუ დაძაბუნება ქედს იხრის როგორც მბრძანებელთან ბრიყვი ლაქია.
ახალ სიცოცხლეს სიყვარული მისცემს საწუთროს, რაგინდ ეცადოს ის ჟამთასვლამ დაისაკუთროს.
|
ვერც ჩემი შიში, ვერც სამყაროს სული ფარული, რომელიც თავის ოცნებაში მომავალს ზვერავს, ვერ მეტყვის როდის ჩამიქრება ეს სიყვარული, რომელსაც სიკვდილს უქადოდა სულ ბედისწერა.
გადაიტანა დაბნელება მოკვდავმა მთვარემ, მისნების ჯიბრზე გადაურჩა უამინდობას, საცნაურ გახდა მოვლენათა უცნობი მხარე და ზეთისხილს შტო შემოაქვს დღეგრძელ მშვიდობას.
ოდესმე ალბათ აეგება ამ დროსაც წესი, მაგრამ გაუძლებს სიყვარული ჟამთასვლის ომებს, მე კვლავ სიცოცხლეს მომანიჭებს ჩემივე ლექსი, როცა სიკვდილი მოსპობს უგნურ, უენო ტომებს.
წაიშლებიან თვითმპყრობელთა მკაცრი ღერბები, შენ კი ჩემს ლექში შენს უკვდავ ძეგლს შეეგებები.
|
მემატიანე როცა მითხრობს წარსულ ოცნებას, როცა გარდასულ სილამაზეს ვხედავ ზმანებით, როცა ვკითხულობ, როგორ აქეს წინათ მგოსნებმა რაინდები და ლამაზმანი ბანოვანები,
მაშინ ვრწმუნდები, წინაპარი შენ დაგეძებდა, შენ გგულისხმობდა,როცა აქო ლალის ბაგენი, შენი დიდების ძალა მხოლოდ იმას შესწევდათ, ისინი იყვნენ ამ მშვენების მოქანდაკენი.
მათი წინასწარმეტყველება ქვეყნად განთქმულა, შენმა ხოტბამაც წინ აღუსწრო შენ დაბადებას. საგალობელი შენი ღირსი მაინც არ თქმულა, რადგან ბუნდოვნად ჩანდა შორით შენი ხატება.
ჩვენ ბედი გვერგო, ღვთაებაო, ვიცით ვინა ხარ, მაგრამ სტრიქონი, შენი ღირსი, ვერ მოგვინახავს.
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|