♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 8 » სამი ამბავი სიყვარულზე
10:42 AM
სამი ამბავი სიყვარულზე


ფსიქიკური ჯანმრთელობა – კეთილდღეობის მდგომარეობა სოციალური, სულიერი, კოგნიტური და ემოციური ასპექტების ჩათვლით; მდგომარეობა, როდესაც პიროვნება ავლენს და ახორციელებს საკუთარ შესაძლებლობებს, შეუძლია გაუმკლავდეს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესებს, შეუძლია, ნაყოფიერი მუშაობა და მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფსიქიკური ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის არქონა.

ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი ამ განმარტებას რამდენიმე დეტალს ამატებს: ”1910-1950 წლებში ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ”ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი" აღმოჩნდა მოსახლეობის 18-40%. დღეს ნათელია, რომ, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, ფსიქიკური აშლილობა ყოველ მეოთხე ადამიანს ემართება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ხშირად, ცხოვრებისეული ტრავმის შედეგია".

განსხვავება ფსიქიკურ პრობლემებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის არ არის მკაფიო და სიმპტომთა სიმძიმიდან, ხანგრძლივობიდან გამომდინარეობს. აქ გახსენდება პასკალი: ”ყველა შეშლილია და შეშლილობა იმდენად გარდაუვალია და აუცილებელი, რომ, დავუშვათ და, კიდევაც რომ გამოგვეჩხრიკა ვინმე შეუშლელი, ისიც თავისებურ შეშლილად უნდა შეგვერაცხა". ასეა, მაგრამ ბევრს ამგვარი დეფინიციის შიში აქვს. არადა, ადამიანები, უბრალოდ, უნდა გიყვარდეს.

ამბავი პირველი – საკრალური 1 პროცენტი
თავის დროზე ჰიტლერმა, ”არიული რასის გამოჯანმრთელების მიზნით", ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს სტერილიზაცია ჩაუტარა. მარტივი ლოგიკით, ამას ფსიქიკური პრობლემების მქონეთა რაოდენობა ჯერ უნდა შეემცირებინა, შემდეგ კი, საერთოდ მოესპო. ამ ”ექსპერიმენტმა" შედეგი ვერ გამოიღო - ფსიქიკური აშლილობის მქონეთა რიცხვი არც კი შემცირებულა.

ფსიქიატრები გეტყვიან, რომ მსოფლიოში სტაბილურად არსებობს ადამიანების 1 პროცენტი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. 1 პროცენტს აღწევს მათი რიცხვი კონკრეტულ ქვეყნებშიც, მიუხედავად მათი განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. დრომ და კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ, ფსიქიკური აშლილობის მქონენი ქალაქებში უფრო მეტნი არიან, ვიდრე სოფელ ადგილას – იქ, სადაც ნაკლებია სტრესი და ურბანისტიკა.

ფქისიატრი არჩილ ბეგიაშვილი მიყვებოდა: ”ის, რომ, მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებული ერთი მშობლის შემთხვევაში შვილის დაავადების შანსი 8 პროცენტია, შიზოფრენიით დაავადებული ორივე მშობლის პირობებში კი – 40 პროცენტი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მემკვიდრეობითობა ამ დაავადებას ახასიათებს, მაგრამ ეს მაინც არ არის მხოლოდ გენეტიკური დაავადება. საქმე გვაქვს ენდოგენურ დაავადებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლიდან შვილს გადაეცემა შიზოფრენიისადმი გარკვეული განწყობა, თუმცა დაავადება შეიძლება გამოვლინდეს, შეიძლება – არა. ასე ვთქვათ, ჯანმრთელი მშობლებიც კი არ არიან დაზღვეულნი იმისგან, რომ მათ შვილს ფსიქიკური აშლილობა ექნება, რადგან ამ დაავადების მექანიზმი გაშიფრული არ არის.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ, რაც უფრო შეზღუდულია ადამიანი თავის უფლებებში, მით მეტია მასში აგრესია. როცა თავისუფალია, იმის შესაძლებლობაც აქვს, საკუთარი რესურსები გამოიყენოს, ამ ადამიანებს კი, სერიოზული რესურსები აქვთ, ისინი არ არიან საზოგადოებისთვის დაკარგულები. მთავარია, საზოგადოებამ შეუქმნას მათ ნაკლებად სტრესული პირობები. საქმე გვაქვს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილთან, რომელსაც, ავადმყოფობის გამო, დაკარგული აქვს ბრძოლის, საკუთარი თავის დაცვის უნარი. რაც უფრო მაღალია ადამიანში მიდრეკილება დაავადებისადმი, მოწყვლადობა, მით დაბალი ხარისხის სტრესია საჭირო მის გამოსავლენად და – პირიქით".

