მთავარი » ♥პოეზია♥
ისევ სიშორეზე
მთვარიანი ღამის ორი საათია, შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე. ფიქრში უიმედო ხმები გადადიან, როცა სიშორეზე ტირის როიალი.
ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა, ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით. ჩემი იმედები ისევ გაიბზარა, უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.
სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის. მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.
ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის, მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე. გული ასვენია მაღალ სიჩუმეში, თანაც სიშორეზე ტირის როიალი...
|
შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი, არ შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს, დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს სტრიქონებს ტრფობის სიმები და ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.
ვიცი, შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი, სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან ლექსთა შენებას, შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი, შთაგონებისთვის რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.
რაც დაესესხა შენს ბაგეებს კეთილი სიტყვა, რა ნაქურდალის დამალვასაც ისევ უნდება, რა ნაჩუქარიც უკანასკნელ გრძნობამდე მიჰყვა, დღეს ყველაფერი სარგებელით შენ გიბრუნდება.
შენგან მადლობას მე არ ველი! შენი წვლილია, რა ვალიც მქონდა და რაც სრულად გადახდილია.
|
შენ, როგორც მუზამ, შთამაგონე იმდენი ლექსით, იმდენ ნაკადულს მიმადევნე, როგორც სათავემ, რომ პირმოთნენიც, სახელად რომ პოეტი ეთქმით, ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ, ლექსებს ხლართავენ.
მუნჯსაც ჰგონია, შენს თვალებთან მართავს საუბარს, მავან ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია... თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი გაუბამს და მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.
ნუ გჯერა, რომ ვინც გაგაღმერთებს მხოლოდ მისი ხარ, მლიქვნელთა ბრბოებს შენსკენ სავალ გზას რა დაულევს?! შენ სხვებისათვის მხოლოდ ლექსის სამშვენისი ხარ და გიმართავენ პირფერობის დღესასწაულებს.
შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება, რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება.
|
სარკე გაჩვენებს მიმავალი მშვენების ღაღადს, დაკარგულ წუთებს - საათების ქორონიკონი, მაგრამ სტრიქონი თუ მიანდე თოვლისფერ ქაღალდს, ცხოვრების წიგნად გაგიხდება შენი სტრიქონი.
სარკეში იგრძნობ, რომ ღარები სახეს ფარავენ და სილამაზეც სასაფლაოს მიებარება. ისარი გეტყვის, რომ საათში დრო შემპარავი, მარადისობის ქვეყანაში მიიპარება.
კარგო, ვის ძალუძს ყოველივეს დამახსოვრება? მეხსიერებას ეფინება შავი ჩრდილები, ქარალდის ფურცელს თუ გაანდე შენი ცხოვრება, დაბრუნდებიან დაკარგული შენი შვილები.
გადაგეშლება წარსულ დღეთა სარკე მთლიანი, და შიგ მრავალი რამ იქნება სარგებლიანი.
|
დღეს ჩემმა ლექსმა განახლება რად არ ინება, რად ვერ ვახერხებ მოულოდნელ შემობრუნებას? მხარი მეც რატომ ვერ ავუბი ახალ დინებას, რად ვერ ვისესხე უცხოური ლექსის ბუნება?!
რატომ ვუმღერი დღენიადაგ მხოლოდ ერთ სახელს, ჩემს შთაგონებას ძველმანები რად ვერ გავხადე? ალბათ ჩემს სახელს ყველა ჩემი სტრიქონი ამხელს და ყველას ამცნობს რომ შენა ხარ ჩემი სახატე.
ჩემს ლექსს ამღერებს, სულო ჩემო, შენი დიდება, შენ და ტრფიალი გადმექეცით მუდმივ განცდებად, შენზე ნათქვამი ძველი სიტყვა არ იფანტება, განმეორებით ძველი განცდა თურმე არ ცვდება.
მზეც ბებერია, მაგრამ მიწას მუდამ დაჰხარის, ჩემი ტრფიალიც ძველია და მუდამ ახალი.
|
ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით, თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად, თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.
და ასე - ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს, ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი, ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს, ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.
და ასე - ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა. თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად... და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა, აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.
ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი: ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.
|
როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს, ვიცი, ვერავინ ვეღარ შეძლებს გამოსარჩლებას, მაგრარ წასვლამდე ჩემს სიცოცხლეს ლექსებს ვაჩუქებ და ეს სტრიქონი უკვდავების ძეგლად დარჩება.
ვიცი, ამ ფურცლებს ვერ დაფარავს ჟამის სუდარა, რადგან შენშია ჩემი ლექსი - ჩემი ქონება, მიწად ვიქცევი, მიწას მეტი არა უნდა რა, სხეული მიაქვს, სულს გიტოვებს ჩემს მოგონებად.
შენთვის იცოცხლებს ეს სტრიქონი ათასფერება, ის, რაც მოკვდება, ჭია-ღუას დარჩეს სათრევად, სხეულს მიწიერს არამზადის დაშნაც ერევა, ამიტომ მისი მოგონება არც გეკადრება.
სხეულს დაჰკარგავ, თუ სიკვდილი მიუახლოვდა, მაგრამ დაგრჩება, სხეულში რომ სული სახლობდა.
|
დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით, დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.
მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს, ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან, გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.
მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული, მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს, მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.
და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ, მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ!
|
თუ გამოგკითხეს, ჩემში რა და რატომ გიყვარდა, თუ გამიხსენეს, ამქვეყნად რომ აღარ ვიქნები, გიჯობს, საფლავში მომადევნო ავი სიტყვა და სჯობს, თუ მოყვარე ჩემს მოძულედ გარდაიქმნები.
გიჯობს, სხივებით არ შეამკო მწირი სინათლე, საზრდო არ მისცე მითქმა-მოთქმის მსუნაგ მსახურებს, ჩვენი წარსულის დავიწყებით თავი იმართლე, თუ ჩემი ხსოვნა ლამაზ ტყუილს დაიმსხურებს.
გიჯობს, სიტყვები არ შენიღბო ტრფობის გამხელით, არ დაეხარბო სიყვარულის მაცდურ არაკებს... სჯობს, გვამთან ერთად დაიმარხოს ჩემი სახელიც და ჩვენს აუგზე აღარავინ ილაპარაკებს.
თუკი ამქვეყნად შერცხვენილმა უნდა ვიარო, სჯობს, ჩემთან ყოფნა არასოდეს გაიზიარო.
|
ორიოდ ცრემლი გადმოაგდე ლამაზ თვალთაგან, როცა ჩემს სიკვდილს გაუწყებენ გლოვის ზარები, როცა საწუთროს გაუმაძღარ ბინადართაგან მიწისქვეშეთის უძღებებთან გავემგზავრები.
როცა ჩემს ლექსებს გადაავლებ მზერას წამიერ, როცა შენს სულში წამით სევდა ამეტყველდება, სჯობს, დამივიწყო! - რადგან შენი სული ამიერ მე წამიერი სევდისთვისაც არ მემეტება.
სჯობს აღარაფრით აიმღვრიო ტკბილი ფიქრები, აღარ მისდიო მოგონების გზას და ციცაბოს და შავ მიწაში მეც რომ მიწად გარდავიქმნები, სჯობს სიყვარულიც ჩემთან ერთად გარდაიცვალოს.
მე სამარეში თან ჩავიტან ჩვენს ლამაზ წარსულს და მითქმა-მოთქმას სამუდამოდ დავუდებ სასრულს.
|
« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|