მთავარი » ♥პოეზია♥
ნეტავ ჩემს მუზას ენა ასე რატომ დაება, რატომ ვერ გითხარ სხვების მსგავსად ხოტბით სალამი?! სხვის შთაგონებას რომ მფარველობ, როგორც ღვთაება, ალბათ გგონია, ოქროს აფრქვევს მათი კალამი...
მე ხომ სხვებივით პირფერობას ვერასდროს შევძლებ, ვერ განგადიდებ ამ სამყაროს სიგრძე-განივით; სხვა სიტყვით გაქებს, მე შენს ქებას ფიქრებში ვეძებ და მხოლოდ "ამინ""ს გეუბნები დიაკვანივით.
სხვებს ვეთანხმები - "დიახ-მეთქი", "მართლაც ასეა", მე მათს ამალას უმეცარი ბრიყვივით მივდევ, გული კი შენი სიყვარულით ისე სავსეა, არ ვიცი, ჩემს თავს რას დავმართებ სასჯელად კიდევ.
ვინც შენ შეგაქებს, თუმც მის მზერას პატივით იწყებ, მეც, ღრმა ფიქრებში გამოკეტილს, ნუ დამივიწყებ.
|
შენმა მგოსანმა თავის ნათქვამს რა დაუმატოს, თუკი იტყვის, რომ "შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ!" ამ ამაღლებულ სტრიქონს თვითონ უნდა უმადლოს, რადგან სხვა სიტყვა შენს დიდებას მხოლოდ შელახავს.
თუ სხვა მგოსანი სატრფოს ქებას არ აზვიადებს, მისი კალამი უსუსური არც ღირს შენახვად. შენი პოეტი თავს იმითაც განადიადებს, თუკი იტყვის, რომ: "შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ"!
საკმარისია გადმოხატოს შენი მშვენება, არ დაგაკნინოს შენ, ბუნების დიდო გვირგვინო! მისი მნათობი აღარასდროს ჩაესვენება, მისმა სახელმა უკვდავების ცაზე იგრგვინოს.
და მე მაკვირვებს ქებისადმი შენი განწყობა. შენი ქება ხომ არის შენივ შეურაცხყოფა!
|
რადგანაც ხოტბა მაგ სიტურფეს არა სჭირდება, ნაზი ლექსებით არ მიქია შენი არსება; ვიცი, იმდენად ლამაზია შენი დიდება, რომ არ სჭირდება პოეტების შელამაზება.
შენი სიტურფე მომეფინა გულზე მალამოდ და მის საქებრად უძლურია ლექსის ღაღადი, მაგ მშვენებისთვის დღევანდელი მოცვდა ყალამი: ვინ გადმოხატოს შენი სახე - ღმერთის ნახატი?!
შენ ეს სიჩუმე თურმე ცოდვად გაქვს მიჩნეული, მე კი ცოდვების გამართლება იმ ცოდვით მინდა, რომ შენს დიდებას არ ვაკადრე ლექსი სნეული და სიმახინჯეს ავაშორე მშვენება წმინდა.
შენი უბრალო გამოხედვა უფრო მეტია, ვიდრე ის ქება, პოეტებს რომ გაუბედიათ.
|
შენ ჩემ მუზასთან რადგან არ ხარ ჯვარდაწერილი, სხვა პოეტებით გატაცება არ გეკრძალება, მხოლოდ ამ ლექსით მოხიბლული ვიცი ვერ ივლი, როს სხვათა ხოტბა შენი გულის კარს ეძალება.
გონიერებაც მოუცია შენთვის განგებას და შენს საქებრად ჩემი სიტყვა გეცოტავება, ამიტომ გინდა განგადიდონ სხვათა ჩანგებმა, რაც ვერ შეიძლეს ამ ლექსებმა, საცოდავებმა.
მაგრამ მე ვიცი, მათი ძალა დაიშრიტება, ენამჭევრობა მეტოქეთა მე არ მაშინებს, მალე მიხვდები ამ უბრალოდ ლექსის დიდებას და ალალ სიტყვას დაედება ფასი მაშინვე.
მჯერა სიყალბის მოყვარულად შენ რომ არ ივლი, რადგან მაგ ღაწვებს არ სჭირდება ფერუმარილი.
|
გინდ შენ მოესწრო ჩემი ცხედრის გამოსვენებას, გინდ მე მომიხდეს შენს საფლავზე გლოვა-გოდება, მაინც არასდროს არ მოკვდება შენი ხსენება, ჩემი სული კი აღარავის მოაგონდება.
შენ თვით სიკვდილი უკვდავებას დაგადგამს დაფნად, მე კი მოვკვდები და არავინ აღარ მინატრებს, მე ეს ცხოვრება მომიზომავს უბრალო საფლავს, შენ ხალხის გულში საუკუნოდ დაიბინადრებ.
მე შენ ძეგლს გიდგამ ჩემი ლექსის უკვდავი სიტყვით და როს მე და შენ ამა ქვეყნად აღარ ვიქნებით, შენს სადიდებელს მომავალი თაობაც იტყვის, გადაეცემა შთამომავალს შენი ფიქრები.
რადგან შენს პოეტს უკვდავების ლექსები უთქვამს, ყველა სულდგმულის ბაგეებზე დარჩები სუნთქვად.
|
შენზე წერის დროს მე ყოველთვის შიში მერევა, რადგანაც, ვიცი, ჩემზე დიდი სული გიგალობს, აღტაცებული სახელს გიმკობს ნაირფერებად, რომ შენს საქებრად ჩემმა ლექსმა ვერ იგრიგალოს.
თუ შენი სულის ოკეანე ხომალდსაც იტევს, ჩემი პატარა ნავით როგორ დაიტვირთები, თუკი მეტოქე სიმღერებით დრედაღამ გიტევს, ჩემს თავხედ ლექსსაც გაუძლებენ შენი ზვირთები.
ვიცი, გადვიტან სტიქიონის ყველა ქარტეხილს, თუკი, ძვირფასო, ოდნავ მაინც წამეშველები, ანდა გამრიყავს შენი ტალღა, ანძაგატეხილს, ის ხომალდი კი, ნაპირს გავა თავის მშვენებით.
და თუ მეტოქეს შენი ზვირთი არსად ჩასძირავს, ვიტყვი, რომ თურმე დასაღუპად ტრფობამ გამწირა.
|
შემოდგომა არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა. შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის, ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა. ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის. როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს, ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის, მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის. მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა. გული უდაბნოა, სული - ოაზისი; შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.
|
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ და შენ გაჩნდები, როგორც მისანი. მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია, ღამის გრიგალი თავზე მევლება. სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ, ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი. ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
|
ფიროსმანიშვილს
შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით, ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში, არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე, დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.
ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები, ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში, შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.
ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე, სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი, ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.
შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე. ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა. საშინელებამ უცნაურად დაგასამარა...
|
მკვდარი სურვილები
დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.
რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.
სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.
და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.
მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...
|
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|