შიზოფრენია ქრონიკული, მულტიფაქტორული დაავადებაა. ახასიათებს ფსიქიკური ფუნქციების სპეციფიკური ცვლილებები. მეტწილად იწყება ახალგაზრდულ ასაკში. უპირატესად მიმდინარეობს შეტევების სახით, რომელთა შორისაც სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ხარისხის რემისია აღინიშნება. მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 45 მილიონ ადამიანს 18 წლის ასაკის ზემოთ ჰქონდა დასმული შიზოფრენიის დიაგნოზი. შიზოფრენიით დაავადებულია მოსახლეობის 0,2-2%. ავად გახდომის რისკი შეადგენს 0,5-1%-ს.

1951 წელს ამერიკაში მშობელთა მცირე ჯგუფმა, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, დააარსა ასოციაცია HARC (Hartford Association for Retarded Citizens). ასოციაციის ისტორიაში ბრწყინვალე პრეცენდენტი დაიშვა: 1995 წელს პემი და კლოდი დაქორწინდნენ. პატარძალს ცერებრალური დამბლა ჰქონდა, ნეფეს კი – მენტალური პრობლემები. მათი ქორწინება წარმატებული გამოდგა, ვინაიდან ერთმანეთის მიმართ მზრუნველობა, პატივისცემა და ისეთი არსებითი ელემენტები აქვთ, რაც ხშირად ჩვეულებრივი ადამიანების შეუღლებას აკლია.

ის, რაც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მშობლებსა და ახლობლებს მსგავს ქორწინებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად აფიქრებს, სექსუალობის საკითხია: ბევრი ასეთი ადამიანი ისე შედის ასაკში, რომ სექსუალობის შესახებ არაფერი გაუგია. ამ თემაზე მათთან მეტი ლაპარაკია საჭირო, ვინაიდან სიახლოვის სურვილი მათაც მიენიჭათ. თავიანთი მშობლებისა და ნათესავების ჩახუტება და კოცნა უკვე აღარ არის საკმარისი - ისინი ზრდასრულები ხდებიან და იშვიათად თუ აქვთ ვინმეს გაცნობის შესაძლებლობა.

თუმცა სექსუალობაში ბევრად მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ სექსი - ურთიერთობის საჭიროება, საუბარი, ნდობა, სიყვარული და ურთიერთდაფასება. საბედნიეროდ, პემსა და კლოდს ეს ღირსებები აქვთ და დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ. როდესაც მათ ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტეს ქორწინება და მეგობრებად არ დარჩნენ, კლოდმა უბრალოდ თქვა: ”მე მასთან ყოფნა მინდა. პემთან ერთად მინდა გავატარო ცხოვრება".

ამბავი მეორე – ღვთიურივი დაავადება
სიტყვა ”ეპილეფსია" წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან ”epilambanein" და ნიშნავს ”მოულოდნელობით შეპყრობილს". ეს სახელწოდება დაავადებას მისცეს მისთვის ასე დამახასიათებელი კრუნჩხვითი გულყრის გამო, რომელიც ადამიანს ნებისმიერ ასაკში, დროსა და ადგილზე შეიძლება განუვითარდეს. ეპილეფსია არის თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, გამოწვეული თავის ტვინის ნეირონების სრულიად უნებლიე, არაადეკვატური, ადამიანისგან დამოუკიდებელი აღგზნებით და შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასისა და სოციალური ფენის წარმომადგენელს. იქამდე, ვიდრე მეცნიერება ამ დასკვნამდე მივიდოდა, ეპილეფსიას წარმოშობის უამრავი მიზეზი და სახელი მოუძებნეს.

