დასასრული
გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით, გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს, გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს. . . . სულ ცოტა დარჩა დასასრულამდე, ცოტაც და, ჩვენს მზეს სული ამოუვა; მდინარეებიც გაჩერდებიან, - დავიქანცეთო, - დაიჩივლებენ; ჩვენი ქარებიც დაიძინებენ, ჩვენი სარკმლებიც ჩაღამდებიან. ყველაფერი ჩათავდება, ჩანავლდება, ჩაქრება... მეხსიერებაც, რასაც ჟამისგან განწირულები თავს ვაფარებდით; მეხსიერებაც - სადაც დევნილნი, ცივ და წვიმიან ამინდებში ვიყუჟებოდით; მეხსიერებაც რკინის ფარცხით ჩაიფარცხება. არ შეგეშინდეს! მზე ჩაქრება, მთვარეც ჩაქრება, მდინარეებიც გაჩერდებიან, ვარსკვლავებიდან ძირს ვეშვებით, არ შეგეშინდეს! . . . გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით, გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს, გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.
|