მთავარი » ♥პოეზია♥
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს, ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან, წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს, სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას, შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება, ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად, მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს. მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა, ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად.
|
რადგან ახალი წუთისოფლად არაფერია, განმეორებით ვერ გვაცდუნებს რადგან გონება, ხელახლა შობა დაბადებულს არ უწერია და გამოგონილს არ სჭირდება გამოგონება.
მიტომაც მინდა გადავავლო მთელ წარსულს თვალი, ვნატრობ ხუთასჯერ მზე უკუღმა გადატრიალდეს, რომ ძველ წიგნებში იმ საწყისის მოვნახო კვალი, რომელიც ქმნიდა შენს სიტურფეს და სიდიადეს.
მინდა გავიგო იმ უძველეს ხოტბათა გზნება, მინდა ვიცოდე - რატომ გეტრფის ორი დროება - ჩვენ ძველს ვაჯობეთ, თუ ახალს სჯობს წარსული ქება, თუ კვლავ ამაოს შეენაცვლა ამაოება?
ახლა წარსულის განდიდება თუმცა წესია, ჩვენ რასაც ვხედავთ, ძველზე მაინც უკეთესია.
|
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა, რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება, რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა, რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.
ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით, ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიარო და მოთმინებით... მორჩილებით... პატიმარივით... შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო. <
...
Read More
|
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება, ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია; ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.
შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.
არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს, არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე - და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას, ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.
ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება, ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება.
|
განახლდი, ტკბილო სიყვარულო, რომ არვის ეთქვას - დღეს ძველებურად ვეღარ ჭრისო მისი მახვილი, დღეს ჩემი გული გამაძღარი გრძნობით თუ ფეთქავს, ხვალ დამშეული გამაგონოს გამოძახილი.
კვლავ ის იყავი, სიყვარულო, რაც მუდამ იყავ, კვლავ გაშმაგება დააფინე მწყურვალ თვალებზე, საწუთროს ზღვიდან სულს მანამდე ნუ გამორიყავ, სანამ ლამაზ დარს არ იხილავ ნაავდრალებზე.
თვით განშორებაც უნდა ჰგავდეს იმ ოკეანეს, რომლის ნაპირებს მოყვარული ორი არსება კვლავ მოადგება, კვლავ შეხვედრის სურვილს შეალევს და ეს შეხვედრა დღესასწაულს დაემსგავსება!
რადგან ნელინელ ეს ზამთარი წარსულს ბარდება, ზაფხულის მოსვლა სამჯერ მეტად გაგვიხარდება.
|
როცა მეფეთა აკლდამებიც წარიხოცაბა, ვერ აღუდგება ლექსის ძალას დრო და განგება, ჩემს სტრიქონებში იკიაფებ, როგორც ოცნება, ოდეს დრო-ჟამის ხავსით ქვებიც დაიჟანგება.
ქანდაკებებსა გადაბუგავს ომის სახმილი, გაცამტვერდება ხუროთმოძღვრის ნამოღვაწარიც, შენ კი, ვერაფერს ვერ დაგაკლებს მარსის მახვილი, შენ შეგიფარებს პოეზიის დიდი ტაძარი.
თვითონ სიკვდილმაც ვერ შეწყვიტოს შენი ცხოვრება, ვერ მოგერიოს სიძულვილით ბედი მსახვრელი, შენი სახელი კაცთა მოდგმას ემახსოვრება, განკითხვის დღემდე იდიადებს შენი სახელი.
დღე უზეანეს განკითხვისა სანამ დადგება, შენ საცხოვრისად ჩემი ლექსი გამოგადგება.
|
მშვენიერება კიდევ უფრო მშვენიერდება, ჭეშმარიტება თუკი ამკობს ძვირფას ვარაყად, ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება, რადგან ლამაზმანს სურნელშიაც ტოლი არა ჰყავს.
