მთავარი » ♥პოეზია♥
სატრფომ, ვისთვისაც დავდივარ ხელი, მკაცრად შემხედა ნესტოთ ბევრითა, ბაგემ, ნაძერწმა ტრფიალის ხელით უცებ დასძინა: "მართლა ვერ ვიტან!"
მაგრამ მყის იგრძნო კეთილშობილმა, რომ ვერ შევიძლებ ამის ატანას. ბაგენი მისი არც შობილან ამ განაჩენის გამოსატანად.
ბაგემ ახალი სიტყვაც მაჩუქა და ჩემს სიყვარულს აღარ ვემდური, თითქოს მზის სხივმა გამოაშუქა და ღამეც გაქრა ჯოჯოხეთური.
სატრფომ სიცოცხლე ისევ აღმითქვა - მითხრა: "ვერ ვიტან! თქვენზე არ მითქვამს!"
|
ორ სიყვარულში დავატყვევე ჩემი არსება: გულზედ ბოროტი ძალა მეფობს, სულზედ - კეთილი; კეთილს მოკეთე კაცთანა აქვს სრული მსგავსება, ბოროტს კი ქალის ნაკვთები აქვს გამოკვეთილი.
მე ჯოჯოხეთში მიმაქანებს მდედრი სატანა და იმ ერთადერთ ანგელოზსაც მტაცებს სულიდან, რასაც განგებამ განუწესა თავის გატანა დასაბამამდე არსებული აღსასრულიდან...
და მე არ ვიცი ჩემს სიცოცხლეს რა ძალა მართავს, რას დამახვედრებს განკითხვის დღეს ვნება გრძნეული, ჩემს მეგობართან ჩემი მტერი სიტყვას რომ ხლართავს, მეც მეძალება მგზნებარება ეშმაკეული!...
ოჰ, თუ სატანამ ჩემს ანგელოზს ხელი დარია და ახლა ისიც ჯოჯოხეთის ბინადარია?!
|
ვის არ უნახავს, კრუხს რომ დასდევს დიასახლისი, გარბის ქათამი, ვერ ეწევა მისი მდევარი, მტირალი შვილი მიუგდია იქვე სახლის წინ და ბავშვზე უკვე აღარ ფიქრობს დაუდევარი.
დედის კვალდაკვალ ბიჭუკელაც მიხტუნავს მარდად, გაჰკივის ბავშვი თვალზე ცრემლშეუშრობელი, მაგრამ უეცრად გაქცეული ფრთოსანის გარდა, უკვე ვერაფერს ვეღარ ხედავს მისი მშობელი.
შენც ოცნებები გიტაცებენ უცხო ფრთოსნებად, მე კი დამტოვე დატვირთული მუდამ დარდებით, ძვირფასო ჩემო, თუ მიაღწევ ნეტარ ოცნებას, დამიბრუნდი და მოფერებას ნუ დამზარდები.
შენი ოცნების ახდენისთვის მეც ვარ მლოცველი, მჯერა, რომ მერე მიპატრონებ დარდით მოცელილს.
|
ცოდვად ისა მაქვს, რომ შენს ტრფობას გულით ვატარებ, სიკეთედ ის გაქვს, მე რომ გძულვარ დაუფარავად, ჩემს გულს ცოდვიანს თუ საკუთარ გულს შეადარებ, მაშინ მიხვდები, სიძულვილის ღირსი არა ვარ.
ვიცი, სხვებისგან გაკილვას ვერ გადავურჩები, მაგრამ მე შენგან რა სინდისით გავიკიცხები?! ვერ მაგინებენ ალისფერი შენი ტუჩები, როცა თვითონაც ავხორცობენ თავდავიწყებით.
ნება მომეცი, რომ შენდამი ტრფობა მარადვჰყო, თუ საკუთარ თავს ნებას აძლევ სხვები გიყვარდეს, გთხოვ შემიბრალო, გულისათვის გულს ხომ არა გთხოვ, ეს სიყვარული შებრალებით გადამიხადე.
თუ სიბრალულით შენი გული არ აღივსება, შენც შებრალება არასოდეს არ გეღირსება.
|
სიმართლეს გეტყვი – მე თვალებით არ მყვარებიხარ, რადგან თვალებმა შენში ათას ცოდვას მიაგნეს, მხოლოდ გულია, სიყვარულით რასაც ხლებიხარ და მზერის წყვიდიადს რაც აბრწყინებს და აციაგებს.
არც იმას გეტყვი, სმენადქცეულს რომ მატკბობ ენით, არც ამ დაქცეულ დროს მავიწყებ თუნდაც დროებით, არც ვნებით მათრობ და არც მაცდურ სურნელთა ფენით მიხმობ რომ სადმე მოგიხელთო განმარტოებით.
ხუთივე გრძნობით მოგიძულე, მაგრამ ამაოდ – ეს ბრიყვი გული შენ კვალდაკვალ მაინც დაგყვება და იმ კაცს ვგავარ, ვისაც ქვეყნის სამასხარაოდ სულის ამოხდა მონობაში ეამაყება.