უძველესი ცნობები ამ დაავადების შესახებ ადრეულ ბერძნულ მითოლოგიაში მოიპოვება. ერთ-ერთი მითის მიხედვით, ეპილეფსიით იყო შეპყრობილი ჰერკულესი, ამიტომ ბერძნები მას ჰერკულესის დაავადებას უწოდებდნენ. ძველ რომში ეპილეფსიურ გულყრას იდუმალ ძალებს უკავშირებდნენ და, თუ რომელიმე სენატორს შეკრებაზე გულყრა განუვითარდებოდა, ამას ღვთის რისხვას მიაწერდნენ და სენატის არასწორი მსვლელობისა თუ გადაწყვეტილებების მაუწყებლად მიიჩნევდნენ. აქედან მოდის ეპილეფსიის კიდევ ერთი დასახელებაც - ”კომიტეტის დაავადება". მოგვიანებით ეპილეფსია ცნობილი იყო, როგორც ”ღვთაებრივი დაავადება", ”ვარსკვლავთა დაავადება", ”მთვარის დაავადება".

გუსტავ ფლობერი, აგატა კრისტი, თეოდორ დოსტოევსკი, ლუის კეროლი, ჯორჯ გორდონ ბაირონი, ჟან-ბატისტ მოლიერი, ჰელმ ჰოლცი, ალფრედ ნობელი, ვინსენტ ვან გოგი, ჟანა დ’არკი, კარდინალი რიშელიე, რომის პაპი პიუს მეცხრე, ნაპოლეონ ბონაპარტე, ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი... ამ სიის გაგრძელება შეიძლება. იმ კვალის გარდა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში დატოვეს, ამ ადამიანებს კიდევ აქვთ საერთო - ყველა მათგანს ეპილეფსია ჰქონდა.

”ეს ადამიანები ამ სიას, ალბათ, არასოდეს შეადგენდნენ, კუჭის წყლული რომ ჰქონოდათ. ეს არც გვეცოდინებოდა. ეპილეფსია რომ ჰქონდათ, ვიცით. აღვნიშნავთ – ესეც სტიგმაა. დაუკვირდით, თუ არა...” - ასე თქვა ჩემმა რესპოდენტმა, თეამ, როცა ეპილეფსიის შესახებ მასალს ვწერდი. იგი ერთ-ერთი გახლავთ იმ 40 ათასიდან, რომელსაც საქართველოში ეს დიაგნოზი დაუსვეს.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, სოფიო კასრაძემ მითხრა: ”გავრცელებული ცრურწმენები იმის შედეგია, რომ საზოგადოებას არა აქვს სწორი ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ. ეს არის დაავადება, რომელიც შეიძლება გავითარდეს ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს. ეპილეფსიურ გულყრას იწვევს თავის ტვინის ნეირონების ზეზღურბლოვანი აღგზნება, რასაც სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.

ეპილეფსიური გულყრის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს უძილობამ, ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ, ნარკოტიკების მიღებამ, სტრესმა, არასრულფასოვანმა კვებამ – მინერალური შრის დარღვევა იწვევს გულყრის აქტივაციას, სხვადასხვა ინფექციურმა დაავადებებმა - ტუბერკულოზურმა, ვირუსულმა, - ყველანაირმა, რომელიც მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ასევე – ნეიროინფექციებმა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანი ამ საფრთხეებისგან დაცულია, ალბათობა იმისა, რომ ეპილეფსიური გულყრა განუვითარდეს, არსებობს - გააჩნია, რა გამაღიზიანებლის წინაშე აღმოჩნდება. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 5 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს განცდილი ეპილეფსიური გულყრა".

