მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ბრმად მლოცველებმა ამაყი რწმენის ალესილ ფრჩხილებით თავისუფალთა ღირსება დაკაწრეს და მონათლული შობისას შვილები სამგლოვიარო თავშლებში აღზარდეს, მოინანიეს ისეთი ცოდვები, რომ ღვთის წყალობა დალიეს ბოლომდე, მარმარილოთი,რკინებით,ბროლებით, ცათა შეწევნით სამყოფელს გლოვობენ. მბრძანებელთათვის მონობენ მონები, მაგრამ მეფენი მონათათვის კი არ მეფობენ... თქვენ ბრმად მლოცველნო,სიწმინდე გაცდენთ თაყვანის ღირსი, რადგან არ იცით,რომ ცოდვილთათვის აგებენ ტაძრებს და არა ღვთისთვის.
|
მენატრებოდი, ისე ძლიერ მენატრებოდი, რომ ღამისეულ სიზმარეთში მსტუმრობდი მუდამ... მენატრებოდი, ტკივილამდე მენატრებოდი, ამქვეყნად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა...
მენატრებოდა შენი ფართო თვალების ცქერა... და ოცნებებით შენს ფიქრებთან შეხვედრა მსურდა, მსურდა გამეგო, წუთით მაინც თუ გაგახსენდი, ჩემი ალერსი, მოფერება ნუთუ არ გწყურდა?
მომნატრებია ყველაფერი, რასაც ატყვია შენი შეხება, მოკრძალება, მზერა ბავშვური... მომნატრებია ყველა გრძნობა და ყველა განცდა, რაც სიყვარულის ძალით არის ცაში ასული.
შორსა ხარ ძლიერ... ვეღარასდროს მოგაწვდენ სითბოს... ალბათ ეს ლექსიც არაფრისთვის დამიწერია... გული მათბობდა, გული გახდა ჩემი მეუფე, გული, რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია....
|
არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს, მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად. მე დღესაც ასე იოლად მომკლეს და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.
რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად, რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს, რომ გახელილი თვალებით მძინავს, ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!
თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს, ასეთი იყო განგების ნება, რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს, მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.
არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს, არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო. მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.
|
გალაკტიონს ნუ მიკითხავ ,დამღალა. გაიტანეთ ოთახიდან წიგნები! ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები. მინდა შენი ფერიების სიმღერა, რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე. დამასიზმრე მზის ფიალა სხივება, მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე. დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური, ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე. გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის, ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე. ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა, ოთახიდან გატანილი სამყარო. სახარებას ნუ მიკითხავ,დამღალა... მზეზე მინდა გესაუბრო,მაღალო! მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო, მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი, მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო, ზეცა მინდა,ოღონდ ფეხქვეშ თელილი. მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს. იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა, თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო. დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა, დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები. ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.
|
ისევ თქვენ გწერთ,გევედრებით ნება დამრთეთ კიდევ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ, არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ თუ ამ წერილს წაიკითხავთ,ქალბატონო. გაწყენინეთ?თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი, თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ მაპატიეთ,მეკადრება,ბოდიშს გიხდით, მომიტევეთ,მომიტევეთ ქალბატონო. მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები, მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ, დამიჯერეთ,ყველა წმინდანს გეფიცებით, დაგივიწყებთ,მეც ოდესმე დაგივიწყებთ. რაც კი დარჩა უთქმელი და სამახსოვრო, ეხლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით, ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ, აი,სწორედ ,სწორედ მაშინ შემიყვარდით. ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო,მომაგონდით, უცნაური მწუხარებით,მკრთალად,მღვრიედ, გახსოვთ ის დრო,ყველაფერს რომ მპატიობდით, ეხლა კიდევ,ეს წერილიც მაპატიეთ. ვწუხვარ... უკანასნელ სალამს განდობთ, ეხლა უნდა სამუდამოდ მიგატოვოთ, მაპატიეთ,მომიტევეთ,დიდად გმადლობთ, დიდად გმადლობთ,რომ მიყვარდით ქალბატონო...
|
მე თქვენ გიძღვნიდით უმანკო მზერით ბინდისფერ თვალებს,ოცნებებს,სიზმრებს. მე ვიყავ მეფე და დიადემით მოკაზმულიყო გრძნობათა სიბრძნე. თვალახვეული შეცნობის პირას დგას თქვენი ანრი ტკივილით,დაღლით. მას დიადემა კიბეზე მიაქვს, მას ცარიელი დახვდება ტახტი. ის მორჩილებით სინანულს დასძლევს, ჩაიკეცება ლოცვებში ფრთხილად, სიყვარულისთვის დანგრეულ ტაძრებს უფრო დიადი სიწმინდე ჰქვია. მეც ეშაფოტზე სიწმინდე გამაქვს, გამეფებული გრძნობათა სიბრძნით. ვგრძნობ საფეთქელთან სასტიკ იარაღს და თქვენ ,ძვირფასო,გასროლას გიძღვნით.
|
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს, რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების... რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს, რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა. ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს, იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.
დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს, დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს, ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს, ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.
|
ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვს მაღლა ანგელოზს?! მე სულ სხვა ნათელს,სულ სხვა სითბოს ტრფობით შევცქერი. სულელი წვიმა არის ჩემი მიქელანჯელო, ფანჯრის მინაზე ქალწულივით დნება შედევრი. სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ სხეულს ვიშორებ. დროის ჯალათებს რად აუტყდათ რეკვა ზარების?! მე სულ სხვა სევდით ოცნებების მომკლავს სიშორე, თვალდახუჭული ცის კამარას მივეკარები... თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს ვფანტავ ქარდაქარ, დაიფანტება მტვრის გენია მოკლულ სივრცეში. ო,მერი,მერი,მერი,მერი, მერი,მერი...მიყვარხარ! და გალაკტიონს ვიწვევ დუელში.
|
რად აგიჩემე არ ვიცი , რად გაგიმწარე საწუთრო.. არც მემეტები დაგკარგო, არც მინდა დაგისაკუთრო... არ მინდა, რადგან ვაი თუ სულ გავიწირო ბედისგან, ჩვეულებრივი გახდე და ვერ გაგარჩიო სხვებისგან... ამიტომ ისევ ჯობია ასე შორიდან გხედავდე, მთელი სიცოცხლე ვიარო, ვერ მოვაღწიო შენამდე....
|
დაუკითხავად თუ შემიყვარდი, თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე, მიყვახარო თუკი გამოგიტყდი, სული აგიშფოთე, მაპატიე... ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა, მაგრამ შარაგზაზე გავათიე, წინ მე შენი სახე მომიძღვოდა და თუ აქაც შევცდი, მაპატიე... ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე, მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე, შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე... შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს, შენზე დარდი თუ დავარბიე, რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი, დამნაშავე ვარ და მაპატიე...
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|