- სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო? სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო? დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო, ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!... შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო, შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო? შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო? - შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო! - ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო? - ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო! - ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო? - საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...
|