მთავარი » ♥პოეზია♥
ნეტავ შენს ცოდვებს რად შეჰხარი დიდი მადლივით, რა სიტკბოებას გადაჰყრიხარ იმ სიმწარეში, შენს ლამაზ ვარდს რომ შეჰპარვია ბილწი მატლივით და სახელს გიტეხს, როგორც ფლიდი პირისფარეში.
შენს სიკეთეზე საუბარი ყველას სწადია, ყველა შენ გაქებს, სადიდებელს რაწამს ნახავენ, შენთან ისეთი მეხოტბენი მრავლად დადიან, ვინც უზნეობას არც პირსუკან დაგიძრახავენ.
შენში აშენებს თვალთმაქცობა დღეს იმ სასახლეს, სადაც თავს უყრის მლიქვნელების ხროვას განგება, სადაც სიტურფე ნიღაბსმიღმა უნდა დასახლდეს და თვით სიმართლეც მაცდურობით დაიბანგება.
მაშ, სანატრელო, ჩემგან მაინც მართალი გესმას - ხმალიც ბლაგვდება, თუ მას ხშირად არავინ ლესავს.
|
ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას, მაგრამ ავს არ იქმს, ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ, სხვა ამოქმედოს, მაგრამ არვის დასცეს თავზარი და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს,
მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს, მისია მიწის საგანძური დამარჯნებული, სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე, ის კი მეფეა, თავის თავზე გამარჯვებული.
ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი, თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს, მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი, ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.
და თუმცა ისევ სიკეკლუცეს ჩემობს სნეული, დამპალ ზამბახებს სჯობს ჭინჭარი შემოსეული.
|
სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას, მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან, მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება, თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.
ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან, მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ, შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია, მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება; შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად, ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ, თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება, ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.
|
შენ დღეს ჩემი ხარ და ვეღარსად წახვალ იცოდე, დრო ახლა ჩვენი მოყვარეა, განა მტერია, ლამაზ სიყვარულს დაემონა ჩვენი სიცოცხლე და მის გარეშე არსებობა არ გვიწერია.
არ ვნაღვლობ, ბედმა სიმართლისგან რაგინდ გამყაროს, გამრიყოს დროის მსვლელობისგან რაგინდ დროებით, სჯობს ერთი მზერით შევეხიზნო მე შენს სამყაროს, იმ მზერით, შენი ცბიერებით ნასაზრდოებით.
და თუ ცრემლებიც თვალთმაქცობით ხშირად გეფრქვევა, თუ მღალატობ და ფიანდაზად სულ სხვას ეგები, მე ბედით ბედკრულს ბედნიერი მაინც მერქმევა, რადგან სიკვდილსაც სიყვარულით შევეგებები.
ვეჭვობ, ღალატს და ორგულობას შენ არ იცნობდე... ოღონდ ეს ცოდვა, გთხოვ, არასდროს მე არ ვიცოდე.
|
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება, ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად. ზოგი ტრაბახობს, თუკი მკლავში ძალა დაჰყვება, ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუგონია. ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი, მე კი, ამქვეყნად, სიხარული სხვა რამ მგონია, ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას, მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით, მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები.
მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო. გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარიბო.
|
თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს მიმატოვე, როცა ქვეყანა წინ აღმიდგა, ვით მუხანათი, უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს, თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.
და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე, არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი, ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ, ახლავ მომიზღე შხამი ჩემი დასატანჯავი.
ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო, რომ ვერ მოვასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება, დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო, დღესვე მარგუნოს უშენობა ავმა ბუნებამ.
შენი დაკარგვით დაკოდილი გული ჩამწყდება და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება.
|
მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება, რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით, კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.
ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგან შენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები, ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.
შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა, ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი, რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა, ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.
ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე, ვინც შენ არ გიყვარს, აღარც ჩემთვის არის მოყვარე.
|
ის დროც დადგება, ქედმაღალი მზერით დამხვდები, როდესაც გრძნობას დაერქმევა თავის შექცევა, ჩემს საზიანოდ როცა შენი მომხრე გავხდები, თუ სიყვარული განკითხვის დღედ გადამექცევა.
აღარ დავუწყებ უღირსობას ჩემსას ფერებას, შენს მაამებელ აღსარებას ვეტყვი მსაჯულებს, რადგან უჩემოდ სჯობს ეწიო ბედნიერებას, მე კი ვერავინ გარდამქმნის და გადამარჯულებს.
უკეთურ წარსულს დავივიწყებ, რადგან წამიერ ვნებაც გაქრება, ცეცხლივით რომ შემომიკეთე და მთელ სიავეს განგაშორებ, რადგან ამიერ შენი სიკეთით მე ორმაგი მელის სიკეთე.
ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე, და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე.
|
უნდა გამშორდე! აღარ შემრჩა ფიქრი საშენო, ამ თვალთმაქცობას ბორკილები უნდა ავყარო, აწ სიყვარული შენს ბადალთან გიჯობს აშენო, რადგან ვერ იტევს შენს მშვენებას ჩემი სამყარო.
რადგან ბედისგან ნაბოძები არ ხარ ღვთაება, რადგან არ მინდა, სამოწყალოდ ვფლობდე საუნჯეს, და რაც რამ ჩვენში სატრფიალო ქსელი გაება აღარ მსურს ხსოვნად შემორჩეს და დროს გადაურჩეს.
მიტომაც გიჯობს შენს ღირსებას თავად ხედავდე, არ მოევლინო შეცოდებებს ჩემსას მკიცხავად და სანამ სათქმელს უკადრისად შემოგბედავდე, გიჯობს გამშორდე ცოდვა-ბრალის განუკითხავად.
მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია, გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია.
|
როს ტყვედ მიყვები მისი ლექსის გაშლილ იალქანს, როცა მის სიტყვას მონუსხული გულში იკონებ, შიშით ვიბნევი და ფიქრებსაც ვატან ნიავქარს, კვირტშივე დამჭკნარს ვმარხავ ჩემი ლექსის სტრიქონებს.
ჯადოქრებისგან თუ ისწავლა შემოქმედება, თორემ მოკვდავის ნამღერს არ ჰგავს მისი გალობა, ვფიქრობ და სულებს უსამართლო ბრალად ედება ჩემი შიში და ჩემი ლექსის უგზაკვალობა.
ჩემს მეტოქეს და მის ჯადოქრებს ნუ ეგონება, რომ ნაღამური პოეეზიით ცრემლი მედინა, სიმღერა ჩემი სხვა მიზეზმა გამაწყვეტინა.
მან თავის ლექსში მოგცა ბინა. მუნჯად მიტომ ვარ, რომ სადიდებლად შენი ჩრდილიც არ დამიტოვა.
|
« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|