ასეთ მდგომარებაში ადამიანს, როგორც წესი, არ ახსოვს, რა ხდებოდა მის თავს, გარეშე მყოფთათვის კი მისი ქცევა უჩვეულო სანახავია, - ეპილეფსიურ გულყრას შეიძლება ახლდეს ხელების, ან თვალების მოძრაობა, ყვირილი, სიარული, გაუგებარი ხმების გამოცემა, და ა.შ. ეს იმაზე დამოკიდებული, ტვინის რომელ ნაწილში მოხდა ნეირონების ზეზღურბლოვანი აღგზნება. როცა არ იცი, რასთან გაქვს საქმე, ასეთმა სურათმა, შეიძლება დაგაბნიოს. არც ერთი კვლევით არ დასტურდება, რომ ეპილეფსია აგრესიულ ქცევას იწვევს. თუმცა, ვითარება, რომელიც ეპილეფსიით დაავადებულთა ირგვლივ, საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო იქმნება, რეალობას ფერს უცვლის.

თეას დედა ექიმი ჰყავს და დიაგნოზს – ეპილეფსია, ბევრისგან განსხვავებით, მარწუხებში არ მოუქცევია. გოგონა სახლში არ ჩაუკეტავს, გახსნილი ცხოვრების საშუალება მისცა, მით უმეტეს, რომ სწორი მკურნალობის შედეგად, მისი გულყრები აბსოლუტურად კუპირებულია. თეას ჰქონდა ჩვეულებრივი სასკოლო და სტუდენტური ცხოვრება. აქვს პროფესია, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიაჩნია და სამსახური. იქ არ იციან, რომ თეას ეპილეფსია აქვს. როგორც ამიხსნა, ამაზე საუბრაი საჭიროდ არ ჩათვალა:

- ”არ არის ამაზე ხაზგასმით ლაპარაკი საჭირო. არც ხაზგასმაა სჭირო და არც სტიგმატიზება – რაღაც ბალანსი უნდა არსებობდეს. ჩვენთან ერთი უკიდურესობაა – ეპილეფსიის თემა ხალხში სტიგმატიზებულია, საზღვარგარეთ მეორე უკიდურესობაში ვარდებიან - ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მაინცდამაინც საშიში დაავადება. ალბათ, იმიტომ ეშინიათ ეპილეფსიის, რომ... შეტევის მომენტი ცუდი დასანახია... თუმცა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის კომატოზური მდგომარეობაც არ არის სასიამოვნო დასანახი".

თეა იმედოვნებს, რომ, საზოგადოების მეტი განსწავლულობის პირობებში, მას და მისნაირებს ცხოვრება გაუადვილდებათ: ”როცა იქნება საჭირო, სასურველ მამაკაცსაც ვეტყვი, რა თქმა უნდა. ვერ ვიტყოდი, რომ მამაკაცთან ურთიერთობას ვარიდებ თავს იმის შიშით, რომ ეს საუბარი ავიცილო. თუკი ადამიანებს ეცოდინებათ, რა არის ეპილეფსია, სტიგმაც სულ უფრო ნაკლები იქნება და ჩვენც უკეთ ვიცხოვრებთ... მე ვცდილობ, ვილაპარაკო ამ თემაზე ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, ვცდილობ, აზრიც შევაცვლევინო ადამიანებს. ბევრს ჰგონია, რომ თანაგრძნობის გამოხატვა ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. ასე არ არის. ჩვენ შებრალება არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა, მიგვიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ".

ამბავი მესამე – მშვენიერი სამყარო
ფსიქიატრიაში გამოიყოფა ნიშანთა ერთობლიობა, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი - სოციალური ურთიერთობების შემცირება, ან ხარისხობრივი გაუარესება; მეორე - სპეციფიური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება, სიტყვათა მარაგი არც იყოს შემცირებული, მაგრამ მათი საშუალებით მეორე ადამიანთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება); მესამე - გამეორებადობა, სიახლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.