ასკილის ბუჩქი ანთებული რად არ მიზიდავს, ქვეყნად ხომ მისი უშნოობაც არავის უთქვამს, ვარდს ემსგავსება ეკილითაც და სიყირმიმიზითაც, როდესაც კვირტებს დაუხეთქავს ზაფხულის სუნთქვა.
ასკილი მართლაც გარეგნულად ფერებით ბევრს სჯობს და იერითაც ხომ წააგავს ვარდის სახებას, მაგრამ ის კვდება და სიკვდილით სიცოცხლეს ვერ შობს, მკვდარი ვარდი კი სურნელებად გარდისახება!
სატრფოც დაჭკნება, დღეს რომ ასე ვხედავ მოხდენილს, მაგრამ ჩემს ლექსში მისი სული მზედ აღმოხდების!
|
ნეტავ ვიცოდე, რისგანა ხარ ნაქანდაკარი, ძეხორციელს ხომ მხოლოდ ერთი ჩრდილი დაყვება? არავის ახსოვს საოცრება, ალბათ, ამგვარი - შენ რომ უთვალავ ჩრდილად დაგდევს შენი სახება.
შენი მნახველის მზერას აღარ ელამუნება დღეს ადონისის წმინდა სახე, მხატვრის ნათალი, თითქოს ელენეს დააფრქვია მადლი ბუნებამ, მაგრამ შენა ხარ ელინური მისი ბადალი.
გაზაფხულზე რომ ვერ შორდება თვალი განთიადს, შემოდგომაზე რომ გვიტაცებს უხვი ბარაქა, ეს ყველაფერი შენი სახის მკრთალი ლანდია, თვითონ მშვენებაც შენს სიტურფეს მაინც არა ჰგავს.
შენ გარეგნობას მოსახელე ბევრი ჰყოლია, შენი გული კი, ჯერ არავის გამოჰყოლია.
|
იმ მდიდარს ვგევარ, საგანძურს რომ თავზე აკვდება, თანაც ყოველ ჟამს შეუძლია სკივრის გაღება, მაგრამ სიხშირით ნეტარება რადგან ბლაგვდება, თავს იკავებს და თავდაჭერა ეამაყება.
დღესასწაულიც გვხიბლავს თავის იშვიათობით და ამიტომაც მობეზრება აღარ უქადის, არც გულქანდაში აასხამენ ალმასს ათობით, რომ ამ სიხშირით არ დაკარგონ ეშხი გულქანდის.
ჩვენ რომ გვაშორებს დრო, იმ მდიდრის სკივრს ედარება, ამიტომ, ვიცი, არასოდეს არ მომწყინდები, და არ არსებობს უმაღლესი სხვა ნეტარება, როცა უეცრად შენ ჩემს თვალწინ ამობრწყინდები.
ჩემდენ სიხარულს ქვეყანაზე ნეტავ ვინ იტანს: - შენთან ყოფნითაც ვნეტარებ და მოლოდინითაც.
|
რა უმოწყალოდ გამწყრომია ბუნების მადლი, სხეული ჩემი დაუქანცავს გზასაც სრულიად, შენს თავს მაშორებს დაძლეული ყოველი ადლი და ვიცი ეს დღე ხეტიალის დასასრულია.
ჩემი ცხენიც ხომ მერანია, როცა მხნედ არი, ახლა კი უმძიმს ჩემი სევდის ამოდ ტარება, იცის აღარსად მიიჩქარის მისი მხედარი, რადგან უშენოდ არ არსებობს გამოდარება.
ცხენს არ აღელვებს, როცა რისხვის ნაპერწკლებს ვკვესავ, ხმასაც არ იღებს, ფერდში დეზი თუ არ ესობა, და როს, ჟამიჟამ, აღმოხდება მწუხარე კვნესა, ჩემს დაჭრილ სულსაც დაეტყობა უარესობა,
რადგანაც ვიცი, რას მაუწყებს პირუტყვი ამ ხმით: "წინ ნაღველი და სიბნელეა, მზე დარჩა გაღმით".
|
« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|