მე, მძიმედ სნეულს, ერთადერთი ის მაიმედებს, რომ ჩემი ცოდვა ტკივილს მხოლოდ ჩემთვის იმეტებს.
|
დაუნდობელო, ცოტა სიბრძნეც მონახე შენში, იცოდე ჩემი მოთმინების ძალი მოცვდება, შენი ჩემდამი სიძულვილი ჭკუიდან შემშლის და არვინ უწყის გულდაკოდილს რა წამოსცდება.
თუმც არ გიყვარვარ, სიყვარულის მითხარი ფიცი, შენი ტყუილიც ტრფიალების დარად მჭირდება. კარგმა ექიმმა მომაკვდავის დანდობა იცის და სარეცელთან სალაღობო დღეებს პირდება.
და თუკი მართლა შევიშლები, ვეღარ დავცხრები, აღარ შემრცხვება შენი ლანძღვა, შენი დასმენა, ამ ზნედაცემულ ქვეყნის თვალში გაილანძღები, რადგან მზადაა ავი ყური ავის სასმენად.
მაგრამ თუ გინდა გაპატიო მაინც ეგ ქცევა, თუმც არ გიყვარვარ, თვალი სხვისკენ ნუ გაგექცევა.
|
ვერ გავამართლებ ვერასოდეს მე შენს საქციელს: ჩემი ღალატი შენმა გულმა რადგან ინება, მაგრამ თაღლითო, მე სამასხროდ რატომ მაქციე, მაგ გამოხედვას მირჩევნია ლანძღვა-გინება.
სჯობს, რომ ვიფიქრო: შენმა გრძნობამ დღეს ამოხეთქა, დღეს უკვე მივხვდი, სიყვარულო, შენთვის ვინა ვარ, და რადგან იცი მე ვერ ვუძლებ შენს გამოხედვას, მზერას მარიდებ, სხვას იმეტებ გასაგმირავად!
სთქვი, რომ სხვა გიყვარს და მისთვის გაქვს გულის სამხილი, თვალს ნუ მარიდებ, თითქოს მართლა ვეღარ მიცანი, უმაგისოდაც ხომ კარგად ჭრის შენი მახვილი, მე შენგან თავი ხომ ისედაც ვერ დავიცავი.
უმაგთვალებოთ ყოფნას მაინც ვერ იტანს, მზერით მომკალი, დამიხსენი სატანჯველიდან.
|
როდესაც სატრფო ერთგულებას მიმტკიცებს ფიცი, ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერერბ სატრფოს, მინდა იფიქროს,_ამ ცხოვრების მე არა ვიცი და როგორც ჭაბუკს, ყოველივე მხიბლავს და მართობს.
მერე კი მჯერა, რომ მას სჯერა, ბავშვი ვარ წმინდა, თუმც კარგად იცის - სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს, მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა, ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.
სიმართლე ვიცი, მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ, სინამდვილისგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა? არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე, სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა.
ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად, რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.
|
ბრმა სიყვარულო, რად წამართვი სინათლე თვალთა, თუმც ვიყურები, აღარ ძალუძთ ხილვა ამ თვალებს, მშვენიერებას ხომ ყოველთვის ვხედავდი ნათლად, მაშ, სიმახინჯე სილამაზედ რატომ ჩავთვალე?!
მზერამ თვალები მოისყიდა უკუღმართები, ყველასთვის ღია მოუძბნა ნავსაყუდარი, თვალთა სიცრუემ გამოჭედა რკინის ხლართები, ჩემი გულისთქმის საბორკავი და სახუთავი.
ადგილი, სადაც ყველა ბრიყვი დაბოდიალობს, გულმა ნაკრძალად შეძლო მისი გამოცხადება, თქვენ ამას ხედავთ, მაგრამ ცდილობთ, თვალნოტიალნო, ამ გონჯი სახის გასაღებას ნამდვილ ხატებად.
ჩემთვის სიცრუე გადაიქცა ამ ბილწ მორევად, და აღარც გულის, აღარც თვალის ძალმიძს მორევა.
|
ჩემს სიახლოვეს სული შენი თუკი გიკრძალავს, უთხარ უგუნურს, რომ "სურვილად" მიცნობს ქვეყანა, ისიც უთხარი, რომ სურვილი ჰქვია იმ ძალას, ეს ჩემი გული შენ სანატრელ გულს რომ შეჰყარა.
მეც "სურვილი" ვარ, სხვა სურვილებს მინდა ვემგვანო, - ერთი კუნჭული მეც დამითმე შენს სასახლეში, გამიხსენ შენი სურვილეთი უკიდეგანო, - რომ ვერც ძველებში გამარჩიონ და ვერც ახლებში.
სხვათა ფერხულში მეც უჩინრად მინდა ვიარო, მსურს, შემივრდომო და დაღუპვას გადამარჩინო, არარა ერქვას, ოღონ შენად მეც მაღიარო, გავუჩინარდე, ოღომდ შენთვის დავრჩე საჩინო.
და შემიყვარებ მაშინ გრძნობით შეულახველით, რადგან, ძვირფასო, "სურვილს" ნიშნავს ჩემი სახელიც.
|
« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|