ფსიქოლოგმა ქეთი მაყაშვილმა აუტიზმი ასე ამიხსნა: ”ჩვეულებრივ, აღქმისას, ადამიანს შეუძლია გამოჰყოს რაღაც, რაღაც მოვლენა რაღაც აზრით დატვირთოს - გახადოს უფრო მნიშვნელოვანი, ან – პირიქით. აუტისტებს ეს არა აქვთ, ისინი რჩებიან იმ აღქმის ველში, რომელიც ბავშვს თავიდან აქვს, - თავიდან ხომ ბავშვი გაცილებით სრულად და დაუნაწევებლად იღებს ყველაფერს, იგი პირდაპირ ჩართულია მოვლენათა ველში, როგორც შემადგენელი ნაწილი. შემდგომში, ზრდასთან ერთად, ივიწყებს რაღაცებს, უარს ამბობს რაღაცებზე, გამოარჩევს რაღაცებს.

სოციალური პირობითობები აუტიზმით დაავადებულისთვის არის მიუღებელი. ძალიან უჭირს გაიგოს ჩვენი სოციალური, კულტურალური რიტუალები. ვთქვათ, მოსწონს თქვენი კანი - მას განარჩევენ მილიონი სხვა კანისგან ისე, როგორც ვერავინ სხვა, იპოვის საოცარ ნიუანსირებას, - და, თუ მოსწონს, არ ესმის, რატომ არ შეიძლება შეეხოს მას? რატომ არის ამისთვის საჭირო რაღაც რიტუალების ჩატარება - რაღაცის თქმა, სიყვარულიხ ახსნა და ა.შ.

ბავშვიც ასეთი იბადება. ასეთად ყოფნაა მისი გადარჩენის სტარეტეგია, - იქამდე, ვიდრე სოციალურ სტრატეგიებს შეითვისებდეს, პირველად დონეში, რეალურ მოცემულობაში უნდა გაერკვეს. ამიტომ არის ძალიან პატარა ბავშვის უნარები გაცილებით მაღალი. რა თქმა უნდა, იქამდე, ვიდრე ეს უნარები დაეხურება, ვიდრე სოციალური თანამონაწილეობა და მისი უდიდესი ბერკეტები გაიხსნება მისთვის. ეს უფრო ძლიერი ბერკეტებია და აუტისტს ისინი არა აქვს.

არსად წამიკითხავს, მაგრამ, სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობის შედეგად, გამიჩნდა აზრი, რომ აუტისტს არა აქვს ის, რასაც შეიძლება ეწოდოს რწმენა. რა არის რწმენა? - რაღაც ისეთი, რაც პირდაპირ, უშუალოდ არ მოგეცემა, რასაც ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ, რომ უფრო მაღალ დონეზე გეძლევა. აი, ეს არა აქვს აუტისტს, - ის ყოველთვის არის პირველად რეალურ დონეზე, ვერ ელევა პირველად საყრდენებს, არ სტოვებს მათ და, იმის ნაცვლად, რომ ენდოს სხვას, ისწავლოს სხვა, ისწავლოს მასთან ურთიერთობა, რჩება საკუთარ სამყაროში, იქ არსებულ სტრუქტურებში - მოხიბლულია ამით."

როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუტიზმი მკაცრად გენეტიკური არ არის და ორი წლის ასაკამდე აუტიზმის იდენტიფიცირებაც, ფაქტობრივად, არ ხდება. ბავშვები ძალიან თვინიერები არიან და პრობლმებს არ ქმნიან. შემდეგ, როცა უსვამენ მშობლებს კიხვებს, ისინი იხსენებენ, რომ პატარას შეეძლო, მაგალითად, საათობით ეცქირა ხალიჩისთვის, ან რადიოლას ნათურისთვის, არ მოეთხოვა ჭამა, თამაში და ა.შ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ჰქონდა ე.წ. ”გამოცოცხლების სინდრომი". ეს არის ბავშვის რექცია მასზე დახრილი დედის სახეზე - ამ დროს პატარა ფართხალს იწყებს. აუტისტ ბავშვებს არა აქვთ ეს კონტაქტი დედასთან, მაგრამ ამას მშობლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას. მოგვიანებით ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რომ პატარა, ხელში აყვანისას, არც დედასთან ჩახუტების სურვილს გამოხატავდა. რაოდენ უცნაურიც უნდა ჩანდეს, ამ ნიუანსებს დედები უყურადღებოდ ტოვებენ.

