რომელ კანონში წერია?!
გარდაისახე პირჯვარი, შავი შეკაზმე ცხენია, ქამანდი სტყორცნე ლემადეს, წამით დაკეცა ფრთენია, - შენად იგულვე!.. იმას კი... კვლავ ცხრა მთა გადუფრენია: მინდორში ქარის დაჭერა... რომელ კანონში წერია?!
*** გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი, ფარჩები, აჰა, ფლასებად შლილა! სად არს ნათელი შენი უებრო, კვლავაც უძღოდეს გაზაფხულს წინა? სად არს ნათელი?
*** შემოგღაღადებთ სამადლობელს ძალთა ცისათა სულ მცირე ჟამის, წუთიერის სისავსისათვის: ადგა ყვავილნარს ანგელოსთა მჭვირვალე ჩრდილი, ლაღად ყვაოდა საუკუნო სამეფო მტილი!
აჰა, ისევე!
ვარსკვლავნი ჩაქრნენ, ცათაფრენა თითქოს... არსაით! მოზღვავდა ბნელი, მაგრამ ეს ხმა, ეს ხმა ვისია? მარადისობავ, სით მეწევი? აჰა, ისევე ცის დასალიერს მირიადი დაჩნდა ვარსკვლავი!
*** დროთა ველურთა შემობრუნებავ, ჰა, შენეული მახვილ-ისრები... ამხედრებულან ისევ ჰუნები, ქარს მოჰკივიან მინდვრად ისევე! ქრიან ცხენები არაბ-მონღოლთა, სისხლიან გზებით მოთქარუნობენ... აღარ თავდება ჩვენი გოლგოთა, დროთა ველურთა შემობრუნებავ!
|