ზრდისთვის დამახიათებელ ახალ ეტაპზე გადასვლის შეფერხების გამო არის აუტიზმი სწავლის უნარშეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა. თუმცა, ამ ადამიანების უნარები, ხშირად, ფენომენალურია. მაგალითად, შეუძალიათ 200-ნაწილიანი ნახატი იმაზე გაცილებით სწრაფად ააწყონ, ვიდრე ამას ჩვენ გავაკეთებთ, გაზეთის ან წიგნის გვერდზე მოცემული ინფორმაცია სიტყვა-სიტყვით, მთლიანობაში დაიმახსოვრონ - აუტისტური გადამუშავების ტიპისთვის ეს დამახასიათებელია. ეს უნარები, ერთის მხრივ, არის მათი ძლიერების, მეორეს მხრივ კი სისუსტის საფუძველი.

ქეთი მაყაშვილს ასე მიაჩნია: ”აღქმის სფეროში მათ აქვთ დიდი პრობლემები, თუ მიღწევები. შესაბამისი პირობებისა და ინტელექტის მქონენი, ამ უნარების გამოყენებას ახერხებენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან კარიერაში, ჰყავთ ოჯახი, შვილები, რაღაც ოდენობით ადაპტირდებიან, თუმცა, მუდმივად განიცდიან სირთულეებს ურთიერთობებსა და მეორე ადამიანის აღქმაში. მათ აქვთ ის ძირითადი რადიკალი, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს და, ადრე თუ გვიან, იგი თავს იჩენს".

არის ქვეყნები, სადაც აუტიზმი ოთხ კედელს შუა გამოკეტილს დიდი ხანია აღარ ნიშნავს, საქართველოსთვის კი ეს თემა ჯერ მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებში განიხილება. ყველა – აქაც და განვითარებულ მსოფლიოშიც აღნიშნავს, რომ აუტისტები უჩვეულოდ ლამაზები არიან, არამიწიერი სახეებით... რომ, თუ შენი მზერა დაიჭირეს - რაც ძალზე იშვიათად ხდება – ე.ი. დაინტერესდნენ შენით, ე.ი. წინ დიდი ნაბიჯია გადადგმული.

ჩემი სეხნიას სამყაროში, რომლის დიაგნოზიც აუტიზმია, არაჩვეულებრივი ფერებია. ჯერ ეგონათ, რომ ფერებს საერთოდ ვერ არჩევდა, მაგრამ, თურმე – არა, თურმე, მის სამყაროში ფერებს ამ სამყაროსავით ფაქიზი სახელები აქვს - თეთრს თოვლისფერი ჰქვია, შავს - ღამისფერი... პოეტურია, არა? ლექსებს არ წერს, მაგრამ ხატავს, აუტისტისთვის დამახასიათებელი მხატვრობით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაჩვეულებრივად მღერის. გემოვნებიანი მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება ის გასაღები აღმოჩნდა, რომელმაც მშობლებს მაკას სამყაროში შეხედვის საშუალება მისცა.

როცა ქუჩაზე გადადის, მაკაც ისევე, როგორც ყველა აუტისტი, ცდილობს ხელი ჩაგჭიდოს, ჩაგებღაუჭოს. თურმე, როცა სითბოს, სიყვარულის გამოხატვა უნდა, მაშინაც გებღაუჭება, ხელს გიჭერს, თანაც ისე, რომ შეიძლება გატკინოს... მე არა ვარ ფსიქოლოგი, არც ექიმი, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ სიყვარული - დედის, მამის, და-ძმების, ბებია-ბაბუის, სხვების და სხვების - მათთვის უცხო არაა. უბრალოდ, ამას შედარებით ძუნწად გამოხატავენ, როცა მათ სამყაროს მიუკაკუნებ, თავადაც სითბოთი და სიყვრულით, როცა აგრძნობინებ, რომ თოვლისფერი და ღამისფერი ყველაზე ნაღდი ფერებია დედამიწის ზურგზე და ამის მიხვედრა არასოდესა არ არის გვიან.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1651 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 0:59 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 44
სტუმარი: 44
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024